იტალიური მედია სკანდალური საქმის დეტალებზე წერს, რომელიც საქართველოს უკავშირდება - ჩივასოს რაიონში, ერთ-ერთ ფერმაში 2 წლის გოგონა იპოვეს 55 წლის მამაკაცთან ერთად, რომელიც ბავშვის მამად აცხადებდა თავს. გამოძიება მას მერე დაიწყო, რაც დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მამაკაცს ბავშვთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ ჰქონდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უკვე ბევრი რამ გაირკვა. მათ შორის ისიც, რომ გოგონა მამაკაცმა 2023 წელს, თბილისიდან ჩაიყვანა.
ბრალდებულია ვეროლენგოს მცხოვრები, უმუშევარი მამაკაცი, რომელიც წარსულში ცნობილ ქარხანა Thyssenkrupp-ში მუშაობდა.
ეჭვი საქართველოში იტალიის საელჩომ შეიტანა, რის შემდეგაც საქმეში ივრეას პროკურატურა ჩაერთო. პროკურორმა ჯულია ნიკოდემიმ მამაკაცს დნმ-ის ტესტის ნებაყოფლობით ჩატარება სთხოვა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. საბოლოოდ, ტესტი სასამართლოს განჩინებით, იძულებით ჩატარდა. შედეგი ცალსახა იყო: მამაკაცი ნიკოლის მამა არ არის.

პროკურატურა, გაბრიელა ვილიონეს ხელმძღვანელობით, ამჟამად "სამოქალაქო მდგომარეობის გაყალბების" მუხლით მუშაობს, თუმცა საქმეში ფიგურირებს გაცილებით მძიმე მუხლიც - ბავშვებით ვაჭრობა.
გამოძიების ხელთ არსებული ფაქტები ბევრ კითხვას აჩენს:
არავითარი კავშირი: მამაკაცის ტელეფონსა და კომპიუტერში არ მოიძებნა დედასთან კონტაქტის არანაირი კვალი - არც შეტყობინებები, არც ერთობლივი ფოტოები.
გამოგონილი ისტორია: ბრალდებული ამბობდა, რომ ქალი კვიპროსზე დასვენებისას გაიცნო, თუმცა მისი მოგზაურობის ისტორია ამ ვერსიას არ ადასტურებს.
ფინანსური გაურკვევლობა: უმუშევარი მამაკაცი ამტკიცებს, რომ ბავშვის შენახვა მამისგან დატოვებული მემკვიდრეობით შეეძლო.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა ბავშვი აღსაზრდელად თბილისში იყიდა ბავშვის დედისგან, თუმცა გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ბავშვს მზრუნველობას არ აკლებდა და გოგონა კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იპოვეს, კანონის წინაშე ის უცხო პირია. ნიკოლი ახლა 2.5 წლისაა. ტურინის არასრულწლოვანთა სასამართლომ მას უკვე შეურჩია შვილად აყვანის მსურველი ოჯახი.
რაც შეეხება ბიოლოგიურ დედას, იტალიელმა სამართალდამცველებმა ყაზახეთში, ჟამბილის რეგიონში მისი საცხოვრებელი მისამართი დაადგინეს, თუმცა ის იქ არ აღმოჩნდა, შესაბამისად, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
ამ თემაზე Ambebi.ge საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც პასუხს ველოდებით.
სტატია მომზადებულია იტალიურ წყაროზე დაყრდნობით.