მისი ცხოვრება ირანის უახლეს ისტორიას ჰგავს - იყო დრო, როდესაც ამ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ ყველაზე ცნობილი ქალი იყო, მას ეძახდნენ "ირანის ბულბულს“ და ირანული პოპ-მუსიკის ლეგენდას. ის იყო იმჟამინდელი ირანელი ქალების ეტალონი, თუმცა ყველაფერი შეიცვალა...

ქალი, რომელსაც მსოფლიოში გუგუშის სახელით იცნობენ, სინამდვილეში ფაიგე ატეშინია (Faige Atəşin) - ირანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი და მსახიობი, რომელიც ქვეყანაში რევოლუციის, აკრძალვების, პატიმრობისა და ემიგრაციის ფონზე, დღემდე თავისუფლებისა და კულტურული წინააღმდეგობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ფაიგე 1950 წელს თეირანში დაიბადა. მისი ოჯახი აზერბაიჯანული წარმოშობის იყო - მშობლები საბჭოთა აზერბაიჯანიდან გადავიდნენ ირანში. მამა საბირ ატეშინი, თეატრის მსახიობი და აკრობატი იყო. სწორედ მამის გავლენით პატარა ფაიგე ძალიან ადრე მოხვდა სცენაზე. შვიდი წლის ასაკიდან უკვე ფილმებში იღებდნენ. 13 წლამდე ასრულებდა საბავშვო როლებს.
ზრდასრულ ასაკში მისი პირველი ნამუშევარი იყო 1965 წელს შესრულებული როლი ფილმში "ეშმაკი“. მან ითამაშა 25-ზე მეტ ფილმში, რომელთაგან ერთ-ერთი „ გრძელი ღამე“ განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. 1960-იანი წლებიდან ის უკვე პოპულარული მომღერალი იყო.

1970-იან წლებში კი გუგუში ირანის პოპ-მუსიკის უდიდეს ვარსკვლავად იქცა.
მისი წარმატება რამდენიმე მიზეზს უკავშირდებოდა: ძლიერი და ემოციური ხმა; თანამედროვე პოპ-სტილი; გამორჩეული გარეგნობა და დასავლური მოდის გავლენა. ამ პერიოდში იგი ათობით სიმღერას ასრულებდა და უამრავ ფილმშიც მონაწილეობდა. სწორედ მაშინ უწოდეს მას „ირანული პოპ-მუსიკის დედოფალი“.
ის იყო ძლიერი ქალის სიმბოლო სცენაზე, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა კარიერას, სცენაზე თავისუფლად ცეკვავდა, არღვევდა ტრადიციულ წესებს.
ახდენდა კულტურული გავლენას მუსიკაზე, მოდაზე, ქალთა თვითგამოხატვაზე. ათასობით ქალი სწორედ მას ჰბაძავდა - იჭრიდა მოკლედ თმას და ირჩევდა თავისუფალ ჩაცმულობას.
1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია, რომელმაც ქვეყნის კულტურული ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ახალმა ხელისუფლებამ ქალების სცენაზე გამოსვლა ფაქტობრივად აკრძალა. შედეგად:
გუგუშის სიმღერები აიკრძალა...
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არტისტი ემიგრაციაში წავიდა, ის ირანში დარჩა და თითქმის ორი ათწლეული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა.
1980-იან წლებში გუგუში მოკლე პერიოდით დააპატიმრეს კიდეც, რის მიზეზიც გახდა მისი უზარმაზარი პოპულარობა შაჰის ეპოქაში და ეჭვი, რომ იგი ძველ რეჟიმთან იყო დაკავშირებული. ასევე ის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გააქრეს იმიტომაც, რომ მიაჩნდათ "დასავლური გავლენის“ კულტურულ სიმბოლოდ. მას დაატარებდნენ დაკითხვებზე, შეზღუდული ჰქონდა გადაადგილება, ფაქტობრივად, წლების განმავლობაში შინაპატიმრობაში იყო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მისი სიმღერები იატაკქვეშ მაინც ვრცელდებოდა, კუსტარულად ჩაწერილი კასეტები ხელიდან ხელში გადადიოდა, მისი მუსიკა დღემდე პოპულარულია ირანში...
1990-იანი წლების ბოლოს ირანში გარკვეული პოლიტიკური ლიბერალიზაცია დაიწყო.
1997 წელს პრეზიდენტად აირჩიეს მოჰამედ ხათამი, რომლის პერიოდში კულტურულ სფეროში კონტროლი შედარებით შემსუბუქდა.
ამ პერიოდში გუგუში რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვა ქვეყნიდან გასვლის ნებართვას. საბოლოოდ მას მისცეს პასპორტი და ერთჯერადი გამგზავრების უფლება. 2000 წელს მან ოფიციალურად დატოვა ირანი და წავიდა: ჯერ კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში.
მას შემდეგ იგი ირანში აღარ დაბრუნებულა.

ირანიდან გასვლის შემდეგ გუგუშმა 2000 წელსვე გამართა პირველი კონცერტები 21 წლის დუმილის შემდეგ.
როდესაც ის ამდენხნიანი იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა სცენაზე, აუდიტორიას ასე მიმართა:
"მე ისევ ვმღერი, რადგან ხალხი ჩემს ხმას 20 წელი ელოდა... “
ამ კონცერტებზე ათასობით ირანელი ემიგრანტი მივიდა. ბევრი ადამიანი ტიროდა... ეს ირანული დიასპორისთვის ისტორიული მომენტი იყო.
ის წლების განმავლობაში კონცერტებს მართავდა: აშშ-ში. ევროპაში, ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში. მუდმივად აკრიტიკებდა ირანის ისლამურ რეჟიმს.
გუგუში დღემდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და საქმიანობას. გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი, ჩაატარა კარიერის დასრულების ტურნე და აქტიურად საუბრობს ირანის მომავალზე.

ის ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებდა და მიმდინარე საპროტესტო პროცესებს:
"ჩემს ქვეყანაში ადამიანები იბრძვიან, რომ თავიანთ ოჯახებს უბრალოდ ნორმალური ცხოვრება მისცენ… ჩვენი ახალგაზრდები ისე დაბერდნენ, ახალგაზრდობა არც კი უგემიათ…“