აშშ-ში ბევერლი-ჰილზის რაიონში რიანას მდიდრულ რეზიდენციას ცეცხლი გაუხსნეს. The Los Angeles Times-ის ინფორმაციით, ინციდენტი კვირას, დღისით მოხდა.
საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ 30 წლის ქალი დააკავა. მათივე თქმით, ბრალდებულმა საკუთარი ავტომობილიდან AR ტიპის შტურმის შაშხანით ცეცხლი გახსნა და რეზიდენციის მიმართულებით სულ მცირე 10-ჯერ გაისროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სახლის შესასვლელი ჭიშკარი და შენობის ფასადი.


რიანა სროლის დროს შინ იმყოფებოდა. ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა "პოსტს“ განუცხადა, რომ "ყველა კარგადაა“.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს მომღერლის სახლთან გამოკრული ყვითელი პოლიციის ლენტი. გადაკეტილია ვარსკვლავის საკუთრებასთან ახლოს მდებარე ქუჩაც.


პოლიციამ ეჭვმიტანილი ინციდენტიდან ნახევარ საათში დააკავა. სამართალდამცველებმა მისი მანქანა სავაჭრო ცენტრის პარკინგზე იპოვეს. ავტომობილში აღმოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და 7 მასრა.
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია. გამოძიება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
