ცისნამი საყვარლიშვილის ცხოვრება ისევ მოვლენების ეპიცენტრშია. დიდი პაუზის შემდეგ, ის კვლავ გულახდილად გვესაუბრება იმ „ახალ ერაზე“, რომელიც მის ცხოვრებაში შვილის, ირაკლის ამერიკაში დაბრუნებით დაიწყო. როგორ გახდა ირაკლი ჰემპტონების ვარსკვლავი, რას ნიშნავს ცისნამისთვის იყოს „წარმატებული შვილის დედა“ და რატომ გადაწყვიტა მან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია ინგლისურენოვანი მკითხველისთვის წიგნად ექცია? წაიკითხეთ ინტერვიუ ქალთან, რომელმაც საკუთარი თავი და ბედნიერება ოკეანის გაღმა ხელახლა აღმოაჩინა
- ცისნამი, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში "ახალი ერა" დაიწყო. როგორ შეცვალა ირაკლის გვერდით ყოფნამ თქვენი ყოველდღიურობა და ის სულიერი მშვიდობა, რომელსაც ასე დიდხანს ეძებდით?
- ყველანი დამეთანხმებით, რომ დედა შვილის გარეშე ძალიან უბედურია. ირაკლის ამერიკაში დაბრუნებამ მე ძალიან გამაბედნიერა, გამახალისა და ახალი სიცოცხლე შემმატა. მიხარია რომ ყველანი ერთად ვართ. ფუ, ფუ, ფუ, თვალი არ მეცეს და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერულ ზრდაში. ალეს თავის საქმეს აკეთებს, უძრავი ქონების ამბებში, ირაკლი სწავლობს და კალათბურთს თამაშობს, მე კი მომწონს პროფესორობა და წიგნების წერა. შეიძლება ვთქვა, რომ როგორც იქნა, ჩემმა სულმა იპოვა სულიერი სიმშვიდე.
- თქვენი შვილი ჰემპტონებში ნამდვილი ვარსკვლავია, მასზე ადგილობრივი პრესა წერს...
- ირაკლიმ ამ სეზონზე ძალიან მაგრად ითამაშა კალათბურთი და მისმა მწვრთნელმა ნომერ პირველ მოთამაშედ დაასახელა. ეს იყო ძალიან მაგარი მომენტი. მისი პლაკატები არამარტო მის სკოლაში ასევე ისტ ჰემპტონშიც იყო გამოკრული. აი, მაგალითად ადგილობრივ პიცერიას თუ ესტუმრებით, იქ ირაკლის პლაკატია გამოკრული. გზაში მაჩერებენ და მეკითხებიან, "თქვენ ხომ ირაკლის დედა ხართ?" იცით, აქაური საზოგადოება ძალიან სნობი და კუდაბზიკაა. კარგა ხანი არ მიღებდნენ მე როგორც ამ ერთობის წევრს, ახლა კი ჩემი შვილი მიიღეს და ჩემს შვილთან ერთად მეც. სამი ადგილობრივი გაზეთია და სამივე ჩემს შვილზე წერდა. ყველა ვებსაიტზე მისი ფოტოები იყო. ირაკლით მარტო მე კი არა ალექსანდრეც ძალიან ამაყობს. უამრავი შემოთავაზება გვაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია სად წავა. მე მინდა ნიუ-იორკის შტატში დარჩეს და ჩვენთან ახლოს იყოს. მისთვის კი ყველაზე მთავარია კალათბურთი ითამაშოს. ჩემი ბიჭი ძალიან მაბედნიერებს და ჩემი სოციალური სტატუსი აწია მისმა წარმატებამ და ცნობადობამ, ჰემპტონებში.

- ბედის ირონიაა: წლების წინ ამერიკაში სხვის მშობლებს უვლიდით, დღეს კი საქართველოში თქვენს დედას საკუთარი მომვლელი ჰყავს თქვენივე დახმარებით. როგორ აფასებთ ამ ცხოვრებისეულ "წრეს".
- ცხოვრება მართლაც დიდი ირონიაა. ჩემი გამზრდელი დედა უკვე მოხუცდა, თან თვალებიდან ვერ ხედავს და მისთვის დამხმარე ქალს ვეძებდი. მე ამერიკაში ვცხოვრობ, ჩემი შვილი ისეთ ასაკშია მას ვჭირდები და საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი მის მოსავლელად. ვიპოვეთ ძალიან კარგი ქალბატონი, უფრო სწორედ გეტყვით კახური იუმორით თუ რა მოხდა. ჩვენს სოფელში არის სოფლის დიდი მაღაზია, მისი პატრონი სიმონა ძია მეგობრობს დედაჩემთან. დედა სულ მასთან ყიდულობს ხოლმე საკვებს. ხუმრობით უთქვამს, დარე, ქალს ვერ ვპოულობთ შენს მოსავლელად და იქნება კაცი გიშოვოო. დედას სწყენია ეს ამბავი, მე კი გულიანად ვიცინე. ხომ იცით კახელებს რა მაგარი იუმორი აქვთ. სწორედ სიმონა ძიამ ნახა ასევე ჩვენი სოფლელი უსაყვარლესი ქალბატონი ცისმარი. ვიცი, რომ სოფლის ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობს. მე ცისნამი ვარ, ის ცისმარი. ჩავიდა დედასთან და მას ეხმარება, საჭმელს უკეთებს, ესაუბრება, ღამე მარტო არ ტოვებს და ერთად სძინავთ. უკვე დამეგობრდნენ და საუკეთესო მეგობრები გახდნენ. ძალიან მარჯვე ხელი აქვს. წითელი ვარდები მომიქსოვა საჩუქრად. ბედნიერი ვარ, რომ დედა საიმედო ადამიანის ხელშია. იყო დრო როდესაც მე სხვის დედებს ვუვლიდი, ახლა კი ჩემს დედას უვლიან. უნდა მრცხვენოდეს ამას რომ ვამბობ, მაგრამ რას ვიზამ ცხოვრებამ ასე მოიტანა.

ისე ძალიან მაგარი სოფელი გვაქვს. მაგალითად, სოფლის ექიმი, ქალბატონი მზია თავისი საკუთარი მანქანით ემსახურება პაციენტებს, დედასთან ჩადის და თავად ჩააქვს წამლები. მეზობლებიც ხშირად სტუმრობენ. ვისურვებდი ჩემს ბიძას ალიკას და ბიცოლას ჯულის მეტი ყურადღება გამოეჩინათ, მაგრამ ვერავის დავავალდებულებ. მოკლედ, როცა დედა ბედნიერია მეც მშვიდად ვარ.
- ვაჩნაძიანელი გოგოდან - ავტორამდე, რომლის წიგნი "Georgia After the Collapse of the Soviet Union" ამაზონზეა და თაიმს სკვერზე უნდა გამოჩნდეს. რა გზა გაიარეთ ამ აღიარებამდე?
- ძალიან მიხარია. ისე განვიცდი ახლა ჩემი მესამე წიგნის პრეზენტაციას რომ გული მიმდის. პირველად უნდა წარვდგე ამერიკული საზოგადოების წინაშე როგორც მწერალი და ხმამაღლა ვისაუბრო საქართველოზე. 12, 13, 14 მარტს ტარდება დიდი კონფერენცია, სადაც მთელი ამერიკის მასშტაბით მწერლები იკრიბებიან და ახალ წიგნებს და ნამუშევრებს უზიარებენ ერთმანეთს, მწერალთა კლუბში, მერილენდის შტატში. ამ კონფერენციაზე ვარ მე მიწვეული, როგორც სპიკერი, სადაც უნდა წარვადგინო წიგნი საქართველოს შესახებ. იქ იქნებიან ცნობილი ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი ავტორები, იქ ვიქნები მეც.

ალექსანდრე ძალიან მგულშემატკივრობს, უკვე დავჯავშნეთ სასტუმრო. ამ წიგნის არსებობდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება ამერიკულ კულტურაში და ერთხელ და სამუდამოს მოხდეს ისე, რომ აღარ დამიძახონ, "Russian Girl!" სულ იმას ვყვირი, მე საქართველოდან ვარ, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩემსავით დიდი ამბიციები აქვს, რომლის ამბიციებს სამწუხაროდ ახლა, დღევანდელი მთავრობა კლავს.
ეს იქნება პირველი წარდგენა, შემდეგ ნიუ-იორკში ჩატარდება, შემდეგ ჰემპტონებში და ვნახოთ რამდენ შეხვედრას დაგეგმავს ჩემი ამერიკული გამომცემლობა. ამაზონის გარდა წიგნი ბევრ ცნობილ ამერიკულ ვებსაიტებზე განთავსდება, ამერიკელი მკითხველისთვის. გაყიდვები უკვე დაწყებულია და ინტერესიც დიდია. კარგი წიგნია სასაჩუქრედ. ეს არის საქართველოს ყოფა, ისტორია, არსებობა და ბრძოლა საბჭოთა კავშირის შემდეგ. მუდმივი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ვარდების რევოლუციამდე მაქვს აღწერილი ყველაფერი, რადგან ვარდების რევოლუციამ სინათლე და განვითარება მოუტანა ქვეყანას. ვიმედოვნებ მეყოლება ბევრი მკითხველი და ჯანსაღი კრიტიკოსი. მინდა, მიხეილ სააკაშვილს გავუგზავნო საჩუქრად, რასაც უეჭველი მოვახერხებ. ასევე თაიმს სქვერზე, დიდ ბილბორდზე გაკეთდება 60 წამიანი რეკლამა. ერთი სული მაქვს ეგ ყველაფერი ცოცხლად ვნახო. მიხარია, ძალიან მიხარია. ჩემი მესამე გოგო დაიბადა. პირველი გოგონა, ჩემი პირველი წიგნი, წითელთმიანი გოგონას დღიურია, მეორე - წითელთმიანი გოგონას რეცეპტები, მესამე კი ეს ახალი წიგნია. სულ 4 შვილი მყავს. კიდევ ვაპირებ ბევრის გაჩენას. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ ჩემი წიგნები ჩემი შვილებია. მყავს ირაკლი და სამი წითელთმიანი გოგონა.
- თქვენი წიგნის ადრესატი მიხეილ სააკაშვილიცაა. რატომ გადაწყვიტეთ მისი გაგზავნა საკანში და რა არის ის მთავარი მესიჯი, რაც ექს-პრეზიდენტამდე გსურთ მივიდეს?
- მიხეილ სააკაშვილმა ბევრი კარგი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ მალე ვივიწყებთ კარგს და მხოლოდ ცუდი გვახსოვს. მინდა ნახოს თავისი კარგი საქმეები, რომლის შესახებ ჩემს წიგნში ვყვები და გაიხაროს. გული მწყდება რომ ასე სასტიკად მოვექეცით მას. ის იყო და არის დემოკრატიის შუქურა. ნეტავ არ ჩასულიყო, ამერიკაში დარჩენილიყო და აქედან დახმარებოდა საქართველოს. მას დიდი გავლენა ჰქონდა, ასე უფრო დაეხმარებოდა ჩვენს ქვეყანას. იმედია წაიკითხავს ჩემს წიგნს.

- თქვენს გვერდითაა ალექსანდრე, რომელსაც თქვენს "პირველ გულშემატკივარს" უწოდებთ. რა როლი ითამაშა მისმა მხარდაჭერამ იმაში, რომ დღეს ასეთი თავდაჯერებული და რეალიზებული ხართ?
- ალექსანდრე ძალიან მაგარი კაცია, ჩემი ნომერი პირველი ფანი. "გოუ სისი, გოუ." სულ ეს სიტყვები ჩამესმის ხოლმე ყურებში. 9 წელი დაიწყო რაც ერთად ვართ და წარმოგიდგენიათ ისევ ისეთი სიყვარულით მიყვარს, ისევ ისე გულისფანცქალით ველოდები სამსახურიდან სახლში მის დაბრუნებას.

მის გარეშე ვერ ვიძინებ. ჩემი ალე ბალე მინდა. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, რადგან ემოციურად ვარ მიჯაჭვული მასზე. ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს. მინდა რომ ლამაზი წლები გვქონდეს ერთად. თავდაჯერება არასდროს მაკლდა, მაშინაც კი როდესაც პაპაჩემის „ბატინკებით“ დავდიოდი სკოლაში, ან ძირგახვრეტილი ჩექმებით უნივერსიტეტში. მე ყოველთვის ვიცოდი რომ წერა ჩემი იყო, მასში ვპოულობდი შვებას.
წაიკითხეთ ასევე: