ახლო აღმოსავლეთში უკიდურესი მძიმე ვითარებაა მას მერე, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც. ომის პირველ დღესვე მოხდა უზენაესი ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია. გუშინ კი ირანმა ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალ უზენაეს ლიდერად მისი შვილი მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს.
ომის რეჟიმში ცხოვრობს ისრაელიც, სადაც საჰაერო განგაშის ხმა ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ დღე ისმის.
რა ვითარებაა ქვეყანაში? - გვესაუბრება თელ-ავივში მცხოვრები ჟურნალისტი, ისრაელის მაუწყებლის ქართულენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ხეცოიძე:
- როდესაც ცნობილი გახდა, რომ ირანში ხამნეის მემკვიდრე მოჯთაფა აირჩიეს, "ცახალმა" მაშინვე სპარსულ ენაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ირანის საბჭო ვის აირჩევს, რომ მათი ახალი ლიდერიც "ცახალის" სამიზნე გახდება. გუშინ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან მნიშვნელოვანი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ირანში, რასაც მოჰყვა ისრაელზე თავდასხმა - საღამოს და მთელი ღამის განმავლობაში არაერთხელ ჩაირთო საჰაერო განგაში და მიუხედავად იმისა, რომ ირანიდან მომდინარე სარაკეტო საფრთხე, ფაქტობრივად, შემცირდა (იმ რაოდენობით თავდასხმები აღარ არის, როგორც თავიდან იყო), ახლა კოორდინირებულად, ერთდროულად ხდება ლიბანიდან "ჰეზბოლას" და ირანული რაკეტების გამოშვება. "ჰეზბოლას" რაკეტებმა, სხვათა შორის, სამი დღის წინ თელ-ავივამდე მოაღწია, შესაბამისად, ისრაელს ახლა ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა.
9 მარტს ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა და მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ეს რაკეტები ჰაერში გაანადგურა, ცენტრალურ რაიონში მაინც ცვიოდა რაკეტის დიდი ნატეხები, ე.წ. კასეტური ქობინები, რომლებმაც აფეთქებები გამოიწვიეს. გუშინ მოხდა თავდასხმა ისრაელის ცენტრზე (სამხედრო ცენზურიდან გამომდინარე, ზუსტი ქალაქის დასახელება არ შემიძლია), რის შედეგადაც ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე ორი უცხოელი მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც კლინიკებში მკურნალობას გადიან. ზოგადად, ამ 10 დღის განმავლობაში სამიზნე კონკრეტული სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, ირანიდან და "ჰეზბოლადან" მომდინარე საფრთხე სამოქალაქო სექტორზეა გათვლილი. ის ლოგიკა, რომ თითქოს მათი სამიზნე სამხედრო -სტრატეგიული ობიექტებია, სისულელეა, ირანული რაკეტების სამიზნე ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობაა. მაგ. რამდენიმე დღის წინ ბეით შემეში (იერუსალიმთან ახლოს) თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა.
ირანთან წინა 12-დღიანი ომი როდესაც იყო, მაშინ ამ თავდასხმებს ბევრი მსხვერპლი და დაზარალებული ჰყავდა, შესაბამისად, ისრაელის უსაფრთხოებამ შეიმუშავა უსაფრთხოების ახალი ფორმა - ახლა ირანიდან მომდინარე საფრთხის დროს მოქალაქეები ტელეფონით ვიღებთ შეტყობინებას მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რის შემდეგაც გვაქვს 10-15 წუთი დრო, რათა ჩვენს ახლოს მოვძებნოთ თავშესაფარი. ამასობაში ჩაირთვება საჰაერო განგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ რაკეტები უკვე ისრაელის საჰაერო სივრცეში არიან. ზუსტად ვერ დაითვლი, რა სიხშირითაა განგაში, პირველ დღეებში თუ 30-ჯერ მაინც იყო საჰაერო თავდასხმები, ახლა შემცირებულია, ძირითადად აქტიურდებიან ღამის პერიოდში. გუშინ, ბოლო 24 საათში პირადად მე დაახლოებით 8-ჯერ მომიწია თავშესაფარში გადასვლა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქებში მიწევს გადაღებებზე მუშაობა, იერუსალიმში, ხაიფაში და ა.შ. განსაკუთრებულად დაძაბულია ვითარება ისრაელის ჩრდილოეთით, ვინაიდან იქით "ჰეზბოლას" თავდასხმებია და, შესაბამისად, ადგილზე დღეში 10-15-ჯერ ირთვება საჰაერო განგაშის სიგნალი.
- მოსახლეობაში როგორი განწყობაა, არის ერთიანობა ამ ომის საკითხზე?
- ახლა ისრაელის მთელი მოსახლეობა ერთი მიზნის გარშემოა გაერთიანებული, რადგან ხვდებიან ეგზისტენციალურ საფრთხეს, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ემუქრებოდა ისრაელს ირანისგან. ისრაელს ახლა აქვს შესაძლებლობა, რომ პარტნიორ აშშ-სთან ერთად ეს საფრთხე გაანეიტრალოს. სხვათა შორის, ყველა ომის დროს პოლიტიკურად რადიკალურად დაპირისპირებული ადამიანები ერთიანდებოდნენ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით - წელს ისრაელში საარჩევნო წელია და შესაბამისად, რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ლიდერები, ფაქტობრივად, გაერთიანდნენ, ოპოზიციონერებიც კი ზუსტად იმეორებენ ნეთანიაჰუს გზავნილებს, რომ ახლა მთავარი საფრთხე ირანის სახით უდგას ქვეყანას. არავითარი პოლიტიკური განცხადებები არ კეთდება, უბრალოდ, როდესაც მიდის იმაზე ლაპარაკი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, ისრაელის გენშტაბი და თავდაცვის სამინისტრო ხშირად ამბობენ, რომ რთულია იმაზე საუბარი, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, ვიდრე ისრაელი არ ჩათვლის, რომ საფრთხე განეიტრალდა. ნამდვილად ისტორიული მომენტია, როცა ისრაელის შეიარაღებული ძალები - სამხედრო სახმელეთო დანაყოფები შევიდნენ საზღვრიდან ლიბანის დაახლოებით 7კმ. სიღრმეში, მათი გეგმაა, რომ შეიქმნას ბუფერული ზონა ლიბანში, პირველი მიზანია "ჰეზბოლა" გაანეიტრალონ და თუ ისრაელს ოდესმე საფრთხე შეექმნა, ლიბანიდან დაიცვან, რადგან იქ გოლანის მაღლობები და ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები.
- პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერ რა განცხადებები კეთდება ისრაელში?
- ნეთანიაჰუს მხრიდან ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ირანელი მოსახლეობისთვის კეთდება. ისრაელელმა ჰაკერებმა ირანში სატელევიზიო მაუწყებლობა გატეხეს და ირანელებისადმი ნეთანიაჰუს მიმართვა გაავრცელეს სპარსულ ენაზე. ყოველდღიურად კეთდება ისრაელის მაღალი თანამდებობის პირების, ნეთაინიაჰუს და ომის კაბინეტის მიმართვა ირანული მოსახლეობისთვის. ადრე თუ ვრცელდებოდა განცხადებები, რომ ირანის რეჟიმი უნდა დასრულდეს, რომ აშშ-ს და ისრაელის მთავარი მიზანი ირანის რეჟიმის ჩამოშლაა, ახლა, ბოლო 24 საათში აცხადებენ, რომ ირანელმა მოსახლეობამ უნდა მოახერხოს რეჟიმის ცვლილება და ამაში მათ ამერიკა და ისრაელი დაეხმარება.
ისრაელის მედია ირანის ამბებს საკმაოდ დიდი ყურადღებით აკვირდება. მაგ. გუშინწინ საღამოს, ისრაელის დროით 11 საათზე, როცა ცნობილი გახდა, რომ ირანის საბჭომ უზენაეს ლიდერად მოჯთაფა ხამენეი აირჩია, უშუალოდ, ისრაელის მედიამ ღამით თეირანიდან გაავრცელა კადრები, როგორ ყვიროდნენ ირანელები ქუჩებში და სახლებში - სიკვდილი ახალ ლიდერს! შესაბამისად, ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანელები ძალიან კრიტიკულად შეხვდნენ ახალი ლიდერის არჩევას, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად მოსახლეობისთვის რეჟიმია საფრთხე და არა ის, რომელი სულიერი ლიდერით შეიცვლება ის.
იხილეთ ასევე: