ავტორი:

ყოფილი რეპერი, რომელიც სიღარიბეს, კორუფციას და უმუშევრობას აკრიტიკებდა, ნეპალის პრემიერი ხდება: ბალენდრა შაჰის გზა ქუჩის რუინებიდან - პარლამენტამდე

ყოფილი რეპერი, რომელიც სიღარიბეს, კორუფციას და უმუშევრობას აკრიტიკებდა, ნეპალის პრემიერი ხდება: ბალენდრა შაჰის გზა ქუჩის რუინებიდან - პარლამენტამდე

მუსიკით, კერძოდ რეპით გატაცებული ნიუ-იორკის მერის, ზოჰრან მამდანის შემდეგ, პოლიტიკური კარიერა შესაძლოა ნეპალელმა ყოფილმა რეპერმა, ბალენდრა შაჰიმ გაიკეთოს.

როგორც ცნობილი გახდა, “ჯენზი“ თაობის რევოლუციის შემდეგ გამართულ პირველ არჩევნებში სწორედ მისმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიმარჯვა. შედეგად, შესაძლოა ნეპალის პრემიერ-მინისტრი ყოფილი რეპერი და პოლიტიკოსი ბალენდრა შაჰი გახდეს.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, „ეროვნულმა დამოუკიდებელმა პარტიამ“ ხმების უმრავლესობა მიიღო და საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, მანდატების ორ მესამედს მოიპოვებს.

35 წლის ბალენდრა შაჰიმ არჩევნებში დაამარცხა ოთხგზის პრემიერ-მინისტრი, 74 წლის შარმა ოლი.

„ეს იმედისა და ცვლილების გამარჯვებაა“, - განაცხადა რამეშ პაუდიალმა. მისი თქმით, შედეგი Z თაობის პროტესტის პირდაპირი გამოხატულებაა.

  • ვინ არის ბალენდრა შაჰი?

შედარებით შეზღუდული პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, 35 წლის შაჰი მოსახლეობის ფავორიტად ითვლებოდა. იგი განათლებით ინჟინერია და პოპულარობა რეპერის კარიერით მოიპოვა. თავის მუსიკაში ხშირად აკრიტიკებდა სიღარიბეს, უმუშევრობასა და კორუფციას.

2022 წელს მან პოლიტიკაში შესვლა გადაწყვიტა და კატმანდუს მერის პოსტზე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყარა კენჭი.

ხმების დამაჯერებელი უმრავლესობის მიღების შემდეგ, ქალაქში წესრიგის დამყარების მასშტაბური პროგრამა დაიწყო, მათ შორის უკანონო შენობების დანგრევა და ნაგვის პრობლემის მოგვარება.

ნეპალში 2025 წლის სექტემბერში ახალგაზრდების საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. დემონსტრაციების მიზეზი სოციალური მედიის აკრძალვა გახდა, რის გამოც Generation Z-ის ათასობით წარმომადგენელი ქუჩებში გამოვიდა.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით უპასუხა. დემონსტრაციების დაშლის დროს დაიღუპა 19 აქტივისტი. განვითარებული მოვლენების შემდეგ ქვეყნის მთავრობა გადადგა.

აქციის მონაწილეებმა ბალენდრა შაჰს გარდამავალ პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების გზით ერჩივნა.

  • რეპერის კარიერა

პოლიტიკაში მოსვლამდე ბალენდრა შაჰი ქალაქის სახურავებზე გამოდიოდა, მონაწილეობდა “რეპ-ბათლებში“ და იღებდა მუსიკალურ ვიდეოებს.

მისი სიმღერები, რომლებიც ნეპალის ღრმად ფესვგადგმული პოლიტიკური კულტურის გულში არსებულ სიღარიბეს, განუვითარებლობასა და დაცემას ეხებოდა, ძალიან პოპულარული იყო ქვეყნის ახალგაზრდებში. მის ერთ-ერთ სიმღერას, „ბალიდანს“, რაც ნეპალურად „მსხვერპლს“ ნიშნავს, YouTube-ზე შვიდი მილიონი ნახვა აქვს.

  • „ჰიპ-ჰოპ მუსიკაში შეურაცხყოფის კულტურაა“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. „მე თვითონ ვაყენებდი შეურაცხყოფას პოლიტიკოსებს“.

“ბალენმა“, როგორც მას ნეპალში უწოდებენ, გასული წლის მაისში მოულოდნელად წარადგინა კენჭი ჰიმალაის ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუს მერის პოსტზე.

მან თავისი საარჩევნო კამპანია რეპერის პოპულარობაზე ააგო, ამავდროულად ხაზი გაუსვა სამოქალაქო ინჟინრის მომზადებასა და გამოცდილებას, თავი უფრო კომპეტენტურ პროფესიონალად წარმოაჩინა, ვიდრე კარიერის პოლიტიკოსად.

შავი პიჯაკისა და ჯინსის შარვლით, პატარა კვადრატულ შავ სათვალეებთან ერთად, ის საარჩევნო კამპანიაში ნეპალის დროშით შემოსილი გამოჩნდა. ქვეყნის საარჩევნო კომისიაში შეტანილმა საჩივარმა, რომელშიც მას დროშისადმი უპატივცემულობას სდებდნენ ბრალს, მის გარშემო არსებული აჟიოტაჟი კიდევ უფრო გაამწვავა.

  • “სანამ ჩვენ ვყიდით ჩვენს იდენტობას საზღვარგარეთ, სახელმწიფო მოხელეები თვეში 30 000 რუპიას გამოიმუშავებენ და ფლობენ ქონებას 30 სხვადასხვა ადგილას,“ - ამბობს ის თავის ჰიტში “ბალიდანი“.

ნოემბერში, ნეპალის პარლამენტში მოსახვედრად ასობით ადამიანი იბრძოდა და ახალგაზრდა პროფესიონალების ჯგუფმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სწრაფად ჩამოაყალიბა ახალი პოლიტიკური პარტია. საბოლოოდ, ის პარლამენტში სიდიდით მეოთხე პარტია გახდა.

ანალიტიკოსებმა ამას „ბალენის ეფექტი“ უწოდეს.

„ეს ერთგვარი რევოლუციაა პოლიტიკოსების წინააღმდეგ.. ბალენის წარმატებამ მართლაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდებზე“, - აღნიშნა ბჰიმ უპადჰიაიამ, ყოფილმა მთავრობის მდივანმა, ნეპალის მაღალჩინოსანმა და ბალენის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა მრჩეველმა.

თავდაპირველად ის პოეზიას წერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ნეპალში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი გამოჩნდა და YouTube-ზე Tupac-ი და 50 Cent-ი აღმოაჩინა, რეპის წერა დაიწყო.

მისი სტილი უნიკალური იყო. 2013 წელს მისმა პირველმა მნიშვნელოვანმა რეპ-ბათლმა შაჰი “ანდერგრაუნდ კერპად“ აქცია და პოპულარობა სწრაფად მოიპოვა ახალგაზრდებში.

ამის პარალელურად მან კატმანდუში სამოქალაქო ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ კი ინდოეთში სამშენებლო ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი თქმით, ყოველთვის გეგმავდა პოლიტიკაში წასვლას.

როდესაც 2015 წელს კატმანდუში მიწისძვრამ 8,702 ადამიანი იმსხვერპლა და დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია, ბალენი სამოქალაქო ინჟინრად მუშაობდა. ის და მისი კოლეგები 2,500 სახლს აღადგენდნენ.

ამ გამოცდილებამ გააძლიერა მისი პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება. მერის არჩევნების დროს ის ხალხს მარტივ, მაგრამ კატმანდუსთვის მიუღწეველი მიზნებს დაჰპირდა: ეს იყო სუფთა წყალი, უკეთესი გზები, საიმედო ელექტროენერგია და გაუმჯობესებული კანალიზაციის სისტემა.

მან დაანგრია უკანონო შენობები, თუმცა წყალმომარაგების სისტემა ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია.

თუმცა პოლიციის ძალით ტროტუარების, უკანონო ავტოსადგომებისა და ურიკების გაწმენდამ, ღარიბი მოსახლეობისგან მისი კრიტიკა დაიმსახურა.

წყარო