ავტორი:

როგორ გახდა "დოხტური", ბიჭი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა და რაზე წყდება გული? - თბილისის "დინამოს" ქუთაისელი ექიმის "სახალხო ინტერვიუ"

როგორ გახდა "დოხტური", ბიჭი, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობდა და რაზე წყდება გული? - თბილისის "დინამოს" ქუთაისელი ექიმის "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი დავით ხარაბაძე. ჩვენმა რესპონდენტმა თქვენს შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახავთ სტატიის ბოლოს.

გიო:

- თბილისის "დინამოს“ გუნდს როდის შეუერთდით და რას ნიშნავს თქვენთვის "დინამოს“ ფეხბურთელებთან მუშაობა?

- "დინამო თბილისს“ 2011 წლის იანვრიდან შევუერთდი. თავდაპირველად დუბლშემადგენლობის ექიმი ვიყავი, 2013 წლიდან კი უკვე უმაღლესი ლიგაში მოასპარეზე გუნდის ექიმი. ასევე ვარ "დინამო თბილისის“ სამედიცინო სამსახურის უფროსი. "დინამოში“ მუშაობა და "დინამოს“ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, "დინამო თბილისი“ არის არა მარტო ქართული სპორტის და ქართული ფეხბურთის, არამედ მთლიანად საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიოში, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, ყველაზე ტიტულიანი გუნდი. ამიტომ იყო "დინამოელი“ უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაც ვგრძნობ და ასევე ვეკიდები ჩემს საქმეს.

შაკო:

- ფეხბურთელების ექიმობამდე იყავით თუ არა ფეხბურთის გულშემატკივარი. ხომ არ თამაშობდით რომელიმე გუნდში?

- ფეხბურთელების ექიმობამდე, რა თქმა უნდა, ვიყავი გულშემატკივარი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ფეხბურთი. ერთი პერიოდი, ღრმა ბავშვობაში მინდოდა კიდეც ფეხბურთელობა, მაგრამ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდა იმიტომ, რომ ჯერ ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი და ოჯახში ჩემი ფეხბურთზე სიარული პრიორიტეტად არ ჩათვალეს. მაგრამ სპორტის ეს სახეობა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა. ახლა ჩემს ფეხბურთელებს სასაცილოდ არ ყოფნით, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მოყვარულის და ეზოს, სკოლის დონეზე საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. თავდამსხმელიც კი ვიყავი. ფეხბურთის თემაზე ვაგროვებდი და მქონდა ძალიან ბევრი წიგნი, ახლაც მაქვს, მათ შორის ისეთი, ძალიან იშვიათი გამოცემებიც... დიდი კოლექცია მქონდა. ფაქტობრივად, ზეპირად ვიცოდი 1930 წლიდან მოყოლებული სად, რა მატჩი, ვისთან გაიმართა. 2000 წლამდე მართლა ზეპირად ვიცოდი ყველა კლუბი, ფეხბურთელი, მათი ისტორიები და ა.შ. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში რომ ტარდებოდა, 5 წლის ვიყავი და სახლში მამაჩემს გაკრული ჰქონდა ჩემპიონატის ცხრილი... მახსოვს, ასევე 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი და მისი ფინალი - ჰოლანდია - საბჭოთა კავშირის მატჩი, სადაც ვან ბასტენმა ცნობილი გოლი რენატ დასაევის კარში როგორ გაიტანა. 1990 წლიდან კი უკვე ჩვეულებრივად მტკიცე გულშემატკივარი ვიყავი... ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთში ვნახე ჩემი გზა.

ალექსანდრე:

- სად შეისწავლეთ სპორტული მედიცინა? თქვენი საექიმო სპეციალიზაცია რა არის?

- ქუთაისში სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. მაშინ არსებობდა სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი, რომელიც დავამთავრე. ექიმად სამხედრო ჰოსპიტალში ან სამხედრო ნაწილში უნდა გავენაწილებინეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს ფაკულტეტი გაუქმდა. ამიტომ სამხედრო კუთხით კარიერის გაგრძელება ვერ მოხერხდა. ყოველთვის მინდოდა ნეიროქირურგია, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემის გამო ამ დარგში ვერ წავედი. მერე ერთმა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, ცნობილმა ექიმმა, მერაბ ვარძუკაშვილმა შემომთავაზა, ბედს ექიმად საფეხბურთო გუნდში ხომ არ ვცდიდი. ეს იყო ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც ექიმი სჭირდებოდა. მერაბის რეკომენდაციით იმ კლუბში მივედი და მუშაობა დავიწყე. შემდეგ ამ მიმართულებით უკვე რეზიდენტურის პროგრამა გავიარე და ექიმის სერტიფიკატი ავიღე, რომელშიც წერია სპეციალობა - რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა (მაშინ ერთად იყო ახლა გაიყო ეს ორი დარგი).

სოფო:

- მსახიობობა გინდოდათ და ექიმი გამოხვედით. მიგაჩნიათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?

- ექიმობა მე არ ამირჩევია, ფაქტობრივად, იმ ცნობილი კლიშეს "მსხვერპლი“ ვარ, რასაც ჰქვია, "ჩემი შვილიშვილი "დუხტური" უნდა გამოვიდეს“. დავიბადე თუ არა, თან ორივე მხრიდან პირველი შვილიშვილი ვიყავი და პირველი, რაც ყველამ ერთად თქვა, თანაც შეთანხმდნენ, რომ ექიმი უნდა გამოვსულიყავი. მე, ფაქტობრივად, არჩევანის საშუალებაც არ მქონდა.

არადა, სულ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ეს ნაწილობრივ უნივერსიტეტში რაღაც თეატრალურ ღონისძიებებში, "მანსანკანში“ დავაკომპენსირე. თუმცა ძალიან მიყვარს თეატრი. თითქმის ყველა სპექტაკლზე დავდივარ. რამდენჯერმე მაქვს ნანახი ის, რაც მომწონს. მაგალითად, "მარჯანიშვილის“ თეატრში იასმინა რეზას პიესის მიხედვით თემურ ჩხეიძის დადგმული "არტ-ხელოვნებაზე" 17-ჯერ ვიყავი. ყველა სპექტაკლის შემდეგ, როგორც ყველა, მეც ემოციურად დამუხტული გამოვდივარ და ოღონდ, ამას ემატება ცოტა გულის წყვეტა - სხვანაირად რომ ყოფილიყო საქმე, იქ ხომ შეიძლება მე ვყოფილიყავი?!

რუბი:

- ბავშვობას რომელ სოფელში ატარებდით? ვინ იყვნენ თქვენი ბაბუა-ბებიები? აქვე გვითხარით - ქუთაისი რა არის თქვენთვის?

- მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ვცხოვრობდით და სკოლა ქუთაისში დავამთავრე, ბავშვობის დიდი ნაწილი, ძირითადად არდადეგების პერიოდში, სოფლად მაქვს გატარებული და ასევე როგორც თავისუფალი დრო გამოჩნდებოდა, სოფელში მივდიოდით. ჩემს საყვარელ სოფელში მიმეჩქარებოდა. მამის მხრიდან სამტრედის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში მივდიოდი და დედის მხრიდან ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში. ორივე სოფელში დიდი სიხარულით და ემოციით მივემგზავრებოდი. ორივეგან ბრწყინვალე ბებია და ბაბუა მყავდა როგორც მამის მხრიდან, ისე - დედის მხრიდან. ფაქტობრივად, მაგათი გაზრდილი ვარ, მათგან დიდი სიყვარული და სითბო მახსოვს. ახლა გვყავს ბებია, მამის დედა, რომელიც 98 წლისაა და მის სანახავად რომ ჩავდივარ, რამე ახალი ბესტსელერი თუ არ ჩავუტანე, ბრაზდება. მუდმივად კითხულობს. კითხვა მან შემაყვარა. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

მკითხველი:

- ძირითადად რა ტრავმებს იღებენ ფეხბურთელები და რას მოითხოვს თქვენგან ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

- ფეხბურთი, მოგეხსენებათ ძალიან ტრავმული სპორტია. ამას რომ ვამბობ, ზოგს უკვირს, მაგრამ დედამიწაზე რა სპორტი არსებობს, ყველაზე ტრავმული ფეხბურთია... ეს ძირითადად მექანიკური ტრავმებია, ეს არის - დაბეჟილობები, დაჟეჟილობები, რაც პირდაპირი კონტაქტის შედეგად ხდება, რადგან ფეხბურთი კონტაქტური სპორტია. საკმაოდ ხშირია ძირითადად კოჭ-წვივის, მუხლის, მხრის, რბილი ქსოვილების, ანუ კუნთების ტრავმები. ამასთანავე, ჩვენი სამუშაო მიმართულება კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია. მეორე მთავარი გამოწვევა, რაც სპორტული მედიცინის წარმომადგენლებს გვაქვს, ძალიან შეზღუდულები ვართ ამა თუ იმ მოცულობის ტრავმის მკურნალობის დროში. ყველა - მწვრთნელი, გუნდი უფროსობა ჩვენგან მოითხოვს იმას, რომ ფეხბურთელი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნდეს მოედანზე სათამაშოდ. ეს მოთხოვნა მეტად მაშინ მძაფრდება, თუ ფეხბურთელი მოედანზე საკვანძო პოზიციაზე თამაშობს. დროში შეზღუდულად მკურნალობა სწორი დიაგნოსტირებით იწყება, შემდეგ არის რეაბილიტაცია. ფეხბურთელი მოედანზე ისე უნდა დაბრუნდეს, რომ რეციდივი ანუ განმეორებითი ტრავმა არ მოხდეს. მოკლედ, ეს ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობას, პროფესიონალიზმს, ცოდნას და ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს.

ბექა:

- ისტორიაში შეხვედით, როგორც პირველი ექიმი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უექიმა. ეს იღბალია?

- რა თქმა უნდა, არა. მე ბედ-იღბლის არ მჯერა. შენს ბედს და იღბალს მიმაჩნია, რომ თვითონ ქმნი. ჩვენვე განვაპირობებთ მას ჩვენი მოქმედებით, ქცევით, პროფესიონალიზმით... ამიტომ, ეს იღბალი არ არის, უბრალოდ, მე მოვხვდი სწორ დროს სწორ ადგილას.

ეს ზუსტად ის მომენტი იყო, როდესაც თვითონ გუნდი, თითოეული მისი წევრი, სტაფი მთლიანად ყველანი იქ ვინც ვიყავით, მართლა ერთ მუშტად შეკრულები ერთ ოჯახს წარმოვადგენდით და ყველას გვქონდა ერთი სანუკვარი მიზანი - ჩვენი ნაკრები გასულიყო ევროპის ჩემპიონატზე... გახსოვთ მაშინ, რაც მოხდა და როგორ გააერთიანა ფეხბურთმა მთელი ქვეყანა და როგორ ერთ მუშტად შეკრა ერი.

დიტო:

- ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობთ, რომ პენალტების სერიას ვერ უყურებთ და კარს უკან იმალებით - ამის კადრებიც არსებობს. მხოლოდ პენალტების დროს ხდება ასე?

- ეს მომენტი გადამწყვეტი ფლეი ოფის თამაშზე იყო საბერძნეთთან, როდესაც წყდებოდა ის ამბავი, გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე თუ ვერა. როდესაც პენალტების სერია დაინიშნა, მართლა ემოციურად ვერ გავუძელი და კარს უკან არა, მაგრამ სათადარიგო ფეხბურთელების უკან შევედი და იქ ველოდი. არ ვუყურებდი და სხვა დროს ასეთი რამ არ ყოფილა. თუმცა ყოფილა მომენტი, როდესაც მოწინააღმდეგე ძალიან სახიფათო შეტევაზეა და მაგ დროს თვალი დამიხუჭავს ან ცოტა გვერდით გამიხედავს. ყველაფერი ემოციურად მაინც მოქმედებს ასეთი ეპიზოდები საკმაოდ ხშირია. განსაკუთრებული ამბავი იყო, მიქაუტაძემ პენალტი რომ ვერ გამოიყენა, მაგ დროს საერთოდ გასახდელში ჩავედი, ვერ გავუძელი იმ ატმოსფეროს. არადა, ექიმი მაგ დროს იქ უნდა იყოს.

ლილე:

- ემოციური ადამიანი ხართ? ცრემლები როდის და რაზე მოგდით?

- ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ ცრემლები ნაკლებად მომდის, ძნელად ვტირი. ეს სულაც არ არის კარგი. ალბათ ამ ემოციებით ვცდილობ, ჩემში დავატრიალო ეს ყველაფერი და გარეთ არ გამოვიტანო. ეს გარკვეული კომპლექსებია, რომლის ფესვები ალბათ ღრმაა ბავშვობაში იმალება... ისე რაც ასაკი მემატება, უფრო სენტიმენტალური ვხვდები, სენტიმენტები მეპარება და ამას ვატყობ...

ნინო:

- ვილი სანიოლს ხომ არ დასჭირვებია თქვენი სამედიცინო დახმარება და როგორია თქვენი თვალით დანახული ბატონი ვილი?

- სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ერთი-ორჯერ რაც მახსოვს, ჩვეულებრივი ბანალური ვირუსული ინფექცია იყო, გაციება. სხვა ისეთი არაფერი...

ფეხბურთი საერთოდ რომ გავწიოთ გვერდზე, ძალიან პოზიტიური, დადებითი ადამიანია.

ვაჟა:

- რა რთული, კრიზისული ეპიზოდები გქონიათ სამედიცინო პრაქტიკაში?

- კრიზისული და ასეთი ცუდი პერიოდები კი, გვქონია. გვიბრძოლია სპორტსმენის მძიმე კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსაყვანად. პირადად მე მქონია შემთხვევა, თვითმფრინავში ანტალია-სტამბოლის ერთ-ერთ მგზავრს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა - გულის უეცრად გაუჩერდა. მე, ჩემმა სტაფმა და სტიუარდესამ პირველადი დახმარება გავუწიეთ. ძალიან სტრესული გარემო იყო იმ კუთხით, რომ ეს ყველაფერი თვითმფრინავში ხდებოდა და დაფრენამდე 40 წუთი იყო დარჩენილი. ის 40 წუთი მთლიანად ამაში გავიდა.

ბესო:

- ჩვენი ვარსკვლავი ფეხბურთელები ჭირვეულობენ თუ მარტივად ექვემდებარებიან ექიმის რჩევებს?

- გავრცელებული აზრია, რომ ფეხბურთელები, ზოგადად სპორტსმენები და განსაკუთრებით ვარსკვლავი, ელიტარული სპორტსმენები ჭირვეულები არიან, შეიძლება ასეცაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაჭარბებაა. ჭირვეულობა რაღაც დოზით, ნებისმიერ ადამიანსაც შეიძლება გარკვეულ მომენტში ახასიათებდეს. ჩვენი ბიჭები ჩემ მიმართ ჭირვეულობას არ ავლენენ. თუ ჭირვეულობად იმას ჩავთვლით, რომ ძალიან ბევრი კითხვას სვამენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საკუთარი ტრავმის შესახებ ექიმს კითხვები უნდა დაუსვა. მას შეუძლია არასწორი კითხვაც დასვას და იკამათოს კიდეც კონკრეტულ საკითხებზე. ეს ჭირვეულობას არ ნიშნავს. ვფიქრობ, რომ უფრო პროფესიონალების თვისებაა და ექიმის მხრიდან კვალიფიციურ მომსახურებას მოითხოვს.

ლიზა:

- ხვიჩა კვარაცხელიაზე რას იტყვით - როგორი ბიჭია "კვარა"?

- "კვარას" ბავშვობიდან ვიცნობ, ძალიან პატარა იყო, ჯერ კიდევ "დინამოს“ აკადემიიდან მოყოლებული თვალყურს ვადევნებდი. არა მარტო "კვარას", ყველას - ფეხბურთელების 90% ვინც დღეს საქართველოს ნაკრებშია და უცხოეთში ბრწყინავს, "დინამოს“ აკადემია აქვთ გავლილი... "კვარა" ძალიან პატარაობიდან გამოირჩეოდა თავისი მონდომებით, ჟინით, გამარჯვების წყურველით. ტალანტი რომ იყო, თავიდანვე ეტყობოდა და ამიდ დადგენას ფეხბურთის დიდი ცოდნა არ უნდოდა. მთავარი იყო, ის სულისკვეთება, საბრძოლო სული არ დაეკარგა და არ დაკარგა. მიაღწია იმას, რასაც მიაღწია და მიმაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია ამ ეტაპზე და მომავალი კიდევ წინ აქვს, ძალიან ახალგაზრდაა. მისგან კიდევ ძალიან დიდ წარმატებებს ველით, როგორც საკლუბო მიმართულებით, ასევე სანაკრებო დონეზე.

ლაკო:

- თქვენს შვილებს ექიმობას თუ ურჩევთ?

- ორი შვილი მყავს - გოგო და ბიჭი. გოგო 15 წლისაა, ბიჭი - 12-ის. მათი დაბადების თარიღები იმიტომ მეშლება, რომ, ჩემი სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, არცერთი ბავშვის დაბადებისას აქ არ ვიყავი. ამიტომ შვილები მეხუმრებიან, - აბა, მამა გვითხარი, როდისაა ჩვენი დაბადების დღეო?..

ადრე მიმაჩნდა, რომ კარგი იქნებოდა თუ რომელიმე ექიმი გახდებოდა, რადგან ამ სფეროში შემეძლო დახმარება გამეწია, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა. თუმცა თავიდან ექიმობა არცერთს არ უნდოდა. ბიჭს ახლაც არ უნდა... გოგო კი სამედიცინო კუთხით გადაიხარა, ინტერესი გაუჩნდა. ამაში დიდი როლი ცნობილმა სერიალმა "ექიმი ჰაუსი“ ითამაშა და ასევე სხვა სამედიცინო სერიალებმა... თითოეული ლამის ზეპირად იცის. მოკლედ ინტერესი გაუჩნდა და უკვე რაღაც კითხვებს სვამს. გოგოს სამომავლოდ ნამდვილად ვურჩევდი, ბიჭს - არა. ძალიან ემოციური ბავშვია და ყველაფერი ძალიან ახლოს მიაქვს გულთან. ექიმობა კიდევ მუდმივად სხვისი პრობლემებში ყოფნაა და მისი გაზიარებაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით არ გაუჭირდეს...