ავტორი:

რა ახალ დეტალებზე წერს იტალიური მედია 2 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისში იყიდეს და იტალიაში წაიყვანეს?

რა ახალ დეტალებზე წერს იტალიური მედია 2 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისში იყიდეს და იტალიაში წაიყვანეს?
  • ბავშვის ფოტო, რომელსაც იტალიური მედია ავრცელებს და ჩვენც ვიყენებთ, არ არის რეალური, ის ხელოვნური ინტელექტი საშუალებით არის შექმნილი.

გუშინ, ambebi.ge-ზე იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, შოკისმომგვრელი ისტორია გამოქვეყნდა, რომელშიც გიყვებოდით საქართველოში დაბადებული გოგონას შესახებ, რომელიც იტალიელმა კაცმა იშვილა და ქვეყნიდან გაიყვანა. ორი წლის შემდეგ კი სამართალდამცავებმა "მარტოხელა მამას“ მიაკითხეს და ადგილზე დააკავეს. "ნიკოლის საქმეზე“ ვაგრძელებთ სკანდალური ისტორიის დეტალების მოძიებას.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საქართველოდან იტალიაში ჩაყვანილი ჩვილი გოგონას შესახებ, რომლის "მამაც“ სინამდვილეში უცხო პირი აღმოჩნდა, იტალიურმა მედიამ მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია აღადგინა. როგორ აღმოჩნდა თბილისში დაბადებული ჩვილი იტალიის საელჩოში და რა მოხდა რეალურად 2023 წლის ივლისში?

  • გოგონა მწვანე ფურგონში

იტალიის პროვინცია ტურინში, ვეროლენგოს მყუდრო დასახლებაში, სადაც სულ რაღაც 1700 ადამიანი ცხოვრობს, ყველაფერი 18 თვის წინ დაიწყო. ადგილობრივებმა შეამჩნიეს მამაკაცი, რომელიც სოფელში მწვანე ფურგონით გადაადგილდებოდა, გვერდით კი პატარა გოგონა ეჯდა. კაცი ყველას ეუბნებოდა, რომ ნიკოლი მისი შვილი იყო. "ძალიან კარგი ბავშვია... მას მშვიდად სძინავს, აი, მე კი - ვერა“, - უყვებოდა ის ადგილობრივებს.

სახლი, სადაც მამაკაცი საქართველოში დაბადებულ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა

როდესაც დედის შესახებ ეკითხებოდნენ, პასუხები ყოველთვის ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი იყო: ხან ამბობდა, რომ ცოლი ყაზახეთში ჰყავდა და მალე ჩამოვიდოდა, ხან კი იგონებდა, რომ ქალი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ვერ ახერხებდა ჩამოსვლას.

იტალიური მედიის ცნობით კი, სინამდვილეში პატარა ნიკოლი 2023 წელს თბილისში დაიბადა და მას შემდეგ ყაზახი დედა თვალით არავის უნახავს.

  • იდეალური ფასადი და განსხვავებული რეალობა

გარედან ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა: მამაკაცი ყიდულობდა საფენებს, ბავშვის საკვებს, სათამაშოებს. მეზობლები ხედავდნენ, როგორ ატარებდა პატარას კენგურუთი და ეფერებოდა კიდეც. თუმცა, როდესაც 2024 წლის დეკემბერში მის სახლში კარაბინერები და სოციალური მუშაკები მივიდნენ, სრულიად სხვა სურათი დახვდათ.

სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ნამდვილ ნაგავსაყრელს ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ნიკოლს საკუთარი ოთახი და საწოლი ჰქონდა, გაირკვა, რომ მას იქ არასდროს სძინებია. ბავშვი ღამეს იატაკზე, დაგებულ საბნებზე ათენებდა. ეს მაშინ დადასტურდა, როდესაც გოგონა თავშესაფარში გადაიყვანეს - ნიკოლი მხოლოდ მაშინ იძინებდა, როცა იატაკზე აწვენდნენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვს ფსიქო-ფიზიკური განვითარების სერიოზული შეფერხება ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას აუცილებელი ვაქცინაცია ჩატარებული ჰქონდა, "მამას“ პედიატრთან გეგმურ შემოწმებაზე არასოდეს მიჰყავდა.

  • დნმ-ის ტესტი და "დარკნეთის" კვალი

მას მერე, რაც პროკურატურამ მამაკაცს დნმ-ის ტესტის ჩატარება აიძულა (რაზეც ის მანამდე კატეგორიულ უარს აცხადებდა), ყველაფერი შეცვალა - კაცი ნიკოლის ბიოლოგიური მამა არ აღმოჩნდა.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით,გოგონა ბავშვებით ვაჭრობის მსხვერპლია. სამართალდამცველებმა მამაკაცის კომპიუტერი და ტელეფონები ამოიღეს. არსებობს ეჭვი, რომ ბავშვი "დარკნეთის" შავ ბაზარზე შეიძინეს.

ვეროლენგოს მაცხოვრებლები, რომლებიც ამ კაცს წლებია იცნობდნენ, შოკირებულები არიან. ის ადრე ფოლადის ქარხანაში მუშაობდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.

ივრეას პროკურატურა მას ოფიციალურად ედავება სამოქალაქო სტატუსის შეცვლასა და გაყალბებას. ეს შეეხება თბილისში, იტალიის საელჩოში წარდგენილ ყალბ მონაცემებს, რომლითაც მან ბავშვი საკუთარ შვილად გაასაღა. სამართალდამცველები ასევე ყველაზე მძიმე ვერსიაზე - ბავშვებით ვაჭრობაზე მუშაობენ. სწორედ ამ ეჭვის დასადასტურებლად ჩამოართვეს მამაკაცს ტელეფონები და კომპიუტერი. გამომძიებლები ეძებენ კვალს "დარკნეთშიც“, რათა დაადგინონ, ხომ არ არის ნიკოლი ყიდვა-გაყიდვის მსხვერპლი.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ამჟამად გაუსვლელობის ხელწერილით საკუთარ სახლში იმყოფება. მას სრულად აქვს აკრძალული ბავშვთან ყოველგვარი კონტაქტი. ნიკოლი მას საბოლოოდ ჩამოართვეს და გოგონა უკვე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, უსაფრთხო გარემოშია. მეზობლების თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვი წაიყვანეს, მამაკაცი კიდევ უფრო ჩაიკეტა. ის პრაქტიკულად არ გამოდის გარეთ და არავისთან ურთიერთობს.

თუ ბავშვის ყიდვის ფაქტი დადასტურდა, ბრალდება მყისიერად დამძიმდება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალა მომზადებულია იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

წაიკითხეთ ასევე: