ავტორი:

ირანელ ქალ ფეხბურთელებს, ჰიმნის შეუსრულებლობის გამო, სამშობლოში დასჯა ემუქრებათ, ავსტრალიამ 5 მათგანს თავშესაფარი მისცა - რა ელის დანარჩენებს?

ირანელ ქალ ფეხბურთელებს, ჰიმნის შეუსრულებლობის გამო, სამშობლოში დასჯა ემუქრებათ, ავსტრალიამ 5 მათგანს თავშესაფარი მისცა - რა ელის დანარჩენებს?

რა ელის ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრების ნაწილს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, საქმე ის არის, რომ ფეხბურთელები ავსტრალიაში, სტადიონზე ირანის ჰიმნს არ აჰყვნენ, რაც მათ ისლამური რეჟიმის პროტესტად ჩაუთვალეს. ნაკრების ხუთმა წევრმა ავსტრალიაშივე ითხოვა თავშესაფარი. მათ ჰუმანიტარული ვიზები უკვე მიიღეს. ფეხბურთელების ნაწილი ბრუნდება ომში მყოფ სამშობლოში, სადაც, როგორც ამბობენ, ისინი მედიამ მოღალატეებად გამოაცხადა.

ირანის ქალთა საფეხბურთო გუნდი აზიის თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, ავსტრალიაში აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე გაემგზავრა. თუმცა მათი პირველი მატჩი სამხრეთ კორეის ნაკრებთან ომის დაწყების შემდეგ, 2 მარტს გაიმართა. ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს ირანის ქალთა გუნდის ფეხბურთელები ჩუმად იდგნენ. ვიდეო სოციალურ მედიაში სწრაფად გავრცელდა, ხოლო მათი ქმედება ბევრმა ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აღიქვა.

ირანის ოფიციალურმა მედიამ აღნიშნულ ფაქტს მკაცრი კრიტიკით უპასუხა.

ირანული ტელევიზიის მეორე არხის წამყვანმა, მოჰამედ რეზა შაჰბაზიმ, ქალთა საფეხბურთო გუნდის ქმედებებს "უპატივცემულობისა და პატრიოტიზმის ნაკლებობის პიკი“ უწოდა და განაცხადა, რომ ადამიანები, "რომლებიც ომის დროს ქვეყნის წინააღმდეგ ერთ ნაბიჯსაც კი გადადგამენ, მკაცრად უნდა დაისაჯონ..."

სწორედ ამ განცხადების შემდეგ დადგა დღის წესრიგში მათი უსაფრთხოების საკითხი. ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სპორტსმენებს ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა მიეცემოდათ და მათ დაცვას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიას ხელისუფლებას მოუწოდა, თავშესაფარი მთელი გუნდისთვის მიეცა.

"ავსტრალია საშინელ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებს, თუ ირანის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების იძულებულებით ირანში დაბრუნებას დაუშვებს, სადაც, სავარაუდოდ, მათ მოკლავენ. ნუ გააკეთებთ ამას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მიეცით მათ თავშესაფარი. თუ ამას არ გააკეთებთ, შეერთებული შტატები მიიღებს მათ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის გვერდზე.

  • პარალელურად, ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, რომელსაც 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი - ისინი ავსტრალიაში თავშესაფრის პროცესის მიღების გამარტივებას მოითხოვენ.

თავშესაფრის მოთხოვნით გუნდის ყველა წევრს არ მიუმართავს და მათი უმეტესობა სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მომდევნო მატჩის დროს, ფეხბურთელებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და პატრიოტული ჟესტებიც გააკეთეს.

მედიის შეფასებით, ეს შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ სპორტსმენებმა ან მათმა ოჯახებმა პირველი თამაშის შემდეგ სერიოზული მუქარები მიიღეს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟმა რეზა ფეჰლევიმაც:

"მოქმედი რეჟიმის ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო, ისინი, ირანში დაბრუნების შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მოვუწოდებ ავსტრალიის მთავრობას, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რა მდგომარეობაში არიან ფეხბურთელები

კრეიგ ფოსტერი, ავსტრალიის მამაკაცთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ადამიანის უფლებათა დამცველი, აცხადებს, რომ "ირანის გუნდის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს სასტუმროს დატოვების უფლებას არ აძლევს. აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან - მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და იურისტებთან კომუნიკაცია".

თუმცა, CNN Sports-მა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის ხუთმა წევრმა სასტუმრო დატოვა და უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.

Seven News იუწყება, რომ მოთამაშეები "ავსტრალიის ფედერალური პოლიციისა და სხვა ორგანოების მიერ მართულ უსაფრთხო საცხოვრებელში გადაიყვანეს“. ამ ინფორმაციას Sydney Morning Herald-იც ადასტურებს.

წყარო