ავტორი:

ომი აფხაზეთში, ტყვეობა და ისევ ბრძოლა უკრაინაში სამშობლოსთვის - რა არის ცნობილი ქართველ მებრძოლზე, რომელიც დღეს ტყიბულში დაკრძალეს?

ომი აფხაზეთში, ტყვეობა და ისევ ბრძოლა უკრაინაში სამშობლოსთვის - რა არის ცნობილი ქართველ მებრძოლზე, რომელიც დღეს ტყიბულში დაკრძალეს?

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მამუკა კეკელია დღეს, ტყიბულში დაკრძალეს.

მანამდე, ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც გარდაცვლილს პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს საზოგადოების წარმომადგენლებმა, დაღუპულის მეგობრებმა და ახლობლებმა.

მამუკა კეკელია უკრაინაში 2024 წლის 26 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში რუსეთ-უკრაინას საომარი მდგომარეობის დროს ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.

კეკელიას ცხედარი იდენტიფიცირების შემდეგ უკრაინიდან საქართველოში 6 მარტს გადმოასვენეს.

ის უკრაინაში 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა და უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის "კარპატსკი სიჩის“ რიგებს შეუერთდა.

2022 წელსვე მამუკა კეკელია ერთ-ერთი ბრძოლისას დაიჭრა და უკრაინელი მეგობრების დახმარებით, საფრანგეთში გაიარა რეაბილიტაციის კურსი, თუმცა, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.

მამუკა კეკელია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო. მისი თანამებრძოლების თქმით, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ის პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და მოგვიანებით ტყვედ ჩავარდა. მან დრანდის ციხეში, ტყვეობაში გაატარა რამდენიმე წელი. აფხაზეთის ომში დაიღუპა მამუკა კეკელიას დედაც.