მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესი დახურულია, თუმცა გარკვეულ დეტალებს სხდომიდან ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ასაჯაროებს. ამჯერად ის წერს, რომ ერთ-ერთ ბრალდებულის გიორგი რიკაძის ადვოკატი, ლევან ბუაძეც, გავიდა საქმიდან. ასევე მოკლული მასწავლებლის დედა საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
"დასრულდა მორიგი სასამართლო სხდომა. მომდევნო სხდომა ჩანიშნულია 12 მარტს. კიდევ ერთი ღირსეული სვლა, გიორგი რიკაძის ადვოკატი, ლევან ბუაძეც, გავიდა საქმიდან. იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ბრძოლაში??? ხალხმა ჩემი ტრაგედია გაითავისა. პირველ პირში წერენ კომენტარებს. ამბობენ, რომ ,"ჩ ვ ე ნ ამ ბრძოლას მოვიგებთ!". და კიდევ იცით რა არის მნიშვნელოვანი? ამბობენ, რომ "პროკურატურა ჩვენს მხარესაა!".
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, იცით რა არის? პროკურატურაც იგივეს ამბობს, რომ ,,ხალხი ჩ ვ ე ნ ს მხარესაა!" და ასე, ყველა ერთად რომ მიდგახართ მხარში, ასე ერთობით მიყვარხართ ყველა!!! ეს მაშინ, როცა, სამყარო მძულდა, გიგა რომ მომიკვდა. მარტო შურისძიება მაიძულებდა მეცოცხლა და მეშინოდა, ვაითუ ვერ გავუძლო ამხელა დარდს, მოვკვდე და შურისძიება ვერ მოვასწროთქო.
მაგრამ მე თქვენ მარტო ბრძოლაში კი არა, გლოვაშიც მეხიდებით. სასაფლაოზე ვიდეოკამერები მაქვს დამონტაჟებული. ვხედავ და მესმის, როგორ ეფერებიან ჩემს შვილიკოს. იცით, რომ გუშინ დილით, ერთმა საყვარელმა გოგომ თავისი დაბადების დღის პაწაწუნა ტორტზე სანთელი გიგას საფლავზე ჩააქრო????? ჰოდა, მადლობა საქართველოვ!ჰოდა, მიყვარხარ საქართველოვ!" - წერს კუპატაძე.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.