საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე, ერთ-ერთი იმ საჯარო პირებიდან, რომელიც პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ყოველთვის ახერხებს მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას. 39 წლის დიპლომატს, რომელიც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს, საგარეო უწყებაში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. მინისტრის მოადგილის პოსტზე იგი 2014 წელს დაინიშნა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ოფიციალურ შეხვედრებსა თუ ვიზიტებში.

გამორჩეული სტილის ხაზგასმა: პროფესიონალიზმი და ელეგანტურობა
ხათუნა თოთლაძე არა მხოლოდ გამოცდილი დიპლომატია, არამედ ცნობილია, როგორც გამორჩეული და დახვეწილი სტილის მქონე საჯარო მოხელე. მისი გამოჩენა ოფიციალურ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

თოთლაძე ერთგულია კლასიკური და ფორმალური სტილის. შავი ფერის პიჯაკი და კაბა-პიჯაკი, თავშეკავებული, მაგრამ ელეგანტური სილუეტებით, იდეალურად ერწყმის მის სტატუსსა და დიპლომატიურ ეტიკეტს. თუმცა, მისი სტილი არ არის ერთფეროვანი.

იგი არ ერიდება ფერებით თამაშს და გაბედულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, წითელი პიჯაკი, რომელიც მას მიღებაზე აცვია. იგი ხაზს უსვამს მის ინდივიდუალურობას და თავდაჯერებულობას, თუნდაც პროფესიულ გარემოში.

დიზაინერის მეუღლე: სტილისა და მოდის კავშირი
ხათუნა თოთლაძე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერის, ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეა. ეს კავშირი, რა თქმა უნდა, აისახება მის სტილზეც. მათი ქორწინება 20 წელს მეტს ითვლის. ავთანდილ ცქვიტინიძე დღემდე განსაკუთრებული ემოციით იხსენებს მათ ქორწილს, რომელიც იმ დროისთვის ნამდვილ კულტურულ მოვლენად იქცა.

დიზაინერის თქმით, წყვილს სტანდარტული ცერემონიალისგან თავის არიდება სურდა, რაშიც დიდი როლი ხათუნას ბიძამ, ბადრი პატარკაციშვილმა ითამაშა. სწორედ მისი იდეა იყო, რომ დღესასწაული თბილისის ქუჩებში გასეირნებით, „ლაღიძის წყლებში“ სტუმრობითა და საქველმოქმედო აქტივობით დაწყებულიყო - ნეფე-პატარძალმა ქორწილის დღეს ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მოინახულეს და საჩუქრები დაურიგეს.
„საოცრება ხდებოდა, ყველა ტელეარხი ამ ქორწილს აშუქებდა. ორგანიზებაში მთელი სამეგობრო ჩაერთო: აჩიკო მეფარიძემ შოუბიზნესის მხარე ითავა, ლელა წურწუმია, მამულიჩა - ყველა იქ იყო. ეს არ ყოფილა უბრალოდ ქორწილი, ეს იყო მოდის, მუსიკისა და ტელევიზიის დიდი ერთობა,“ - იხსენებს ავთანდილი.

წყვილის ურთიერთობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს სიურპრიზებს, რაც მათ თანაცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული შემთხვევა ქორწინების მე-11 წლისთავს უკავშირდება, როდესაც ხათუნა თოთლაძემ მეუღლეს არაჩვეულებრივი საჩუქარი - უამრავი ბუშტით მორთული, ახალთახალი „ტოიოტა პრადო“ დაახვედრა.
როგორც ავთანდილი იხსენებს, მართვის მოწმობა წლების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა საჭესთან დაჯდომას ვერ ბედავდა. ხათუნას გადაწყვეტილება ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა:

„არჩევანის საშუალებაც არ დამიტოვა, ყველა ვარიანტში უნდა დავმჯდარიყავი საჭესთან. მითხრა, ეს მარკა იმიტომ გაჩუქე, რომ დაცული იყოო,“ - ამბობს დიზაინერი.საინტერესოა, რომ თავად ხათუნა თოთლაძე ბავშვობიდან მართავს ავტომობილს და მეუღლის თქმით, „არაჩვეულებრივი მძღოლია“. როდესაც წყვილი სადმე ერთად მიემგზავრება, საჭესთან თითქმის ყოველთვის ხათუნა ჯდება - მაშინაც კი, როცა ავთანდილის მანქანით გადაადგილდებიან. დიზაინერი აღიარებს, რომ მეუღლის გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობს.
ოჯახი და შვილი – მთავარი პრიორიტეტი
წყვილისთვის მთავარი სიამაყე მათი ერთადერთი ქალიშვილი, ანასტასიაა, რომელსაც 2025 წელს 20 წელი შეუსრულდა. ანასტასია უკვე მეორე წელია პარიზში ცხოვრობს და ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს. ავთანდილ ცქვიტინიძე შვილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ანასტასია იმაზე უკეთესია, ვიდრე ოდესმე უოცნებია.

ქონებრივი დეკლარაცია: შთამბეჭდავი ციფრები
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გასული წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაცია საკმაოდ ვრცელ და შთამბეჭდავ ქონებრივ ნუსხას მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის მფლობელობაშია არაერთი უძრავი ქონება და სოლიდური ფინანსური აქტივები.

ხათუნა თოთლაძის საკუთრებაშია:
231.24 კვ.მ, ფართობის მშენებარე ბინა თბილისში, რომელშიც 2018 წელს 300 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი; ორი 110 კვ.მ.-იანი ბინა თბილისში (სხვადასხვა ქუჩაზე), რომელიც ჩუქებით გადაეცა; 1267 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისში, 120.4 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ასევე, ჩუქებით გადაეცა; ორი ავტოფარეხი (თითოეულში 5000 დოლარი აქვს გადახდილი) და ორი ავტომობილი, რომლებიც აჩუქეს.
ხათუნა თოთლაძეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე, 2023 წელს, ხელფასის სახით 77 641 ლარი აქვს მიღებული, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის სტატუსით მისმა წლიურმა შემოსავალმა - 1929 ლარი შეადგინა...ქონებრივი დეკლარაცია ნახეთ აქ