ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის სამყარო დიდი ხანია გასცდა სტერეოტიპებს, თუმცა ამ გზაზე ქალების წარმატება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წლებია აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ქალების ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გაძლიერებას ისახავს მიზნად. გასულ წელს კი უნივერსიტეტში შეიქმნა ტექ ოლიმპიადების ჰაბი, რომელიც ინფორმატიკის ოლიმპიადებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შედგენასა და გადამზადება უზრუნველყოფს. ტექ ოლიმპიადების ჰაბში ამჯერად რეგისტრაცია მიმდინარეობს მონაწილეების შესარჩევად ევროპის გოგოების ოლიმპიადისთვის ინფორმატიკაში (EGOI).
ჰაბის ფარგლებში, BTU კოორდინირებას უწევს მოსამზადებელ ბანაკებს, ტრენინგებსა და მენტორულ პროგრამებს, სადაც ჩართულნი არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები და გამოცდილი მწვრთნელები. პლატფორმა უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების ფორმირებას, წვრთნასა და მხარდაჭერას ევროპისა და მსოფლიოს ინფორმატიკის ოლიმპიადებზე, რათა საქართველო ტექნოლოგიურ სფეროში ღირსეულად წარმოჩინდეს და საუკეთესო საოლიმპიადო შედეგები დააფიქსიროს.
ტექ ოლიმპიადების ჰაბი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში „თიბისი“ მხარდაჭერით შეიქმნა. პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ICT ასოციაცია, ლინეიტი, ეპამი და დეველოპერული კომპანია ბლოქსი.
ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2021 წლიდან ტარდება, საქართველოს ნაკრები კი 2022 წლიდან იღებს მონაწილეობას. გასულ წლებში საქართველომ გამორჩეული შედეგები აჩვენა: 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი; ქეთევან ციმაკურიძე კი ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
გვანცა ხვედელიძე, რომელიც ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის გახლავთ ევროპის გოგოების ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 2023 წელს, ევროპის გოგოების ოლიმპიადის საპატიო სიგელის მფლობელი 2024 წელს და ევროპის გოგოების ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი 2025 წელს. გვანცა საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
გვანცა, ბევრ გოგოს ჰგონია, რომ ალგორითმული აზროვნება და ტექნოლოგიებით დაინტერესება მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭია. პირადად შენთვის რა იყო ის მთავარი იმპულსი, რამაც ამ მიმართულებით დაგაინტერესა და ოლიმპიადებში ჩართვა გადაგაწყვეტინა?
სანამ ინფორმატიკის შესწავლას დავიწყებდი, ჩემი უფროსი ძმა უკვე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა დონის ოლიმპიადებში. სწორედ მან მიბიძგა, რომ მეც დამეწყო ამ სფეროს ათვისება. ჩემი პირველი ნაბიჯი „მზიურში“ სწავლის დაწყება იყო, სადაც სხვადასხვა ტიპის ალგორითმები ვისწავლე და გავიცანი მოსწავლეები, რომლებიც ასევე დაინტერესებულნი იყვნენ ინფორმატიკით. ასეთ გარემოში ყოფნამ მეტი მოტივაცია მომცა, რათა რაც შეიძლება მეტ ოლიმპიადაში მიმეღო მონაწილეობა. EGOI-სთვის, თუ ნებისმიერი სხვა ოლიმპიადისთვის მზადება, გრძელვადიანი პროცესია და დიდ შრომას მოითხოვს. ჩემთვის ამ პროცესში ყველაზე საინტერესო ახალი ინფორმაციის ათვისება და რთულ ამოცანებთან მუშაობაა, რადგან სწორედ მაშინ მეძლევა შანსი, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.
საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატება დიდ შრომას მოითხოვს. როგორია შენი მომზადების პროცესი და რას ურჩევდი სხვა გოგოებს, როგორ უნდა მართონ დრო და სტრესი რთული ამოცანების ამოხსნისას?
ჩემი მომზადების პროცესი, გარკვეულწილად, ბანალურია. ყოველდღიურად ვცდილობ, ბევრი ამოცანა ამოვხსნა და ჩემი სუსტი მხარეები გამოვასწორო. განსაკუთრებული მიდგომა არასდროს მქონია, რადგან მიმაჩნია, რომ მთავარი თანმიმდევრული მეცადინეობაა. სხვა გოგოებს ვურჩევდი, რომ მხოლოდ ცალკეული ამოცანების კეთების ნაცვლად, ძველი ოლიმპიადების ტესტების შესრულება რეალურ დროში სცადონ. ეს მათ ოლიმპიადის სტრუქტურასთან შეგუებაში დაეხმარება. მარტო ამოცანის ამოხსნა შეიძლება მარტივი იყოს, თუმცა ოლიმპიადაზე აუცილებელია სწორი სტრატეგია, სტრესულ გარემოში მუშაობის ჩვევა და დროის ეფექტური მენეჯმენტი.
თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი სპეციალურად გოგოებისთვის მსგავსი პლატფორმების არსებობა და რა შეცვალა შენს ცხოვრებაში EGOI-მ?
EGOI დიდი შესაძლებლობაა გოგოებისთვის, რომ საკუთარი თავი იპოვონ და განვითარდნენ. არსებული სტერეოტიპების გამო, ბევრისთვის ინფორმატიკა რთულ გზად აღიქმება, თუმცა სწორედ ასეთი პლატფორმები აძლევს მათ მოტივაციას, აკეთონ ის, რაც რეალურად მოსწონთ. როდესაც EGOI-ზე პირველად გავედი, არ ველოდი, თუ მთელი მსოფლიოდან ამდენი გოგო იქნებოდა პროგრამირებით ასე დაინტერესებული. მათი გაცნობა ჩემთვის უდიდესი სტიმული აღმოჩნდა. დავინახე, რომ ამ სფეროში მარტო არ ვარ, რამაც მუშაობის კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩინა.
რას ნიშნავს თქვენთვის ასეთ პრესტიჟულ ოლიმპიადაში მონაწილეობა?
ჩემთვის ოლიმპიადებში მონაწილეობა, პირველ რიგში, დიდი გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობაა. მიღებული ჯილდო, ცხადია, საამაყოა და გარკვეულ სტატუსსაც განიჭებს. თუმცა ვფიქრობ, ბევრად მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რომელსაც შემდგომში სასურველ უნივერსიტეტში მოსახვედრად ან კარიერული ზრდისთვის გამოიყენებ. ამჟამად აბიტურიენტი ვარ და მჯერა, რომ ოლიმპიადებზე მიღებული გამოცდილება და პრიზები ჩემი მიზნების მიღწევის გზაზე მთავარი ნაბიჯი იქნება.
რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა აპირებს გოგოების საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მონაწილეობას?
წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი თვისება გამბედაობაა. ყველას უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის. ის აზრი, თითქოს საკმარისი ცოდნა არ გაქვს, არ უნდა გახდეს ოლიმპიადაზე უარის თქმის მიზეზი. წარმატებისთვის აუცილებელია პირველი ნაბიჯის გადადგმა. თუ გამბედაობა არ გეყო, მუდმივად გექნება განცდა, რომ ჯერ კიდევ არ ხარ მზად. ამიტომ, ყველა გოგოს, ვისაც ეს სფერო აინტერესებს, ვურჩევ, უბრალოდ სცადონ. თუ გგონიათ, რომ რაღაც არ იცით, ეს უნდა იქცეს მოტივაციად, რათა უფრო მეტი იშრომოთ და შესარჩევ ტურზე კარგი შედეგი აჩვენოთ.
2026 წლისთვის ოლიმპიადაზე წარსადგენად საქართველოს ნაკრების წევრობის მსურველი გოგოების რეგისტრაცია პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 მარტიდან დაიწყო და 21 მარტამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, მთავარი პირობაა, რომ ის საქართველოს ნებისმიერ სკოლას წარმოადგენდეს და იყოს 18 წლამდე ასაკის. იხილეთ რეგისტრაციის ბმული
R