სს „ნიკორა“ ახალი კორპორაციული იდენტობით – კომპანია საქმიანობას NMG-ის სახელით აგრძელებს

სს „ნიკორა“ ახალი კორპორაციული იდენტობით – კომპანია საქმიანობას NMG-ის სახელით აგრძელებს

საქართველოს ბიზნესსექტორში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური მოთამაშე სს „ნიკორა“ საქმიანობას ახალი იდენტობით „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, როგორ შეიცვალა სტრატეგიული ხედვა და რას გულისხმობს NMG-ის ახალი კორპორაციული არქიტექტურა – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე NMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ურუშაძე გვესაუბრება.

სს „ნიკორამ“ სახელწოდება შეიცვალა და “ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფად” (NMG) გარდაიქმნა. რამ განაპირობა რებრენდინგი?

სს „ნიკორას“ გარდაქმნა „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფად“ (NMG) მხოლოდ სახელის ფორმალური ცვლილება არ არის. ეს იმ რეალობის ასახვაა, როცა კომპანიის მასშტაბი და მმართველობითი ფუნქცია უკვე ახალ იდენტობას საჭიროებდა.

ისტორიულად, „ნიკორა“ საზოგადოების აღქმაში ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიად ჩამოყალიბდა. თუმცა ბიზნესის განვითარებასთან ერთად, საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა სავაჭრო ქსელი, დისტრიბუცია, იმპორტი, მრავალპროფილური წარმოება, აგრო მიმართულებები და სხვა. ამ ევოლუციის შედეგად შეიქმნა მმართველი კომპანია - სს „ნიკორა“, რომელიც დღეს 15-ზე მეტ შვილობილ ბიზნეს აერთიანებს. ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორისაა: შპს „ნიკორა“ და შპს „კორიდა” (ხორცპროდუქტების წარმოება), სს „ნიკორა ტრეიდი“ (სუპერმარკეტების ქსელი), შპს „პარტნიორი“ (სადისტრიბუციო კომპანია), შპს „ინტრეიდი“, შპს „მულტიტრეიდი“ (იმპორტი) და სხვა.

მიუხედავად მასშტაბური ცვლილებებისა, სს „ნიკორა“ - როგორც სტრატეგიული მართვისა და კოორდინაციის პლატფორმა - კვლავ ძველი ვიზუალური იდენტობით ოპერირებდა. ეს ქმნიდა აღქმით დისონანსს: მომხმარებლები და პარტნიორები ბრენდს კვლავ ერთ კონკრეტულ ნიშასთან (წარმოებასთან ან საცალო ქსელთან) აიგივებდნენ.

შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მმართველი რგოლისთვის საკუთარი იდენტობის შექმნისა და შვილობილი კომპანიებისგან ფუნქციური გამიჯვნის საჭიროება.

NMG-ის მთავარ ფუნქციაზე რომ გვესაუბროთ

NMG-ის მთავარი ფუნქციაა, ვიყოთ მმართველობითი, საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც ქმნის ღია, სანდო და გრძელვადიან პარტნიორობაზე დაფუძნებულ ბიზნესგარემოს. ჩვენი მთავარი მიზანია ისეთი ეკოსისტემის განვითარება, სადაც ჯგუფის წევრი კომპანიები იღებენ არა მხოლოდ ფინანსურ რესურსს, არამედ სტრატეგიულ ხედვას, მართვის თანამედროვე სტანდარტებს და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკური წარმატება თანხვედრაში იყოს სოციალური პასუხისმგებლობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასთან.

სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით, NMG აყალიბებს გარემოს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს, ქმნის დამატებით ღირებულებებს, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.

რა პრინციპებსა და შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებს NMG საინვესტიციო გადაწყვეტილებებს? რომელ მიმართულებებს ანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას?

NMG-ის საინვესტიციო პოლიტიკა აგებულია გრძელვადიან ხედვასა და მდგრად განვითარებაზე. თითოეული პროექტი განიხილება ფინანსური, სტრატეგიული შესაბამისობის ჭრილში, რამდენად აძლიერებს იგი ჯგუფის ეკოსისტემას, ზრდის ოპერაციულ მოქნილობას და ქმნის დამატებით ღირებულებას მთლიან ჯაჭვში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ მიმართულებებს, რომლებიც სისტემურ ეფექტს ქმნის: საწარმოო, სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება, ლოგისტიკური პროცესების დახვეწა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ინვესტიციები უზრუნველყოფს პროცესების ავტომატიზაციას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვას და ერთიანი სტანდარტების გაუმჯობესებას.

თითოეული საინვესტიციო ნაბიჯი ემსახურება არა მოკლევადიან შედეგს, არამედ ძლიერი, კონკურენტუნარიანი და მდგრადი ბიზნესის ფორმირებას.

დღეს, NMG აერთიანებს წარმოებას, რითეილს, იმპორტსა და სხვა სფეროებს. აღნიშნული ერთიანი ეკოსისტემა რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ეხმარება ჯგუფის წევრებს წარმატებით ოპერირებაში? რა უპირატესობებს ქმნის სხვადასხვა სექტორში საქმიანობა მისი თითოეული წევრისთვის?

ერთიანი ეკოსისტემა NMG-ის თითოეული წევრისთვის ქმნის მკაფიო სტრატეგიულ უპირატესობას როდესაც წარმოება, რითეილი, იმპორტი და ლოგისტიკა ერთიან სტრუქტურაში მუშაობს, იქმნება სრულად ინტეგრირებული მიწოდების ჯაჭვი – ნედლეულიდან საბოლოო მომხმარებლამდე. ეს მოდელი უზრუნველყოფს პროცესების სიღრმისეულ კოორდინაციას და სისტემურ მართვას, რაც თანამედროვე, დინამიურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის აუცილებელი წინაპირობაა.

გარდა ამისა, ეკოსისტემის ფარგლებში ცოდნისა და ტექნოლოგიური გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას და აძლიერებს თითოეული კომპანიის კონკურენტუნარიანობას. შედეგად, NMG არა მხოლოდ სხვადასხვა სექტორში ოპერირებს, არამედ ქმნის მდგრად, მოქნილ და ძლიერ ბიზნეს-მოდელს, რომელიც ეფექტურად პასუხობს ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნებს.

რამდენად ღია ხართ ცვლილებებისთვის? ბაზრის მოთხოვნები ხომ მუდმივად იცვლება...

საკმაოდ დინამიურ გარემოში გვიწევს ოპერირება, სადაც გადაწყვეტილებები ეფუძნება მონაცემებსა და პროგნოზს. ჩვენი ამოცანა ტენდენციებზე რეაგირებაზე მეტად, მათი ფორმირების ეტაპზე დანახვა და მომხმარებლის მოთხოვნების წინასწარ მართვაა.

ბაზარზე არსებულ პერმანენტულ ცვლილებებს ვპასუხობთ ასორტიმენტის განახლებითა და ახალი მიმართულებების ათვისებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის მაგ. ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს, რომელიც ტექნოლოგიურად გვაძლევს შესაძლებლობას სრულად გარდავქმნათ პროდუქციის ხაზი და შევქმნათ საქართველოს ბაზრისთვის აქამდე მიუწვდომელი, უნიკალური პროდუქტები.

დღევანდელ რეალობაში რა არის თქვენი ბიზნესისთვის უფრო დიდი გამოწვევა - ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნება თუ წილის მუდმივი ზრდა სხვადასხვა მიმართულებით? 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ NMG?

ჩვენი ფილოსოფია მარტივია, ბიზნესი, რომელიც არ ვითარდება, კვდება. შესაბამისად, წილის მუდმივი ზრდა ჩვენთვის არა მხოლოდ ამბიცია, არამედ სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

ჩვენი ხედვით, 10 წლის შემდეგ NMG იქნება კიდევ უფრო მძლავრი, ტექნოლოგიურად განვითარებული ჰოლდინგი, რომელმაც შეძლო ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი ტრანსფორმაცია მომავლის ბიზნეს-მოდელად.

დასასრულს, ფინანსური მაჩვენებლების მიღმა, რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ აქტივად?

ფინანსური მაჩვენებლები შედეგია, თუმცა ჩვენი მთავარი აქტივი არის ნდობა - ის კაპიტალი, რომელიც სტაბილურობით, ხარისხისადმი ერთგულებითა და გამჭვირვალე მართვის პრინციპებით შევქმენით.

ჩვენი ეკონომიკური როლი ვლინდება ორი მიმართულებით: ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, რაც ზრდის დასაქმებას, და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ქვეყნის ინდუსტრიულ პოტენციალს აძლიერებს.

საბოლოოდ, ჩვენი წარმატება იზომება იმ რეალური გავლენით, რომელსაც ქვეყნის განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ვახდენთ.

NS