აშშ-სა და ისრაელის მხრიდან მიმდინარე თავდასხმების ფონზე, ირანის მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფა საგრძნობლად გაუარესდა. როგორც ქალაქ კარაჯის მაცხოვრებლები BBC-თან ჰყვებიან, 10 დღეზე მეტია, რაც არ უძინიათ, აფეთქებები კი „ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ“ ხდება.
სამშაბათს ღამით მათი ქალაქი განსაკუთრებულად დაიბომბა, რასაც ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.
ელექტროენერგიის ხანმოკლე გათიშვა და ძაბვის მატება პერიოდულად ხდება სხვადასხვა რაიონში. ზოგი ამბობს, რომ ყველაზე დამღლელი არა თავად აფეთქებებია, არამედ მეტის მოლოდინი.
„დღეს დრონები ჩვენს მახლობლად ქუჩაში დავარდნენ. უბრალოდ ძილი მინდა...“ - აღიარებს თეირანის ახალგაზრდა მაცხოვრებელი.
ორშაბათს საღამოს ისრაელის სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ მზად იყვნენ „თეირანში ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების სერიის“ განსახორციელებლად. სამშაბათს დილით კი სხვა სამიზნეებთან ერთად დარტყმა განხორციელდა მიწისქვეშა კომპლექსზე, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იარაღის კვლევისთვის იყენებდა. ეს იყო „ქუდსის ძალების“ შტაბ-ბინის ინფრასტრუქტურა - IRGC-ის ქვედანაყოფი, რომელიც საზღვარგარეთ ოპერაციებზეა პასუხისმგებელი.
ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო კამპანია 28 თებერვალს დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა ისრაელის, ასევე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზებისა და საელჩოების წინააღმდეგ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები განახორციელა.
ირანში ინტერნეტზე წვდომა თითქმის მთლიანად შეზღუდულია, თუმცა BBC Persian-ი ზოგიერთი მაცხოვრებლისგან შეტყობინებებს იღებს.
„გუშინ ღამით ძალიან დიდი აფეთქება იყო. ჩვენს სახლში ყველა კედელი დაბზარულია. მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთული ძილის ნაკლებობაა... დაღლილი ვარ. მთელი ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება გაქრა“, - აცხადებს ადგილობრივი გამოცემასთან.
თეირანში მცხოვრები 20 წლის ქალის განცხადებით, აფეთქებები „ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ“ ხდება და ცაზე უცნაური თეთრი შუქი ჩანს, რომელიც განსხვავებული იყო წინა ღამეებისგან. მისი თქმით, მიუხედავად ყველაფრისა მზადაა გაუძლოს ყველაფერს, რადგან ქვეყანაში მცხოვრებ ბევრ ადამიანთან ერთად, მასაც სურს ისლამური რესპუბლიკის დასასრული იხილოს.
„მაშინაც კი, თუ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება, მაინც უკეთესია, ვიდრე მთელი ცხოვრება ამ სისტემაში გავატარო“, - ამბობს თეირანიდან ახალგაზრდა ქალი.
დედაქალაქის კიდევ ერთი 40 წლის მკვიდრი იზიარებს მის გრძნობებს.
„ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც ქალაქს დაემართა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს კარგად დასრულდება ირანის ხალხისთვის. იმედი მაქვს, რომ ისინი [ხელისუფლება] წავლენ“, - თქვა მან.
იხილეთ ასევე: