ავტორი:

"გიორგი უცბად გახდა ცინიკური... ბოლო დროს წარმატებებს მიაღწია თავის საქმეში და დაავიწყდა, ვისთან ერთად იყო ეს წლები" - მარი ნაკანი არქიტექტორ მეუღლეზე, დაშორებასა და მძიმე დღეებზე

"გიორგი უცბად გახდა ცინიკური... ბოლო დროს წარმატებებს მიაღწია თავის საქმეში და დაავიწყდა, ვისთან ერთად იყო ეს წლები" - მარი ნაკანი არქიტექტორ მეუღლეზე, დაშორებასა და მძიმე დღეებზე

ცნობილი ფოტოგრაფი მარი ნაკანი, რომელიც წლებია სხვების ემოციებს ობიექტივში აფიქსირებს, ამჯერად თავად აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. გვანცა დასარელიას პოდკასტში მან გულწრფელად ისაუბრა იმ მტკივნეულ ტრანსფორმაციაზე, რომელიც მისმა მეუღლემ, არქიტექტორმა გიორგი მამასახლისმა განიცადა.

ეს არის გულწრფელი, ცოტა შოკისმომგვრელი და სენტიმენტებით სავსე მონოლოგი ქალისა, რომელმაც „ადამიანი-სახლი“ დაკარგა. მარი ნაკანი არ ერიდება საკუთარ სისუსტეებზე საუბარს, აღწერს „სატესტო რეჟიმში“ ცხოვრების სიმძიმეს და იმ იმედგაცრუებას, რომელიც საყვარელი ადამიანის უცაბედმა გაცივებამ გამოიწვია.

როგორ იქცა ზრუნვა „დათვურ სამსახურად“, რა ხდება მაშინ, როცა საერთო ოცნებების ნაცვლად სხვის სთორიში მარტო მოგზაურობას ხედავ და რატომ სთხოვს 21 წლის შემდეგ მარი გიორგის შერიგებას საჯაროდ?

21 წელი ერთად: როცა მეუღლე შენი სამყაროა

მე და გიორგი 21 წელია ვართ ერთად. თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება ვარ გიორგისთან ერთად. გიორგი ჩემთვის არის როგორც მეუღლე, მეგობარი, საქმიანი პარტნიორი, მამა, ხანდახან - შვილი. ჩვენ შარშანაც დავშორდით, მერე დიდი პაუზა გვქონდა, ექვსი თვე. მერე რომ შევრიგდით, მომეჩვენა, რომ გიორგი აღარ არის ის ადამიანი, ვინც მანამდე ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ამან გამოიწვია ჩემში საშინელი ნოსტალგია და სენტიმენტები. მენატრებოდა ჩემი გიორგი. გამიჭირდა ძალიან იმის მიღება და შეგუება, რომ გიორგი აღარ არის ისეთი მზრუნველი, ყურადღებიანი, დაფეთებული ჩემზე.

"სატესტო რეჟიმი" და შეცვლილი დამოკიდებულება

გაუტკბა თითქოს ის დისტანცია და თითქოს რაღაცა ცოტა უფრო ამპარტავნებაში და ეგოიზმში შევიდა. იმიტომ, რომ მეორედ როცა შემირიგდა, უკვე მისთვის მე ვიყავი სუსტი. აღიზიანებდა ჩემი ყველა ხასიათის დეფექტი ისე, როგორც არასდროს ადრე. ხოდა არ ვიცი, შეიძლება სხვა ქალბატონი გაიჩინა და მისი ყურადღება აღარ არის ჩემს მიმართ... და ამან დამარტყა. იმიტომ, რომ მაშინ აღარ უნდა შეურიგდე, თუ ხვდები, რომ შენ უკვე წახვედი და კარი გაიჯახუნე იმ ადამიანს, მერე აღარ უნდა მისცე იმედი.

მითხრა, რომ მოდი გავტესტოთო და დავაკვირდებიო, რამდენად მინდა შენთან ერთადო. სატესტო რეჟიმში რომ გსვამენ, უკვე ძალიან იძაბები. სატესტო რეჟიმში ის ექვსი თვე ჩემთვის იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ყველაფერი, რამე პატარა ხარვეზი თუ იქნებოდა, ამას გიორგი თითქოს აფიქსირებდა, რომ: „აი, რაღაცა არ გამოგდის“. არ ვიცი რა სჭირს, აი ცოტა ეგოიზმშია ამ პერიოდში გადავარდნილი ეს ყველაფერი და მე ვერ ვცნობ ჩემს საყვარელ მეგობარს.

ჩემი ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ჩემიანი, უცბად გახდა ხისტი, ცივი და ცინიკური. ძაან დამარტყა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ადგილები, სადაც ძაან მოწყვლადები ვართ და ეს იარა, რომელიც გახსნილი მქონდა - აი, მაინცდამაინც მანდ.

მეგონა, რომ მას უყვარს ეგეთი მარი ნაკანი, როგორი მარი ნაკანიც ვარ მე. გასაგებია, რომ ვიღაცისთვის მიუღებელი ვარ... არც მინდა, რომ მე ვიყო სტანდარტულად იდეალური, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ მე ვარ რობოტი და ჩემს თავს არ ვუსმენ, რაც მე მინდა რომ ვაკეთო. მე მეგონა, რომ გიორგის ჩემი ეს თავისუფლება, ეს სიხალასე, სიმსუბუქე, სიგიჟე... მიღებული აქვს, რომ მე ვარ არტისტი, მე ვარ ფოტოგრაფი და ფოტოგრაფი ვერ იქნება ძალიან ჩარჩოებში.

წარმატება და "მიტოვებული ჭიანჭველა"

დღემდე მე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ, რა დაემართა ამ ადამიანს. მე მგონია, რომ მაინც ამპარტავნება... იმიტომ, რომ ბოლო ხანებში იმდენ სხვადასხვა წარმატებას მიაღწია თავის არქიტექტურულ ჟანრში: თან უცხოელებმაც წაიყვანეს, წამოიყვანეს, იქ პრიზი, იქ ჯილდო. მე მგონია, ცოტა დაავიწყდა, მანამდე ვისთან ერთად იყო ეს წლები, სულ რომ რწყილი და ჭიანჭველასავით ვიყავით. მიატოვა თავისი ჭიანჭველა.

მე მითხრა, რომ: „აი, სანამ შენ მენტალურად სტაციონარში იქნები... თუ გაივლი აი ამ რაღაცებს, მერე წავიდეთ საბერძნეთშიო.“ ვიყავი ძალიან მკაცრ პირობებში და ძალიან მკაცრად მოჩარჩოებულში. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. მეგობრულად ძაან საწყენია, თორემ ქალის და მამაკაცის ურთიერთობა კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აი მეგობარი ამას არ იმსახურებს - რომ შენ უცებ დაუწყო გატესტვა, როცა მანამდე ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც მიღებული გყავდა. მე მგონია, რომ მანდ მესამე ადამიანის ამბავი არის რა, იმიტომ რომ გიორგი ესე არასდროს არ გაცივდებოდა ჩემს მიმართ.

მოლოდინი და იმედგაცრუება: სთორი საბერძნეთიდან

მე რომ სტაციონარში დავწექი, მესამე კვირას, როცა უნდა გავფრენილიყავით, გიორგი აბარგდა სახლიდან და საბერძნეთში წავიდა უჩემოდ. მანამდე რომ მე ველოდებოდი და ვიცოდი, რომ აი, გამოვალ და წავალთ, და რომ ვოცნებობდი აი ამ აკროპოლისის ნახვაზე... იქ სხვადასხვა გადაცემებს ვუყურებდი უკვე. აი, მოლოდინის რეჟიმში რომ ხარ, ხო იცი, რომ უკვე მწიფდება და მენტალურადაც მზადყოფნაში ხარ რაღაცა სიხარულისთვის. და უცებ ვნახულობ ინსტაგრამზე სთორის, რომ წასულია. სახლიდან ნივთები წაღებულია. მე რომ დავბრუნდი სტაციონარიდან, დავრჩი მარტო. უსამართლობის შეგრძნებამ ძაან დამარტყა. ფრუსტრირებული ვარ, ახლაც არა ვარ კარგად.

ბრძოლა გადარჩენისთვის და „ადამიანი-სახლი“

დედაჩემმა ის სახლი დაკარგა, რომელშიც მე გავიზარდე, დავიბადე. ეგ იყო ერთი ყველაზე დიდი სტრესი, ბანკი, იპოთეკა... დავრჩი ქუჩაში. ჩემი შვილის გამო დავიწყე ფოტოგრაფია, რომ სახლში თანხა შემომეტანა. მაშინ მარტოხელა დედა ვიყავი, პირველ მეუღლეს რომ დავშორდი. ჩემი სარჩენი გახდა დედაც, მამაც, შვილიც... და მე ვიყავი 19-20 წლის. დღემდე ვქირავობ დედაჩემისთვის სახლს. ყველაზე მაგრად დავიჩაგრე, რომ პირველი ქმარიც დამშორდა, დედაჩემმაც სახლი დაკარგა, მამაჩემი საერთოდ აფხაზეთის ომის მერე ფსიქიატრიულში გარდაიცვალა... მე ვიყავი მარტოხელა დედა.

იმ სახლის დაკარგვის მერე სულ მესიზმრებოდა და მენატრებოდა სახლი. რაღაცნაირად, უსახლკაროდ რომ ხარ, ძაან დიდი დარტყმაა ეგ. და ახლა გამომეცალა უკვე ადამიანი-სახლი. ასევე სულიერი არსება, რომელიც შენი ყველაფერია? და უცებ ესე გამოგაგლიჯავენ... მერე ხარ რაღაცნაირად აი ძაან ცარიელი. სიცარიელის გრძნობა ყველაზე რთული გრძნობაა. იღვიძებ შუაღამეს და შენს გვერდზე აღარ წევს და არ იცი უბრალოდ რა გააკეთო. თან სიყვარული ისეთი რამეა, ხო ვერ აიძულებ ადამიანს? შესაბამისად, ვერც იმას ვახერხებ ჯერჯერობით, რომ რაღაცით შევავსო. ძალიან მეხმარება ფოტოგრაფია. ეს ფოტოგრაფია რომ არ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ ვერ გადავრჩებოდი.

შეცდომები და „ფისუნიას“ როლი

გიორგი ყველაფერში ზედმეტად მეხმარებოდა. სულ ზრუნავდა, სულ იყო გადაფოფინებული. ძალიან მეკომფორტულა, მესიამოვნა და კნუტი გავხდი მისი. მომწონდა, რომ ლოგინში ყავა მოჰქონდა, საჭმელს მიკეთებდა, ზრუნავდა, მვარცხნიდა, მბანდა თუ რაც ჰქვია... ჩემი ბრალი არის ის, რომ არ დავაყენე საზღვრები და არ ვიცოდი სად გადის ის წითელი ხაზი. მეც ძალიან მოვირგე ეს როლი, რომ მე ვიქნები მისი ფისუნია. ახლა უკვე ამ ტოქსიკური, ზედმეტად თანადამოკიდებული სიყვარულიდან გამოსვლა უფრო რთულია.

გიორგი იმდენად დათვურ სამსახურს მიკეთებდა, რომ ყველაფერში თვითონ იყო. მე ამას კიდევ რომანტიულად ვუყურებდი... ადამიანებმა რაღაცნაირად ყველანაირ პასუხისმგებლობაზე უარი ვთქვით და ჩქარ დოპამინზე გადავედით.

შვილები - ჩემი მთავარი გამარჯვება

ღმერთო დიდებულო, მე რომ შვილები მყავს... აი რაშიც მე ვარ მართლა მართლა გამარჯვებული - სოფო და ლილიანა. ღმერთმა გამომიგზავნა მფარველი ანგელოზები. ისე მაფოფინებენ თავისით, ისე მივლიან და ისე მელაპარაკებიან... მე და-ძმა არ მყოლია არასდროს და ესენი სიყვარულით აღვზარდე. 24 საათი ჩემი შვილები სულ გადასაღებ მოედანზე დამყავდა. ისეთი სიყვარულია ჩემს სახლში, ისე მივლიან ჩემი შვილები: კარადას დამილაგებენ, წერილებს მიტოვებენ, ყვავილებს, საჭმელებს მიკეთებენ...

"შემირიგდი, გიორგი!"

ერთი კვირის წინ გიორგიმ მომწერა: „საბერძნეთიდან ჩამოგიტანე რაღაც და საქმიანად შევხვდეთო“. ჰოდა გუშინწინ შემხვდა. არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს, თვალები - ცრემლიანი და ნაღვლიანი. გიორგი ფანტასტიური პიროვნებაა. ეს ბოლო პერიოდში აქვს შუა ხნის კრიზისი და მგონია, რომ გაუვლის. ვიმედოვნებ, რომ შემირიგდება. შემირიგდი, გიორგი! მიყვარხარ და მენატრები! თორემ გიორგიზე ფანტასტიური ადამიანი სხვა მეორე მე არ ვიცი, თორემ 21 წელი მასთან ერთად როგორ ვიცხოვრებდი?