“4 ოქტომბრის აქციის დღეს ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, [ათონელის რეზიდენციასთან] მომხვდა დიდი ზომის ქვა მუცელში, ტკივილისგან ჩავიკეცე, შედეგ მომხვდა თავში, ვერ დავინახე ვინ მესროლა ქვა - ისროდნენ სხვადასხვა სახის ნივთებს, ქვებს, ლოგიკურად მათი ნასროლი ქვა მომხვდა,“- ამის შესახებ პოლიციელმა ნიკა სახელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე 13 პირის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, ნასროლი ქვისგან თავის არეში მიიღო დაზიანება, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს.
„მომხვდა დიდი ზომის ქვა მუცელში, ტკივილისგან ჩავიკეცე, შედეგ მომხვდა თავში. ვერ დავინახე ვინ მესროლა ქვა.
მოვიდა სასწრაფო, გადამიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში. აღმენიშნებოდა ტვინის შერყევა, თავი მქონდა გატეხილი, ძლიერი ტკივილი მქონდა. თავის არეში დამადეს 6 ნაკერი, გამწერეს სახლში და სახლში გავაგრძელე რეაბილიტაცია. 10 დღე ვერ მოვახერხე სამსახურში გასვლა, მქონდა ტკივილები.
მე მეკეთა ნიღაბი. მოგეხსენებათ, აქციის მონაწილეებს სხვადასხვა რამ შეუსხამთ სახეში, მე მეკეთა ნიღაბი და მისი მეშვეობით დავიცავი თავი. ჩემს სამსახურს ეკიპირებაში არ აქვს ჩაფხუტი. აქციის მონაწილეები ისროდნენ სხვადასხვა სახის ნივთებს, ქვებს, ლოგიკურად მათი ნასროლი ქვა მომხვდა, არ დამინახავს ვინ მესროლა. რომ დავიხედე, დავინახე, რომ რაც მომხვდა, იყო ქვა.
ათონელის ქუჩაზე, რეზიდენციასთან მივედით, თუ არა ჩვენსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მალევე დაიწყო”,- განაცხადა პოლიციელმა, ნიკა სახელაშვილმა.
ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.