სავაჭრო ქსელის "უნივერსამის" დამფუძნებლის, იოსებ ღუდუშაურის განცხადებით, “ქეშბექი“, რომელზეც სადისტრიბუციო კომპანიები აპელირებენ, თავად დისტრიბუციისგან მომდინარეობს და ამის უკან კონკურენტების შესუსტების განზრახვა დგას.
მისი განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა “ქეშბექი” მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას გულისხმობს, საბოლოოდ კი, დიდ ქსელებს საშუალება ეძლევა, ფასდაკლებიდან მაქსიმუმი მოითხოვონ, რაც საბოლოოდ, ფასის ზრდას იწვევს.
“ყველაზე აქტიურად “ქეშბექების“ საკითხი დგას, რომელზეც სადისტრიბუციო კომპანიები აპელირებენ. ხშირ შემთხვევაში ეს მაღალია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიების და ქსელები ამ საქმეში წამყვან როლს ვთამაშობთ. ბაზარს ფასს ჩვენ ვერ ვკარნახობთ. ერთმანეთთან მძაფრ კონკურენციაში ვართ.
კონკრეტულად “ქეშბექები“ თვითონ დისტრიბუციისგან გამომდინარებს. არ მინდა ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ მათი შემოთავაზებული ყველა “ქეშბექი“ და ფასდათმობა მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას გულისხმობს. თუკი რომელიმე დისტიბუცია რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ამ “ქეშბექს“ ტყუილად არავინ არ იძლევა. “ქეშბექის“ უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები.
ეს დიდ ქსელებს იმის შესაძლებლობას აძლევს. რომ ამ ფასდაკლებიდან მაქსიმუმი მოსთხოვონ, რაც საბოლოოდ ფასის ზრდას იწვევს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
მან ასევე განმარტა, რომ კომპანიებს არ სურთ, დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები, სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომაც ისინი ამჯობინებენ “ქეშბექის” სქემას, ვინაიდან ეს იძლევა საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს.
“ქეშბექი” ეს არის შეფარული ფასდაკლება. რას გულისხმობს ეს კონკრეტულად: - კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომელსაც ჩვენ დისტრიბუტორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელებისთვის, ამიტომ, “ქეშბექის” ჭრილი ბუნდოვანია, ამას ვერ იგებს ადამიანი, რომელიც შედის rs.ge-ზე, ანუ კომერციული პირობა უცნობია და ეს არის მათივე შემოთავაზებული სქემა, თორემ ჩემთვის მაგალითად, სულ ერთია, “ქეშბექს” მოვთხოვ თუ ფასდაკლებას“, - განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.