ავტორი:

"შავი წვიმა“ თეირანში - რას აცხადებენ მეცნიერები?

"შავი წვიმა“ თეირანში - რას აცხადებენ მეცნიერები?
  • სატელიტურ სურათებზე მკაფიოდ ჩანს, რომ ორშაბათს თეირანის თავზე გავრცელდა კვამლის მასები, რომლებიც ნავთობის საცავებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა გამოიწვია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აფრთხილებს, რომ ნავთობის ობიექტებზე თავდასხმები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები დაიწყო, BBC Verify-მა დედაქალაქის მიმდებარედ მდებარე მინიმუმ ოთხ ნავთობობიექტზე განხორციელებული დარტყმები დაადასტურა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სმოგმა მზე დაფარა და ქალაქის ზოგიერთ რაიონში მძაფრი დამწვრის სუნი გავრცელდა. ექსპერტები კი აფრთხილებენ, რომ გარკვეული დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფის მასშტაბი შესაძლოა უპრეცედენტო იყოს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 7 მარტს სოციალურ ქსელ X-ში დაწერეს, რომ თეირანის მახლობლად მდებარე "საწვავის საცავებზე“ მიიტანეს იერიში. პოსტს თან ახლდა ფოტო, რომელზეც თეირანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანებაა ნაჩვენები.

BBC Verify-მა აღნიშნული ობიექტის კოორდინატები, ისევე როგორც ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული კიდევ სამი ადგილი, კომენტარისთვის გაუგზავნა როგორც IDF-ს, ისე პენტაგონს.

პენტაგონმა კითხვებს არ უპასუხა, ხოლო ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ "IDF-ს ამ კონკრეტულ ობიექტებზე დარტყმა არ განუხორციელებია“. BBC-მ დამატებითი განმარტებები მოითხოვა.

ინფოგრაფიკაზე ნაჩვენებია ოთხი დაზიანებული ობიექტი: ფარდისისა და შაჰრანის ნავთობის საცავები, ჩრდილოეთში მდებარე აღდასიეს ობიექტი და სამხრეთში თეირანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

ჰაერის დაბინძურების მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ, კონცენტრირებულია სწორედ ამ დაზიანებული ნავთობობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე. თეირანი თითქმის 10 მილიონი მოსახლით და მილიონობით გარეუბნის მცხოვრებით ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია რეგიონში.

  • სატელიტური მონაცემები და ხანძრები

9 მარტს გადაღებული და BBC Verify-ის მიერ გაანალიზებული უახლესი სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ თეირანში მდებარე ორი დიდი ნავთობობიექტი კვლავ იწვის. ეს მას შემდეგ ხდება, რაც შაბათს ღამით ავიადარტყმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

სურათებზე ჩანს, რომ კვამლი ამოდის შაჰრანის ნავთობის საცავიდან (დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთი) და თეირანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან (ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთი).

დარტყმის შემდეგ გადაღებულ ვიდეოში, რომლის ავთენტურობაც დადასტურდა, ჩანს ცეცხლის უზარმაზარი ალები, რომლებიც ღამის ცას ანათებს.

მიუხედავად ამისა, ღრუბლიანობისა და მიმდინარე ხანძრების გამო, დაზიანების სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ რთულია.

კვირას დილით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოწმებენ მაშველები შაჰრანის ბაზაზე დამწვარი ნავთობის ცისტერნებს, გაშავებულ შენობებსა და ჯერ კიდევ მიმდინარე ხანძრებს.

  • რატომ იწვევს ნავთობობიექტებზე დარტყმები ძლიერ დაბინძურებას

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში გამოიყენება მრავალფეროვანი ქიმიური ნივთიერებები, ამიტომ ასეთ ობიექტებზე ხანძარი ჰაერის ძლიერ დაბინძურებას იწვევს.

თუ ნავთობი არასრულად იწვის, ანუ ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში, მაშინ ნახშირორჟანგისა და წყლის ნაცვლად გამოიყოფა ნახშირჟანგი და ჭვარტლის ნაწილაკები.

გარდა ამისა, ხანძრები გამოყოფს გოგირდისა და აზოტის ოქსიდებს, რომლებიც წვიმის წყალში გახსნისას მჟავებს წარმოქმნის. ასევე ატმოსფეროში ხვდება სხვა მავნე ნახშირწყალბადები, მეტალის ნაერთები და ნავთობის წვეთები.

  • რამდენად დაბინძურებულია ჰაერი?

თეირანის ერთმა ახალგაზრდა მცხოვრებმა BBC-ს უთხრა, რომ ქალაქში მუდმივად იგრძნობა "დამწვრის მძაფრი სუნი“.

"მზეს ვერ ვხედავ. საშინელი კვამლია. ჯერ კიდევ არ გაფანტულა. ძალიან დავიღალე“, - ამბობს ის.

ჰაერის დაბინძურების ზუსტი შეფასება რთულია, რადგან ადგილზე ჩატარებული კვლევები არ არსებობს, ხოლო სატელიტური მონაცემების ინტერპრეტაცია ქარისა და ღრუბლიანობის გამო გართულებულია.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ დაბინძურება ექსტრემალური მასშტაბისაა და მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ სმოგისგან, რომელიც პერიოდულად გვხვდება ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პეკინი ან დელი.

რედინგის უნივერსიტეტის მკვლევრის, დოქტორ აქშაი დეორასის თქმით, ეს შემთხვევა ფაქტობრივად უპრეცედენტოა.

მისი განმარტებით, ბევრ კონფლიქტს თან ახლავს მტვრისა და ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია, თუმცა აქ საქმე გვაქვს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების მთელ კომპლექსთან.

ამ შეფასებას იზიარებს ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორი ელოიზ მარე, რომელიც ატმოსფერულ ქიმიასა და ჰაერის ხარისხს იკვლევს. მისი თქმით, ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი მასშტაბის დაბინძურება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალიან მძიმე ინდუსტრიული ავარიის დროს, მაგალითად მაშინ, როდესაც მთლიანად ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ფეთქდება.

  • რა არის "შავი წვიმა“

კვირას თეირანის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქში "შავი წვიმა“ მოვიდა.

ეს არაფორმალური ტერმინია და აღნიშნავს ნალექს, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა მინარევით, რის გამოც წვიმის წყალი მუქ ფერს იღებს.

მეცნიერების განმარტებით, ჩვეულებრივ წვიმა ჰაერში არსებულ დამაბინძურებლებს "რეცხავს“, თუმცა შავი წვიმა იშვიათია და ძირითადად მაშინ ხდება, როცა ჰაერში ჭვარტლისა და სხვა ნაწილაკების უკიდურესად მაღალი კონცენტრაციაა.

დეორასის თქმით, წვიმის წვეთები მოქმედებდნენ როგორც პატარა ღრუბლები ან მაგნიტები, რომლებიც ჰაერში არსებულ ყველა ნივთიერებას აგროვებდნენ.

  • შესაძლო შედეგები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა უკვე გამოხატა შეშფოთება კონფლიქტის ჯანმრთელობაზე გავლენის გამო.

მისი თქმით, ნავთობობიექტების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს საკვების, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

ლესტერის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ეპიდემიოლოგიის პროფესორი ანა ჰანსელი ამბობს, რომ ასეთი ძლიერი ნაწილაკოვანი დაბინძურება დაუყოვნებლივ აზიანებს ფილტვებს, თუმცა მისი შედეგები შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს, მათ შორის გაზარდოს კიბოს რისკიც.

ორგანიზაცია Conflict and Environment Observatory-ის დირექტორის, დაგ ვეირის თქმით, განსაკუთრებული ის არის, რომ მსგავსი თავდასხმები აქამდე ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე იშვიათად გვინახავს.

მისი თქმით, ნავთობის მსგავსი ობიექტები ხშირად ქალაქებიდან შორს, სოფლის რეგიონებში მდებარეობს, ხოლო თეირანში ადამიანები პირდაპირ ექვემდებარებიან შავი წვიმით მოტანილი სხვადასხვა ნივთიერებების ზემოქმედებას.

BBC Weather-ის პროგნოზით, ამ კვირაში ირანში მოსალოდნელია წვიმები და ძლიერი ქარი, რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს დაბინძურების გაფანტვას.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე სრულად გაქრება - დამაბინძურებლები შეიძლება მოხვდეს მდინარეებსა და წყალსაცავებში, ან მიწაზე დაჯდეს, გაშრეს და შემდეგ ქარის შედეგად კვლავ ჰაერში აიტაცოს. წყარო

იხილეთ ასევე: