ავტორი:

"გადაამოწმეთ, ერთი მოსამართლე მაინც დარწმუნდეს, რომ დაქირავებული კილერი არ ვარ" - ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გელა უძილაური

"გადაამოწმეთ, ერთი მოსამართლე მაინც დარწმუნდეს, რომ დაქირავებული კილერი არ ვარ" - ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გელა უძილაური

ერთი მოსამართლე მაინც დარწმუნდეს, რომ დაქირავებული კილერი არ ვარ, უვადოზე მეტად დიდი უბედურება სახელია, რაც მომაკერეს, - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა განაცხადა.

ის აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულები მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი არიან, ჩვენებას აძლევს.

ის ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის მძღოლისა და დაცვის მოვალეობას ითავსებდა. ჯოხაძეს კი ძმებ მიქაძეებთან ერთად ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.

"უვადო პატიმრობა მომისაჯეს იმისთვის, თითქოს, 15 თებერვალს მე და გიორგი ჯოხაძე "თბილისი თაუერსში" ერთმანეთს შევხვდით და შემდეგ, 18 თებერვალს ახატანში შევხვდით.

ვითომ მტკიცებულებით უვადო პატიმრობა მაქვს მისჯილი, ორი ინსტანციის სასამართლოს ვუთხარი, დეტალურები გადაემოწმებინა. დეტალურები შეცდომითაა დატანილი. უვადო პატიმრობა მომეცით, თანამედროვე სიკვდილით დასჯაა.

გადაამოწმეთ დეტალურები. ჩემი და გიორგი ჯოხაძის ტელეფონები 15 და 18 თებერვალს გადაკვეთილი არაა და რომც ყოფილიყო, არაფერს ნიშნავს", - განაცხადა უძილაურმა.

მას პროკურორმა აღნიშნულის საპასუხოდ უთხრა, თუ რატომ მიუსაჯა მას სასამართლომ უვადო, ეს სასამართლოს განმარტებულია.

"ბატონო მოსამართლე, თხოვნით მიგმართავთ, თქვენ მაინც გადაამოწმეთ სატელეფონო დეტალურები, ერთი მოსამართლე მაინც დარწმუნდეს, რომ დაქირავებული ქილერი არ ვარ, უვადოზე მეტად დიდი უბედურება სახელია, რაც მომაკერეს.... ჩემი სისხლის სამართლის საქმეზე ამდენი მტკიცებულებაა და არცერთი არაა მართალი. უვადო პატიმრობა მაქვს მისჯილი, მოვედი აქ და აქაც არ მალაპარაკებთ",- განაცხადა უძილაურმა.

მას პროკურორმა აღნიშნულის საპასუხოდ უთხრა, რომ "ამდენი ჯობდა თავის დროზე ელაპარაკა".

"იცით რატომ არ ვილაპარაკე? არ მეგონა ჩემს საქმეზე ამდენ ტყუილს თუ ჩაწერდი",- განაცხადა უძილაურმა.

აღნიშნულის შემდეგ, მას პროკურორმა მამუკა ბაღდავაძესთან მისვლისა და გიორგი ჯოხაძესთან დარეკვის ეპიზოდზე დაუსვა კითხვები.

"გიორგი ჯოხაძეს დავურეკე, რათა მეთქვა, რა უბედურება დამემართა, მკვლელობა მაქვს ჩადენილი, მაგრამ გიორგი ჯოხაძესთან ვერ გავედი კონტაქტზე. ღმერთმა ყველა დაიფაროს მოულოდნელი განსაცდელისგან. როცა ამხელა უბედურება დამემართა, მინდოდა ჯოხაძისთვის მეთქვა, შემთხვევითი მკვლელობა მომივიდა, არავინ თქვას არასდროს. როცა ასეთი უბედურება გემართება, გინდა ვიღაცას უთხრა, ის ვიღაც გიორგი ჯოხაძე იყო. ვიცოდი რომ გიორგი ჯოხაძე და მამუკა ბაღდავაძე მეგობრები იყვნენ, წავედი მამუკა ბაღდავაძესთან, ნეტა არ წავსულიყავი, ჩემი უბედურება არ მეყოფა? კაცი ტყუილად ზის, კაცი არ მინახავს.. მკვლელობა ჩადენილი მაქვს, მეორე თუ მესამე დღეა, ბაღდავაძეს დავურეკე და როგორც კლიენტი, ისე დაველაპარაკე. თითო სიტყვა როგორ გავიხსენო, მინდოდა ჯოხაძის ნომერი გამომერთმია. ტაქსის მძღოლს არ მინდოდა ჩემი სახელი და გვარი გაეგო, ამიტომ დავურეკე როგორც კლიენტმა, მეორე დღეს ჩაბარებას ვაპირებდი",- განაცხადა უძილაურმა.

მისი თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ მკვლელობისთვის 15 წელს მიუსჯიდნენ და მისთვის წარმოუდგენელი იყო უვადო პატიმრობის შესახებ სასჯელი.

"მე რას წარმოვიდგენდი რომ უვადოს მომცემდნენ, მეგონა მკვლელობაზე 15 წელს მომცემდნენ, ამიტომ მინდოდა ერთი დღე ღია ცის ქვეშ გამეტარებინა და მეორე დღეს ჩავბარებოდი”, - განაცხადა უძილაურმა.

უძილაურის თქმით, მას იარაღი მეგობარმა დიდი ხნის წინ აჩუქა. პროკურორის კითხვაზე, თუ სად არის იარაღი, უძილაურმა უპასუხა, რომ არ იცის.

"არანაირი განზრახვა არ მქონია მკვლელობის, იმ წუთში დავასწარი, მიცნო და იარაღის ამოღება სცადა, წაქცეული იყო და არ ვესროლე, მის უკან მივდიოდი და არ მისვრია, შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა რომ მნდომებოდა, მიბჯენით ერთხელ სროლით მოვკლავდი, გამაფრთხილებელი გასროლა განვახორციელე ორჯერ, არ ამოიღო იარაღი-მეთქი", - განაცხადა უძილაურმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.