11 მარტს, ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ სამი სამოქალაქო გემი ცეცხლის ქვეშ მოექცა, - იუწყება BBC News-ი.
ტაილანდის დროშით მცურავ მშრალტვირთმზიდ "Mayuree Naree“-ზე დაბომბვის შედეგად, ხანძარი გაჩნდა. გემის ეკიპაჟის 23-ვე წევრის გადარჩენა ომანის საზღვაო ძალებმა შეძლეს. გემი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ხალიფას პორტიდან მიემართებოდა.
ცეცხლის ქვეშ მოხვდა ასევე იაპონიის დროშით მცურავი კონტეინერმზიდი "One Majesty“. გემის კორპუსში დაახლოებით 10 სანტიმეტრის დიამეტრის ხვრელი გაჩნდა და იგი უახლოესი უსაფრთხო პორტისკენ მიემართება. კონტეინერმზიდი რას-ელ-ხაიმას პორტიდან (არაბთა გაერთიანებული საამიროები) იყო გასული.

კორპუსის დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მშრალტვირთმზიდმა - "Star Gwyneth“-მა, რომელიც მარშალის კუნძულების დროშით მოძრაობს. გემის ეკიპაჟი არ დაშავებულა. შეიცვალა თუ არა გემმა მარშრუტი დაბომბვის შემდეგ, ამ დროისთვის უცნობია.
მოგვიანებით ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ირანმა დარტყმები მიიტანა ორ მშრალტვირთმზიდზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ.

მათი განცხადებით, ერთ-ერთი გემი "Express Rome“, რომელიც ლიბერიის დროშით მოძრაობდა, ისრაელის საკუთრებაა. მეორე გემი კონტეინერმზიდი "Mayuree Naree“ ტაილანდს ეკუთვნის. IRGC ამტკიცებს, რომ ორივე გემმა გაფრთხილებები უგულებელყო.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია - აქ გადის გლობალური ნავთობის ტრანსპორტირების დაახლოებით 20–25%.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმები დაიწყეს, თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში მოძრაობას ბლოკავს. ამ მარშრუტის შეფერხებამ უკვე გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა.

10 მარტის საღამოს გავრცელდა ცნობები, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების განთავსება დაიწყო. მალავე ამერიკულმა სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ სრუტის სიახლოვეს რამდენიმე ირანული სამხედრო ხომალდი გაანადგურა, მათ შორის ნაღმების დამგები გემებიც. წყარო
დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის მონაცემებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში 13 ხომალდზე თავდასხმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
იხილეთ ასევე: