ავტორი:

რუსეთში მობილური ინტერნეტი გათიშეს: შესაძლოა ეს უკავშირდება "თეთრ სიებს" და კონტროლის ახალ სისტემას - რას ნიშნავს ეს?

რუსეთში მობილური ინტერნეტი გათიშეს: შესაძლოა ეს უკავშირდება "თეთრ სიებს" და კონტროლის ახალ სისტემას - რას ნიშნავს ეს?

რუსეთის რიგ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვის ნაწილში უკვე თითქმის ერთი კვირაა არ მუშაობს მობილური ინტერნეტი, როგორც ოპერატორები აცხადებენ, შეფერხების აღმოფხვრა მათზე არ არის დამოკიდებული. თავად ხელისუფლება კი ხარვეზების გამოსწორების ვადებს არ ასახელებს და ამას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის.

ინტერნეტის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები მოსკოვში უკვე ექვსი დღეა გრძელდება, საზოგადოებრივი საკომუნიკაციო ქსელის მონიტორინგისა და მართვის ცენტრის მონაცემებით, პრობლემები რამდენიმე ოპერატორის, მათ შორის “დიდი ოთხეულის" MT, Beeline, MegaFon, Т2 აბონენტებთან იჩენს თავს.

მომხმარებლებმა მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული პირველი პრობლემები 5 მარტის საღამოს შენიშნეს. ის თავდაპირველად სამხრეთ ადმინისტრაციულ ოლქში დაფიქსირდა, რასაც შემდეგ ქალაქის ცენტრალურ ნაწილიც მიემატა, ყოველივე ეს აჩენს ვარაუდს, რომ ე.წ. თეთრი სიების“ მუშაობის ტესტირების პროცესმა უკვე დედაქალაქამდეც მიაღწია.

მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ მხოლოდ ის საიტები მუშაობდა, რომლებიც ხელისუფლების მიერ დამტკიცებულ “თეთრ სიაში“ შედის და რომლებიც საყოველთაო გათიშვების შემთხვევაშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს. როგორც ჩანს პრობლემის გვერდის ავლაში არც VPN შველის. თუმცა ერთმა მოსკოველმა, რომელიც BBC - ს ესაუბრა, თქვა, რომ მასთან “სიის“ საიტებიც კი არ მუშაობდა.

გაზეთმა “Коммерсант“ -მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მობილური ოპერატორები კავშირს ხელისუფლების მოთხოვნით ზღუდავენ. 6 მარტს ოპერატორები აცხადებდნენ, რომ კავშირი მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ქრებოდა. ასევე არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.

7 მარტს კავშირის გათიშვა, როგორც ჩანს, არა რაიონების, არამედ დაფარვის ზონების მიხედვით დაიწყო. ასე, მაგალითად, ერთ მხარეს ქუჩაზე ინტერნეტი და მობილური კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო, მეორე მხარეს კი - არა. გამოცემა “Агентство“-ის ანალიზმა აჩვენა, რომ გათიშვები ძირითადად მოსკოვის ცენტრალურ რაიონებს შეეხებოდა.

მსგავსი, თუმცა ნაკლები მასშტაბის შეფერხებები შეინიშნება პეტერბურგის ცენტრშიც. ერთმა ადგილობრივმა BBC-ს უთხრა, რომ ცენტრის გარეთ ყველაფერი ნორმალურად მუშაობს, მათ შორის Telegram-იც კი, VPN-ის გარეშე.

10 მარტს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეზღუდვები “უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან“ იყო დაკავშირებული, ხოლო მეორე დღეს დაამატა, რომ გათიშვები კანონიერია და იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭირო იქნება.

გამოცემა РБК ინფორმაციული უსაფრთხოების ბაზარზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლება ე.წ. თეთრ სიებს ტესტავს. რუსეთში ამ ტექნოლოგიის გამოყენება 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყეს. რასაც მოსახლეობისთვის მობილური ინტერნეტის გათიშვების შედეგების შემსუბუქებით ხსნიდნენ, რასაც, ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინული დრონების თავდასხმებით ხსნიდა.

  • რას ნიშნავს "თეთრი სია“ (whitelist)?

"თეთრი სიების“ პრინციპი ინტერნეტის მართვის ერთ-ერთი მეთოდია.

ეს სია ნიშნავს, რომ ქსელში დაშვებულია მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული საიტები და სერვისები.

ყველაფერი, რაც ამ სიაში არ არის, ავტომატურად იბლოკება ან არ მუშაობს.

თუ ადრე ცენზურის მეთოდები მუშაობდა პრინციპით “ყველაფერი ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის“, “თეთრი სია“ მუშაობს პრინციპით “ყველაფერი აკრძალულია, გარდა ნებადართულისა“. მსგავსი სისტემა გამოიყენება, მაგალითად, ირანში. იდეის მიხედვით, ეს ადამიანებს საშუალებას აძლევს გარკვეულ რესურსებზე მაინც მაშინაც კი შევიდნენ, როდესაც მობილური ინტერნეტი გათიშულია.

რესურსების სიას ციფრული განვითარების სამინისტრო აახლებს. მასში სახელმწიფო უწყებების საიტები, ზოგიერთი დიდი ბანკი, მიწოდების სერვისები, ტაქსების სერვისი, მარკეტპლეისები და პროპაგანდისტული მედიები შედიან.

ზოგი კომენტატორი მიიჩნევს, რომ “სიები“ შესაძლოა მომავალი, მსოფლიოსგან იზოლირებული “რუნეტის“ პროტოტიპს წარმოადგენდეს. არსებობს ჰიპოთეზა, რომ მოსკოვში მიმდინარე მოვლენები სწორედ ამ ტექნოლოგიის ტესტირებაა. რუსეთის ხელისუფლებას აღნიშნული არასდროს დაუდასტურებია და ყველა შეფერხებას უსაფრთხოების ზომებით ხსნის.

შეგახსენებთ, 2019 წელს რუსეთში მიიღეს კანონი Russian Sovereign Internet Law.

ამ კანონის მიზანია შექმნას "სუვერენული რუნეტი“, რაც ნიშნავს: ინტერნეტის მუშაობას გლობალური ქსელის გარეშეც; მონაცემების კონტროლს რუსეთის შიგნით; უცხოური პლატფორმების შესაძლო დაბლოკვას.

წყარო