ავტორი:

არის თუ არა უთანხმოება დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის ირანის საკითხზე? -  რას ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი

არის თუ არა უთანხმოება დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის ირანის საკითხზე? -  რას ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი

10 მარტს, ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობდა თუ არა მასა და ჯეი დი ვენსი შორის უთანხმოება ირანის წინააღმდეგ მოქმედებებთან დაკავშირებით, ტრამპმა თქვა, რომ "ასე არ ჰგონია“.

"ამ საკითხზე ძალიან კარგად ვთანხმდებით. ისე ვიტყოდი, ფილოსოფიურად ის ჩემგან ცოტათი განსხვავდებოდა, ვფიქრობ, შესაძლოა ნაკლები ენთუზიაზმით უყურებდა ამ ნაბიჯს, თუმცა მაინც საკმაო ენთუზიაზმი გააჩნდა. მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ ეს ის იყო, რაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მგონია, არჩევანი გვქონოდა. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, ისინი გააკეთებდნენ ამას ჩვენს წინააღმდეგ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ტრამპმა აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ABC News-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენსმა რომელიც ზოგადად აშშ-ის საგარეო სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება, ირანზე დარტყმებთან დაკავშირებით შიდა დონეზე თავისი შეშფოთება გამოხატა.

თუმცა, როგორც კი ნათელი გახდა, რომ ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ვენსმა ყურადღება სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერაზე გადაიტანა, - განუცხადა წყარომ ABC News-ს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვენსი, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ვეტერანი, რომელიც ერაყში მსახურობდა, შიდა დონეზე აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

გასულ წელს, Signal-ის ჯგუფურ ჩატში, სადაც იემენში ჰუსიტებზე აშშ-ის შეტევა განიხილებოდა და შემთხვევით ჟურნალისტიც აღმოჩნდა მოწვეული, ვენსი ასევე ტრამპისგან განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდა, მან ეჭვქვეშ დააყენა, აცნობიერებდა თუ არა პრეზიდენტი, რომ ჰუსიტებზე აშშ-ის ერთპიროვნული შეტევა საერთაშორისო საზღვაო გზების დასაცავად წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მკაცრ განცხადებებთან ევროპული ქვეყნების შესახებ, რომლის თანახმად, მსგავსი ოპერაციებში თავიანთი წილი მათაც უნდა გადაეხადათ.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ იერიშებამდე რამდენიმე დღით ადრე ვენსმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ თუ აშშ დარტყმებს განახორციელებდა, ირანში ხანგრძლივი ომის დაწყების “არანაირი შანსი“ არ იყო.

ვიცე-პრეზიდენტმა იგივე აზრი ცოტა ხნის წინ Fox News-თან ინტერვიუშიც გაიმეორა, თუმცა დაამატა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია “შეიძლება ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდეს“.

მისი თქმით, მიზანი მკაფიოა: “ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მან გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იკისროს ვალდებულება, რომ ბირთვული შესაძლებლობის აღდგენას აღარ ეცდება”.

წყარო