ავტორი:

ასისტი და 2 გოლი: "კვარას" შოუ "პარკ დე პრენსზე“ - რა თქვეს კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ გიჟური მატჩის შემდეგ?

ასისტი და 2 გოლი: "კვარას" შოუ "პარკ დე პრენსზე“ - რა თქვეს კვარაცხელიამ და ლუის ენრიკემ გიჟური მატჩის შემდეგ?

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე "ჩელსი“ 5:2 დაამარცხა. შინ "მონაკოსთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობა შეცვალა და კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენა. მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ბარკოლამ დააწინაურა. მერე ბრედლის დუბლის შესრულების საშუალება მეკარე იორგენსენმა არ მისცა. აქედან მოყოლებული პარიზელთა შეტევები მინავლდა, სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ და გიუსტომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ ფოფანა ჩამოიცილა და ბურთს ლონდონელთა კარში მიუჩინა ადგილი. 57-ე წუთზე ფერნანდესმა თანაფარდობა აღადგინა, მალე ლუის ენრიკემ თამაშის გასამწვავებლად დუე ხვიჩათი შეცვალა და მისი პასით ვიტინიამ გაიტანა. ქართველს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ საგოლე პასი პორტუგალიელს მისცა. და ამ დროს "კვარაზე“ ფრანგული გამოცემები წერენ, ეგოისტურად მოქმედებსო. ამასაც არ დასჯერდა კვარაცხელია და იორგენსენს შორიდან თქვენი მოწონებული ბურთი შეუგდო, კომპენსირებულ დროში დუბლიც შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვება მოუპოვა.

  • რა თქვა ხვიჩამ მატჩის შემდეგ?

ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან“ საკუთარ მოედანზე მოგებული პირველი მერვედფინალური მატჩის (5:2) შემდეგ, კლუბის ტელევიზიასთან კომენტარი დუბლის და საგოლე გადაცემის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:

"ეს ჩვენი შესანიშნავი თამაში იყო. საპასუხო შეხვედრის წინ სამგოლიანი უპირატესობა გვაქვს. ლონდონში გავემგზავრებით, ვიცით, იქ ადვილი შეხვედრა არ გველოდება, მაგრამ კონცენტრირება და მზადყოფნა გვჭირდება. თუნდაც, როდესაც 3:2-ს ან 4:2-ს ვიგებთ, ყოველთვის მეტი გოლის გატანას ვცდილობთ.

ვფიქრობ, გავიმარჯვეთ, რადგან ეს ძალიან გვინდოდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ძალიან მიხარია, რომ დიდებულად ვიასპარეზეთ. სასიამოვნოა ასეთი ჩინებული გულშემატკივრებისთვის გოლების გატანა. ასე რომ, მართლაც ბედნიერი ვარ. ცოტა რთულია, როცა შეცვლაზე სათადარიგოთა სკამიდან შედიხარ, თუმცა უბრალოდ ჩემი სამუშაოს შესრულებას ვცდილობ და ვფიქრობ, დღეს ამოცანას თავი ჩინებულად გავართვი. დიდი გზა გვაქვს გასავლელი და ამიტომ მომდევნო მატჩზე ვარ კონცენტრირებული“.

  • რა თქვა ლუის ერნიკემ?

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ქართველის შესახებ კითხვა დაუსვეს.

- კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ხვიჩას თამაშის გამო ხომ არ ინანეთ, რომ სასტარტოში არ დააყენეთ?

- არა. ის, რასაც ჩვენ ვეძებთ - ფეხბურთელებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ახლავე ისევ რომ მოგვიწიოს შეხვედრის თავიდან დაწყება, იმავეს გავაკეთებდი.

მან აგრეთვე თქვა, ლონდონში გაუჭირდებათ, მაგრამ იქაც გამარჯვებას შეეცდებიან.

პარიზული კლუბის საიტმა აღნიშნა, რომ სანახაობრივ დაპირისპირებაში "კვარას“ შოუმ გამარჯვება მასპინძლებს მოუპოვა.

საპასუხო შეხვედრა 17 მარტს "სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდება.

კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 11 გოლი და 7.

იხილეთ ასევე: