ავტორი:

“საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული“ - რა ხდებოდა ევროპარლამენტში, ჩვენი ქვეყნის შესახებ გამართული დებატებისას?

“საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული“ - რა ხდებოდა ევროპარლამენტში, ჩვენი ქვეყნის შესახებ გამართული დებატებისას?

11 მარტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სახელწოდებით: "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში".

აღნიშნულ თემაზე რეზოლუციას კენჭი 12 მარტს ეყრება.

ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. დებატები რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა რასა იუკნევიჩიანემ გახსნა.

  • “არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია. ეს სიმართლე არაა. კი, დღეს ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში, თუმცა, საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული“, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

მისი თქმით, "ამის მტკიცებულებაა წერილი, რომელიც გუშინ ელენე ხოშტარიასგან" მიიღო, რომელშიც ელენე ხოშტარია წერს:

"სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ როგორი მადლიერი ვარ, როდესაც თქვენს ურყევ, უწყვეტ მხარდაჭერას და ერთგულებას ვხედავ საქართველოს მიმართ, ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის მიმართ. ფასდაუდებელია თქვენნაირი მეგობრების ყოლა ამ რთულ დროს.

ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩემი სახელი საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა ცხადია, რომ მთავარი მე კი არა, ქართველი ხალხია, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოავლინა რუსეთთან ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის; ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად.

რასა იუკნევიჩიანემ დებატები ელენე ხოშტარიას წერილით გახსნა

მინდა, იცოდეთ, რომ მზად ვარ, ციხეში იმდენ ხანს ვიყო, რამდენიც საჭირო იქნება და პირადად ჩემი დაპატიმრების გამო არ ვწუხვარ. გაცილებით მნიშვნელოვანია, საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ევროპა დგას საქართველოში. ამას კი თქვენ ნამდვილად წარმატებით ახერხებთ.

შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი გამოყენება სავაჭროდ მოინდომოს, როგორც მძევლების. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის.

როგორც იცით, ოპოზიციამ მოახერხა ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანება, რაც, მჯერა, დამატებით ბიძგს მისცემს საქართველოს საკითხს. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბოლო დროს დაწესებულმა სანქციებმა აჩვენა, თუ რამდენად ეფექტურია ეს ზომები.

სანამ ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის, მტკიცედ ვიბრძვით ჩვენც, პოლიტიკური პატიმრები, და თქვენი, ჩვენი მეგობრების, მტკიცე მხარდაჭერა ამ ბრძოლაში მაძლევს რწმენას, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას!", - წერს ხოშტარია რასა იუკნევიჩიენესთვის გაგზავნილ წერილში.

წერილის წაკითხვის შემდეგაც ევროპარლამენტარმა მიმართა ქართველებს: "საქართველო და ქართველები, თქვენ დაკარგულები არ ხართ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის".

  • ევროპარლამენტარ, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებით საქართველომ ევროპული პერსპექტივები მიატოვა, რამაც ქვეყნის შიგნით და გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია.

„აქ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მათ კი ევროპული პერსპექტივები მიატოვეს, რამაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სიაა, რომლებიც სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ აქ ელენე ხოშტარია დავასახელეთ, მაგრამ მასთან ერთად სხვადასხვა დემოკრატიული ჯგუფის უამრავი წარმომადგენელია ციხეში, რომლებმაც ხმა დემოკრატიის სასარგებლოდ აიმაღლეს“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

  • მალგოჟატა გოშევსკა: თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს.

"თბილისს უნდა მოვუწოდოთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად. კანონები, რომლებიც თავისი ბუნებით რეპრესიულია, გაწვეულ იქნას. ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია მას დაეხმაროს.

ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ რეფორმების სიმბოლო იყო, ახლა კორუფციაში, რეპრესიებში, პოლიტიკურ ძალადობაში იხრჩობა. 150 ადამიანი ციხეშია პოლიტიკური მიზეზებით, მათ შორის ოპოზიციური ლიდერები, ჟურნალისტები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, უბრალო მოქალაქეები, ვინც შეხედულებებისთვისა და მშვიდობიანი პროტესტისთვის ისჯებიან. ბატონი სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, ამის მაგალითია. მსურს ვახსენო, რომ ფაქტი არ არის ნახსენები რეზოლუციაში, რომელზე მოლაპარაკებაც გუშინ იყო. ეს მაკვირვებს, მაღელვებს. პოლიტიკური თამაშების დრო არაა. ნამდვილად უნდა ვებრძოლოთ კანონის, კანონის უზენაესობის ნაკლებობას ამ ქვეყანაში. ამაზე შესწორებები წარვადგინე.

ერთ რამეს უნდა გავუსვათ ხაზი - რეჟიმი ანტიდასავლური პროპაგანდით, დეზინფორმაციით მუშაობს, როგორც რუსეთი. ასე რომ, ევროკავშირის სანქციები არა მხოლოდ პროპაგანდისტული სტილის მედიას, არამედ იმ ადამიანებსაც უნდა შეეხოს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე" , - განაცხადა გოშევსკამ.

  • ევროპარლამენტარ ნატალი ლუაზოს განცხადებით ევროკავშირში არ არსებობს ნება, მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება, მაგრამ საქართველოსთვის დროის გამოყოფა ღირს.

„საბედნიეროდ, არის ერთი ევროპული ინსტიტუტი - ევროპარლამენტი, რომელიც ევროკავშირის ღირსებას იცავს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერი პირისთვის, ვინც უარს ამბობს იმაზე, რომ მმართველ პარტიას დაემორჩილოს. ოპოზიციის წევრებისთვის, ჟურნალისტებისთვის, აკადემიკოსებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რეპრესიები ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი. ჩვენ ევროკავშირისგან მკაცრი ზომების მიღებას მოვითხოვთ. მაგრამ რას ვხედავთ საბჭოში? არ არსებობს ნება, რომ მნიშვნელოვანი სანქციები გამოიყენონ ან იზოლაციაში მოაქციონ თბილისის ხელისუფლება. ვლადიმერ პუტინი გვიყურებს და ჩვენ ძალიან ცუდ მესიჯს ვგზავნით. საქართველოსთვის დროის გამოყოფა ღირს, მაგრამ მოვახერხებთ ამას, როდესაც კომისია იქ დემოკრატიისთვის არაფერს აკეთებს?“, - განაცხადა ნატალი ლუაზომ.

  • “ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს, არ მადარდებს თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს ამას, დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? რა უშლის მათ ხელს?“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

“პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას, დაკავება და დაპატიმრება საქართველოს დემოკრატიული ვარდნის კიდევ ერთი ნაბიჯია. ელენე მმართველი პარტიის წინააღმდეგ პროტესტის მესიჯების დაწერისთვის დააკავეს და ახლა ციხეში წლების გატარების წინაშეა, თუ გაამტყუნებენ. ის ერთ-ერთია მრავალ ადამიანთაგან, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ნაწილია", - აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ბოლოს მიღებულ კანონებსაც და განაცხადა, რომ ის "საბაზისო აქტივიზმსა და სამოქალაქო საზოგადოებას კრძალავს" ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან. და არ მადარდებს თუ ორი წევრი ქვეყანა ბლოკავს საბჭოში. დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? არ შეუძლიათ მათ სანქციების შემოღება? რა უშლის მათ ხელს?

წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩუმე და უმოქმედობა მხოლოდ აძლიერებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და სახიფათო სიგნალს აგზავნის, რომ კანდიდატ ქვეყანაში მოქალაქეების რეპრესირება პასუხის გარეშე შეიძლება”,- განაცხადა გრეგოროვამ.

  • ევროპარლამენტარ, ტომაშ ფროლიხას თქმით საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საქართველოზე, რადგან ის განსხვავებული ქვეყანაა. ის ქრისტიანული ღირებულებების სიმბოლოა და თავს „ვოუქ“ იდეოლოგიისგან იცავს. მას საგარეო პოლიტიკის მიმართ პრაგმატული მიდგომა აქვს და არ სურს კიევად გადაიქცეს“, - განაცხადა ტომაშ ფროლიხმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს. „ჩვენ ვცდილობთ მათ ლექციები წავუკითხოთ და ხალხს მთავრობის წინააღმდეგ აქციებისკენ მოვუწოდებთ. ამას კი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ვაკეთებთ. 4 მილიონიან ქვეყანაში 3000 არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელია.

ფაქტებს შევხედოთ - 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს უსწრებენ. ეკონომიკის თვალსაზრისით ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში პირველ ადგილზე არიან. მათ რეჟიმის ცვლილება არ სჭირდებათ“, - აღნიშნა მან.

  • დაინიუს ჟალიმასის თქმით საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა.

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. არ შეიძლება ევროკავშირს, მის წევს ქვეყნებსა და ამჟამინდელ ქართულ რეჟიმს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

ამავდროულად, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა - ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. შესაბამისად, ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს, როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან, ასევე, რეჟიმის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ტერორს.

დღეს ლიეტუვა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების მცდელობებს ყველაზე ადრეულ ეტაპზე და მტკიცედ სჭირდება წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია, მისი დაბრუნება გაცილებით უფრო რთული ხდება”, - განაცხადა ჟალიმასმა.

“ქართველმა ხალხმა ათწლეულების წინაშე ნათელი გახადა - მათ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს სჯერათ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობა. თუმცა, “ქართული ოცნების” ერთპარტიულ მმართველობას, პუტინის სახელმძღვანელოს გამოყენებით, ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს.

ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პრო-ევროპული ხმები არსებული რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან. მათ პატიმრობის წლები ემუქრებათ მხოლოდ ხმის ამოღებისთვის.

როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, არ შეგვიძლია უმოქმედოთ ვიყოთ მაშინ, როდესაც ფუნდამენტური თავისუფლებები იშლება. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ და მსურს კიდევ ერთხელ ვახსენო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამიზნული სანქციების შემოღების საჭიროება, მისი გამანადგურებელი როლისთვის პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და ყველა ქართველზე”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა.

  • ტიერი მარიანი: 2024 წლიდან ყველაფერს აკეთებთ, რომ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას ძირი გამოუთხაროთ, შეწყვიტეთ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟის გამოყენება.

“ამ პარლამენტის პოლიტბიურო საქართველოზე საუბარს შეურაცხმყოფელი სიტყვებით აგრძელებს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, "სამარცხვინო ნეოკოლონიალისტური" მეთოდები უნდა დასრულდეს.

„ბრიუსელის მხრიდან ამ ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლა, ვიზებით შანტაჟი და ფინანსური მუქარაა. ამჯერად თავდასხმაა „ქართული ოცნების“ პარტიაზე. ეს აშკარა მანიპულირებაა, რადგან არ შეიძლება იმ პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაცია, რომელსაც 2024 წელს მოსახლეობის 50%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა და რომელსაც მყარი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. მათ პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვთ, რაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიალისტური მეთოდები უნდა დასრულდეს, კერძოდ მაშინ, როდესაც საუბარია სამართლებრივი პროცესების მანიპულირებაზე, როგორც ეს ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაშია. ქართველი მოსამართლეები მითითებებს ბრიუსელიდან არ უნდა იღებდნენ. თქვენ 2024 წლიდან ყველაფერს აკეთებთ, რომ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას ძირი გამოუთხაროთ. შეწყვიტეთ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟის გამოყენება“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

  • ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - ჩემი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, არც არასდროს.

ვოპკე ჰუკსტრა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის სახელით გამოვიდა.

“საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება, როგორც ბევრმა აღნიშნა, გაუარესებას აგრძელებს. საქართველოს მთავრობას განზრახ მიჰყავს ქვეყანა ავტოკრატიისკენ, ისინი საბაზისო დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს შლიან.

ბოლო დროის კანონები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ აქტიურობას ზღუდავენ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობასთან, ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრებასთან ერთად, ძალიან ნათლად აჩვენებენ, რომ მთავრობა უგულებელყოფს კანონის უზენაესობას დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის. ეს არ არის ის, რასაც ევროკავშირი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველები მოელიან მთავრობისგან, რომელიც ჯერ კიდევ იბრალებს თითქოს ევროკავშირში წევრობისკენ მიისწრაფვის.

ასე რომ, ჩემი პირველი მესიჯია საქართველოს მთავრობისადმი: მსგავსი ქმედებებითა და მსგავსი კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი. არც 2030 წლისთვის, როგორც მთავრობა იბრალებს, და არც არასდროს, თუ ეს კურსი გაგრძელდება.

საერთაშორისო კანონის ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. თუმცა, რასაც ვხედავთ, არის სისტემატური თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ამ უფლებების მძიმე, გაუმართლებელი და უკანონო შეზღუდვები. მეორე - ევროკავშირი თავის სოლიდარობას გამოხატავს ყველასადმი, ვინც უკანონოდ დააკავეს, ცუდად მოექცნენ და დააპატიმრეს ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის ელენე ხოშტარია.

ევროკავშირი გმობს პოლიტიკურ რეპრესიას, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ, მთავრობას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი.

წამება და ცუდად მოპყრობა სრულიად აკრძალულია საერთაშორისო სამართლით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დარღვევების დაუსჯელობა უნდა დასრულდეს. ოპოზიციური ლიდერები ძალადობის, დაპატიმრებების წინაშე აღმოჩნდნენ და კონსტიტუციური აკრძალვა ახლოვდება. მსგავსი რეპრესიული ტაქტიკები ავტორიტარული ქვეყნების ტაქტიკებს ჰგავს, რათა განსხვავებული ხმები და პოლიტიკური ოპონენტები გააჩუმონ.

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატიის საბაზისო პრინციპები, რომლის საკვანძო ნაწილიცაა პოლიტიკური პლურალიზმი.

საბოლოოდ, ევროკავშირი მზად რჩება პასუხი აგებინოს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოში. გასულ კვირას თქვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტეთ საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მქონეებისთვის. და ეს პასუხია საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ვალდებულებების განზრახ და მუდმივ დარღვევებზე, რომლებიც მან უვიზო მიმოსვლის მიღების დროს აიღო”, - განაცხადა ჰუკსტრამ.