ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს,“ - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად შედეგად სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:
599273250
574228102
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით,“ - ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.