თითქმის 2 კვირაა აშშ, ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც - ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ უშვებს რაკეტებს და დრონებს, რამაც დუბაიში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ნგრევა გამოიწვია.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში 18 დრონი გაანადგურეს. უწყებამ განაცხადა, რომ დრონები ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიგერიეს დრონი, რომელიც შაიბას ნავთობსაბადოსკენ მიემართებოდა.
The Times of Israel-ის ინფორმაციით საერთო ჯამში, დაჯგუფებამ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩრდილოეთის მიმართულებით სულ მცირე 200 რაკეტა ისროლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის მაცხოვრებლებს თავშესაფრებთან ახლოს დარჩენისკენ მოუწოდა. სირენები გალილეასა და ჰაიფაში, ასევე ლიბანის საზღვრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებებში ჩაირთო.
ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა ირანმაც. კერძოდ, ოთხშაბათს საღამოს ირანიდან ქვეყნის ცენტრალური რეგიონისკენ 100 რაკეტა გაისროლეს. "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, მათ "ჰეზბოლასთან“ ერთად ისრაელის წინააღმდეგ "ერთობლივი და ინტეგრირებული ოპერაცია“ განახორციელეს.
ისრაელის თავდაცვის სისტემებმა რაკეტები წარმატებით მოიგერია, თუმცა, რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
CNN-მა, ირანულ მედიაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თეირანმა აიღო და განაცხადა, რომ საზღვაო დრონმა ერთმანეთთან ახლოს მდგარ გემებს დაუმიზნა.
მათივე ინფორმაციით, იმ ფონზე, როცა ირანმა გააძლიერა თავდასხმები რეგიონის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ერაყის ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის ყველა ნავთობტერმინალის ოპერაციები შეეჩერებინა.
ერაყის პორტების გენერალური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ფარჰან ალ-ფარტუსიმ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე გემი იყო, რომელიც სპარსეთის ყურეში, ბასრას პორტში ნავთობის გემიდან გემზე გადაზიდვას ახორციელებდა. ჯერჯერობით უცნობია, გემზე თავდასხმა დრონით განხორციელდა თუ რაკეტით.
ერაყში კომერციული პორტები ღია რჩება, თუმცა ნავთობტერმინალები დახურულია.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით ფართომასშტაბიანი დარტყმები განხორციელდა ლიბანში, “ჰეზბოლას“ საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე. არსებული ინფორმაციით დაიღუპა სულ მცირე 8 ადამიანი.
Reuters-ის ინფორმაციით ორგანიზაცია "გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ცნობით, კონტეინერმზიდ გემს ჯებელ ალის კომერციულ პორტთა ახლოს ჭურვი მოხვდა.
დარტყმის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.
ამასთან, სპარსეთის ყურეში გემებზე თავდასხმების ფონზე დღეს მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს მიაღწია.
ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპარსეთის ყურეში თავდასხმა ექვს კონტეინერმზიდ გემზე განხორციელდა.
იხილეთ ასევე: