თბილისში მცხოვრები დალაქიშვილების ოჯახი თბილისის მერიისთვის რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, წლებია მიწას ვერ იკანონებს. არადა, 1983 წლიდან ამ მიწის ნაკვეთს ისინი იყენებდნენ. ოჯახი უწყებიდან უწყებაში საჩივრის წერილებით დადის, მაგრამ უშედეგოდ. აცხადებენ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი მათ ხელთ აქვთ, სასამართლო დავაც მოიგეს, მაგრამ ქონების გაფორმებას მაინც ვერ ახერხებენ. როგორც ცნობილია, კანონის მიხედვით პირს, რომელიც 2007 წლამდე ფლობდა დაუკანონებელ მიწის ნაკვეთს, სახელმწიფომ მიწა საჯარო რეესტრში უნდა დაურეგისტრიროს.
დავით დალაქიშვილის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება ამ მიწის ნაკვეთის მათ მიერ ფლობა, უფრო მეტიც, აქვთ ამ ქონების გადაცემის ოფიციალური დოკუმენტიც, კომისიამაც დააკმაყოფილა წლების წინ ეს საკითხი, მაგრამ ამ უამრავი დოკუმენტის მიუხედავად, საბოლოოდ რეესტრით ქონებას ვერ იკანონებენ. ეს იმ დროს, როცა მერია უპრობლემოდ ურეგისტრირებს მიმდებარედ მიწის ნაკვეთებს ისეთ ადამიანებს, ვისაც შეხებაც კი არ ჰქონდა იქ არსებულ მიწებთან. ისინი ფიქრობენ რომ ამ მიწის მიმართ დაინტერესება აქვს კონკრეტულ პირებს, სხვაგვარად ვერ აუხსნიათ, რატომ ვერ უნდა დაიკანონონ მიწა, რომელიც მათი საკუთრებაა.
- ბატონო დავით, რამდენი ხანია იბრძვით მიწის დაკანონებისთვის?
- ფაქტობრივად, 12 წლის წინ დაიწყო თბილისის მერიასთან ჩვენი დაპირისპირება. ჩვენი მიწის ისტორია 1983 წლიდან იწყება. ოჯახურად ვფლობდით ნაკვეთს ზემო ვეძისში. ოსეთის ქუჩაზე. იქ არსებობდა ბაღი, ბეტონის ნაგებობა ხის კოტეჯით, ლენტური საძირკველი - ყველაფერი დადასტურებულია ფოტოებითა და ექსპერტიზით. 2014 წელს მივმართეთ მიწის ლეგალიზაციის კომისიას. გვეგონა, პროცესი რამდენიმე თვეში დასრულდებოდა. მაგრამ დაიწყო მრავალწლიანი ბრძოლა.
- რა იყო პირველი უარის მიზეზი?
-კომისიამ განაცხადა, თითქოს მიწაზე არ არსებობდა შენობა-ნაგებობა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი გვქონდა სამხარაულის ექსპერტიზა და ფოტო მასალა. ორი წლის დავის შემდეგ, 2016 წელს, მიწის აღიარების კომისიამ საბოლოოდ გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები და საკითხი გადაუგზავნა ქონების მართვის სამსახურს რეგისტრაციისთვის. სწორედ აქედან დაიწყო პროცედურული გაჭიანურება - ახალი მოთხოვნები, გაუგებარი განმარტებები და დაუსაბუთებელი შეფერხებები. 2023 წელს სასამართლომ გააბათილა უარყოფითი გადაწყვეტილება და დაავალა საქმის ხელახალი განხილვა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო - სასამართლომ დაადასტურა, რომ წინა უარი სამართლებრივად გაუმართლებელი იყო.
- ამის შემდეგ რა მოხდა?
- 2023 წელს, კომისიამ ჩვენი და მეზობლის თანდასწრებით აღიარა, რომ მიწა უნდა გადმოსულიყო ჩვენს საკუთრებაში. თუმცა მოგვიანებით მოტივაცია შეიცვალა - განაცხადეს, რომ მიწის ქვეშ გადიოდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყლის მილი. 2024 წელს წარვადგინეთ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოფიციალური წერილი იმის დასადასტურებლად, რომ მათი კომუნიკაცია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ გადის. მიუხედავად ამისა, 2025 წლის სექტემბერში კვლავ უარი მივიღეთ - ისევ იმავე მიზეზით. გამოდის რომ წარდგენილი დოკუმენტები არც კი წაიკითხეს.

- როგორც მახსოვს, თქვენ ამ პროცესში შიმშილობაც გამოაცხადეთ?
- ეს იყო უკიდურესი ნაბიჯი მერიის მხრიდან სრული იგნორირების შემდეგ. ამის შემდეგ ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე შეგვხვდა და ორი თვის თავზე ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით საქმე ზონალურ კომისიაზე გაიტანა. გვეგონა, გაყინული პროცესი დაიძვრებოდა. მაგრამ საბოლოოდ მოტივაცია კვლავ შეიცვალა. ქონების მართვის წარმომადგენელმა, სოფიო დოღონაძემ, აქცენტი გააკეთა მიწის ფართობზე - 1200 კვადრატულ მეტრზე. ჩემი კითხვა იყო მარტივი: თუ 1200 კვ.მ-ია, ამიტომ აღარ მეკუთვნის? კანონი არ განსაზღვრავს, რომ ფართობის სიდიდე მოქალაქის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი იყოს. მით უფრო, რომ ხუთ ოჯახს გვეკუთვნის ეს მიწა.
- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ საქმე შესაძლოა სისტემურ პრობლემას ეხებოდეს?
- 12 წლის განმავლობაში გადაწყვეტილებების განმეორებითი შეცვლა, მოტივაციების ცვლილება და სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება აჩენს კითხვას - ხომ არ გვაქვს საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებასთან. ჩვენი მიზანი კონფლიქტი არ არის. ჩვენ გვინდა სამართლებრივი შეფასება და კანონიერების აღდგენა.
- რატომ გადაწყვიტეთ თქვენ პროკურატურისთვის და სახალხო დამცველისთვის მიმართვა?
- რადგან ადმინისტრაციული გზა, პრაქტიკულად, ამოწურულია. პროკურატურას მივმართე შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინებით. ასევე მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს, რადგან საქმე ეხება საკუთრების უფლებას - კონსტიტუციით დაცულ ფუნდამენტურ უფლებას. როცა ყველა დოკუმენტი გაქვს ხელთ და პროცესი მაინც არ სრულდება, ეს უკვე მხოლოდ მიწის საკითხი აღარ არის. ეს არის ქალბატონ მერი დალაქიშვილის, მთავარი მოდავის ღირსების საკითხიც. ის ქვრივია, გარდაეცვალა 3 შვილი... დღეს ცდილობს შვილიშვილების დაცვასა და ოჯახის გადარჩენას. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ასეთ ადამიანს და არა ებრძოდეს პროცედურული გაურკვევლობებით.
მე ვითხოვ მხოლოდ ერთს - სამართლებრივ შეფასებას და კანონის აღსრულებას. არ ვითხოვ განსაკუთრებულს. ვითხოვ იმას, რაც კანონით გვეკუთვნის. თუ სახელმწიფო სწორად იმოქმედებს, შედეგიც იქნება. ჩვენი ოჯახის ისტორია აჩენს ერთ მთავარ კითხვას - შესაძლებელია თუ არა მოქალაქე 12 წელი ელოდოს ერთ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად სასამართლოს მითითებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებებისა? საქმე ახლა სამართლებრივი შეფასების ეტაპზეა.

პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ საქმე კომპლექსურია და ამიტომ გვირჩიეს გამოგვეთხოვა უწყებიდან საჯარო ინფორმაცია. რადგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას 10 დღე სჭირდება, ჩვენ ვისარგებლეთ იმ დოკუმენტით, რომელიც გამოტანილი აქვს მიწის აღიარების კომისიას. მართალია მომჩივან მხარეს ხელთ აქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ დასკვნის მიუხედავად აღიარების კომისია თვლის, რომ მათ მიერ ამ მიწის ნაკვეთის ფლობა არ დასტურდება:
"განსახილველ შემთხვევაში საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა მერი დალაქიშვილის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. არ დასტურდება განმცხადებლის მიერ რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება თუ წარმოების ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მოთხოვნილი მიწის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. ამასთან საკუთრების უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ნაწილი საჯარო რეესტრის მონაცემებით დატვირთულია საჯარო სამართლებრივი სერვიტუტის უფლებით. აღნიშნულის გათვალისწინებით კომისია მიიჩნევს, რომ საქმის გარემოება არ იძლევა იმის ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ მერი დალაქიშვილი ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის ამოქმედებამდე დაუფლებული იყო მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთრებას. რაც კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობაა. გარდა აღნიშნულისა კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტი. კერძოდ ამ მონაკვეთზე გადის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკუთრებაში არსებული მიწისქვეაშა წყალმომარაგების ქსელის მილსადენი, შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფიზიკური და კერძო პირების მფლობელობაში საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონის მესამე მუხლის მეორე პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად ასევე არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას", - ვკითხულობთ კომისიის გადაწყვეტილებაში.
სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს დალაქიშვილების ოჯახი, მათ ხელთ აქვთ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომ იქ ნამდვილად არ გადის წყალსადენის მილი ამჟამად, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი, რომ იქ ჩანს ძველი აშენების კვალი, რადგან ამ დოკუმენტების მტკიცებულებად არ იღებს კომისიას, ამიტომ მომჩივანმა მხარემ ახლა საჩივარი პროკურატურაშიც შეიტანა, რადგან მიჩნევს, რომ სახეზეა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მათ საჩივარს ახლა პროკურატურაც სწავლობს. პარალელურად სარჩელი შეტანილია ხელახლა სასამართლოში და იქაც ელოდებიან პროცესის დანიშვნას. ვნახოთ როგორ დასრულდება მათი 12-წლიანი ბრძოლა.