ორი წლის წინ, მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა მედიასთან გულახდილად გაიხსენა ის უმძიმესი 9 თვე, რომელიც მისმა მესამე მეუღლემ, ოთო გიორგობიანმა საავადმყოფოში გაატარა. მაშინ წყვილი 23 ოპერაციასა და ფეხის შენარჩუნებისთვის ბრძოლაზე ჰყვებოდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა მომღერლის პირადი ცხოვრება კვლავაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
ამჯერად მომღერალს „დილა მშვიდობისა საქართველო“ ესტუმრა. ინტერვიუ საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, სადაც ცისანამ არა მხოლოდ წარსულზე, არამედ იმ მძიმე ბრალდებებზეც ისაუბრა, რაც წლების განმავლობაში მის გარშემო ისმოდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
"ღრუბელი დაგახრჩობსო..."
"ძალიან რომანტიკოსი ვიყავი, სულ დავფრინავდი. მახსოვს, ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა - სიბერეში რით მოკვდებიო? რით-მეთქი და - რომელიმე ღრუბელი დაგახრჩობს მაგითო. მაგრამ არა, ძალიან დავფრინავდი და ისე, რომანტიკოსი ვარ, ვგიჟდები სიურპრიზების გაკეთებაზე. მე რომ ვაბედნიერებ ადამიანებს, ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ცოტა დავმიწდი უკვე, რეალისტიც გავხდი... ეს ცხოვრებამ მოიტანა.“
„დანგრეული ოჯახები ჩემი ტრაგედიაა“
კითხვაზე, ნანობს თუ არა რამეს ცხოვრებაში, მომღერალი გულახდილად პასუხობს, რომ მისი ორი დანგრეული ქორწინება მისთვის მძიმე ტვირთია, თუმცა შვილების გამო არაფერს შეცვლიდა:

"ძალიან მიმნდობი ვიყავი, ძალიან მჯეროდა ადამიანების, ბევრს განვიცდიდი და ვნერვიულობდი ამაზე. არაფერს არ შევცვლიდი საერთოდ, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ჰგონია, რომ გათხოვება და გაცილება... ეს არის ჩემი ტრაგედია, რომ ორი ოჯახი დამენგრა... ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთი ოჯახი მქონოდა და ვყოფილიყავი. ეს არის ტრაგედია. ეს მხოლოდ იმან შეიძლება გაიგოს, ვისაც ეს დამმართვია. ამიტომ არაფერს არ შევცვლი, რადგან ამ ორმა ქორწინებამ ოთხი შვილი მაჩუქა და როგორ შეიძლება, რომ რამე ვინანო? უბრალოდ, რაღაცებზე აღარ ვინერვიულებდი და რაღაცებს უფრო ცივი გონებით შევხედავდი.“
პასუხი ბრალდებაზე: "მე ოჯახი არ დამინგრევია!“
ინტერვიუს ყველაზე სკანდალური ნაწილი იმ ბრალდებებს შეეხო, რომლის მიხედვითაც ცისანას სხვისი ოჯახის დანგრევაში სდებდნენ ბრალს. მომღერალმა ამ თემაზე პირველად ისაუბრა ასე პირდაპირ:
"მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა დასრულდეს ამაზე საუბარი. მე ოჯახი არ დამინგრევია. სიმართლე სულ სხვა არის, რაც წლების წინ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ არ გავასაჯაროოთ ეს სიმართლე და მე ოჯახი არ დამინგრევია, სულ სხვა მიზეზით დაინგრა ოჯახი და, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ ბავშვები არიან იქით და ძალიან ბევრ რამეს უწევთ ანგარიშს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასრულდება. ეს სიმართლე ძალიან ბევრმა იცის... მე მაქვს ასეთი დევიზი: როდესაც მართალი ხარ, ხარ ძალიან მშვიდად. ჩვენ გვეჩქარება, თორემ უფალს არსად ეჩქარება და როდესაც მართალი ხარ, შეგიძლია წლები იცადო და ამაზე არც ინერვიულო.“
წაიკითხეთ ასევე: