ავტორი:

"მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა შეგვესყიდა სამედიცინო ინვენტარი... სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე, ვნანობ" - რა ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძეზე მისი ყოფილი ხელქვეითი?

"მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა შეგვესყიდა სამედიცინო ინვენტარი... სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე, ვნანობ" - რა ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძეზე მისი ყოფილი ხელქვეითი?

ვიზიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ჩემს დავალებას ასრულებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა განაცხადა.

ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ მოწმედ წარადგინა.

მისი თქმით, მას გამოცდილება არ ჰქონია სამედიცინო ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით, რის გამოც ვერ მიხვდა, რომ კომპანიების მიერ დასახელებული თანხები, ბაზარზე არსებულ თანხებთან შედარებით, მაღალი იყო.

"მინისტრი [ჯუანშერ ბურჭულაძე] დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა შეგვესყიდა საჭირო სამედიცინო ინვენტარი, საიდუმლო შესყიდვით. ასევე, მკითხა ვიცნობდი თუ არა ზურაბ ტუკვაძეს და მითხრა, რომ მისი მითითებით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. მე საქმის კურსში ჩავაყენე გიორგი ხაინდრავა, რომელმაც მითხრა რომ მინისტრის მითითებებს მივყოლოდი. დავუკავშირდი ზურაბ ტუკვაძეს და კაბინეტში დავიბარე, როდესაც ვესაუბრე მივხვდი, რომ ჩემს ზარს ელოდებოდა. როდესაც შევხვდი შინაარსობრივი საუბარი არ გვქონია. მან გადმომცა 2 კომპანიის რეკვიზიტები და მითხრა, რომ ამ კომპანიებთან ბაზრის კვლევა მეწარმოებინა. ამის შემდეგ გორის ჰოსპიტლისგან მოვიდა შესასყიდი ტექნიკის სია, მინისტრის სახელზე, მაგრამ ტექნიკას თან არ ახლდა მახასიათებლები და მოვითხოვე ტექნიკური მახასიათებლების წარმოდგენაც. შემდეგ ჩემს სახელზე გამოაგზავნეს ნაწილი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები, რის შემდეგაც დავავალე ირაკლი მგალობლიშვილს, რომ შესყიდვები დაეწყოთ და ბაზრის კვლევა და გადავეცი ორი კომპანიის რეკვიზიტები. არცერთმა ჩემმა თანამშრომელმა არ იცოდა ჩემი და მინისტრის შეხვედრის შესახებ. ფასის კვლევა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. შემდეგ, შეიკრიბა სატენდერო კომისია და დაამტკიცა ეს კომპანია გამარჯვებულად, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ კომპანიის გადამოწმება არ მომხდარა, რადგან მინისტრის დავალება იყო.

პირველი ხელშეკრულების შემდეგ გორის ჰოსპიტალმა სხვა დანარჩენი სამედიცინო ინვენტარის მახასიათებლები წარადგინა. ამ დროს ზურაბ ტუკვაძემ მომცა კიდევ ერთი კომპანიის რეკვიზიტები. შესაბამისად, ეს კომპანია შემდეგ შესყიდვებში მონაწილეობდა. ვინაიდან ვრცელი სია იყო, გამარჯვებულად სამი კომპანია გამოცხადდა.

მე გამოცდილება სამედიცინო ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებით არ მქონია, ვერ მივხვდებოდი, რომ მათ მიერ დასახელებული ფასები, ბაზრის ფასს აღემატებოდა, მაგრამ ვინაიდან მინისტრისგან მოდიოდა დავალება, კითხვები აღარ დამისვამს. ასე, რომ არ ყოფილიყო მოვიკვლევდით ყველა კომპანიას და ვიმოქმედებდით ისე, რომ უდაბლესი ფასი მიგვეღო.

ვიზიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ჩემს დავალებას ასრულებდნენ.

ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული.

ვინაიდან თავდაცვის სამინისტროში, კომისია არ იკრიბებოდა და ეს მავნე პრაქტიკა იყო, შეუძლებელი იყო, რომ კრიტიკული აზრი დაფიქსირებულიყო.

რაც შეეხება დიდ შესყიდვებს, ეს წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო, ძირითად შემთხვევაში, მინისტრის მიერ.

ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებობს სხვა კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი სამედიცინო ინვენტარის დამზადება",- განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა“, "დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.