“სომხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილი ეხება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს - ის აჟღერებს იმ საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სიტყვით გამოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
"ბატონი ფაშინიანი გახლავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ის, როგორც სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ისე საუბრობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრის გზავნილი ეხება სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს. ჩვენი ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღადგინოს. ევროკავშირმა თვითნებურად, არაპროვოცირებულად შეაფერხა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასე რომ ბურთი არის ბრიუსელის მოედანზე. მათ უნდა გამოასწორონ თავისივე გაფუჭებული, ჩვენ მათ გაფუჭებულს ვერ გამოვასწორებთ.
[ფაშინიანი] აჟღერებს იმ საკითხებს, რომელიც მისი გადმოსახედიდან, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ეს ბრიუსელმა გააფუჭა. საკუთარ გაფუჭებულზე თვითონ უნდა აგონ პასუხი და გამოასწორონ,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“.
„ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.