“ჯერ ვითომ, დაიშალა “ნაციონალური მოძრაობა", მერე ისევ გაერთიანდა - “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - არ არის გამორიცხული, ამ თემას კონკრეტული პირები შესწირონ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “თინა ბოკუჩავას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან".
“ჯერ, ვითომ, დაიშალა “ნაციონალური მოძრაობა", მერე ისევ გაერთიანდა - “ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". ეს არის მოცემულობა, თეატრი, შაპიტო, რომელსაც ქართული საზოგადოება 2012 წლიდან დღემდე, აკვირდება. სინამდვილეში, იდეა და იდეოლოგია, რომლის ბელადსაც, მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, სამწუხაროდ, კვლავაც არის ცოცხალი საქართველოში და ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება უძღები შვილების კვლავ გაერთიანება. მოცემულობა არის შემდეგი - შიგნით ვინ იქნება პირველი ანტიქართველი, პირველი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვინ ჩაიბარებს იმ დესტრუქციას, რომელსაც ჰქვია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". არ არის გამორიცხული, ამ თემას კონკრეტული პირები შესწირონ, ისე წარუდგინონ საზოგადოებას, თითქოს, რაღაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ხდება. ალბათ, სიტყვა “ჯანსაღი" და “ნაციონალური მოძრაობა" არის სწორედ ის ტერმინები, რომლებიც აბსოლუტურად არ შეესატყვისება ერთმანეთს. თუმცა ერთია, რომ მათ ქართველმა ხალხმა განაჩენი ძალიან დიდი ხნის წინ გამოუტანა. ეს ყველა არჩევნებზე გრძელდება და განაჩენი, რომელიც მათ 2012 წელს საქართველოს საზოგადოებამ გამოუტანა, მათთვის არის საბოლოო. პოლიტიკურ მდგენელში ისინი ვერასდროს ვეღარ აღმოჩნდებიან," - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ “თინა ბოკუჩავას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან". მათივე ცნობით, "ვითარება თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა".