(ზაალ სამადაშვილის მოთხრობების კრებული „მეზღაპრის გზა“)
როდესაც ზაალ სამადაშვილის მოთხრობების კრებულს „მეზღაპრის გზა“ ხელში დაიჭერთ, პირველივე გვერდიდან იგრძნობთ არა მხოლოდ ქაღალდის, არამედ ძველი აივნების, ნესტიანი სადარბაზოების და იმ განსაკუთრებული თბილისური სევდის სურნელს, რომელიც მხოლოდ ზაალისნაირმა ქალაქზე შეყვარებულმა ადამიანებმა იციან. ეს არ არის უბრალოდ კრებული; ეს არის მეზღაპრის ბოლო ამოსუნთქვა, რომელიც მეგობრებისა და კოლეგების თავგანწირვამ სიჩუმეს გამოსტაცა.
ამ წიგნზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ორ ადამიანს, რომლებმაც ეს გზა ავტორთან ერთად ბოლომდე გაიარეს: წიგნის რედაქტორს, მაია ალუდაურს, რომელმაც, ფაქტობრივად, პაზლივით ააწყო გაფანტული ტექსტები, და წინასიტყვაობის ავტორს, მწერალ დავით ქართველიშვილს, რომელმაც ზაალის სამყაროს გასაღები მოგვაწოდა.
ავტორი თავად ამბობდა: „ერთ ამბად საკითხავი მოთხრობები შევკარი და მეზღაპრესავით მოვყევიო“.
ქალბატონო მაია, ვიცით, რომ ზაალის უეცარი გარდაცვალების შემდეგ წიგნი საფრთხის წინაშე დადგა. თქვენ მოგიწიათ მისი ძველი ჩანაწერებისა და გაფანტული ფიქრების მოგროვება. თავად როგორ მოყვებოდით ამ ამბავს - როგორ გაერთიანდნენ „სულაკაურის გამომცემლობა“ და „ინტელექტი“, რომ დაგხმარებოდნენ ამ მასალების მოძიებაში და რამდენად იყო ეს პროცესი თქვენთვის მწერლის უკანასკნელი სურვილის აღსრულება?
ეს პროცესი ჩემთვის არ ყოფილა მხოლოდ სარედაქციო მუშაობა; ეს იყო საკუთარ თავთან და ზაალთან დადებული პირობის შესრულება. ზაალის დაუჯერებელი წასვლის შემდეგ მე დავრჩი ჩვენი საუბრების ამარა - არც ტექსტები, არც კრებულის სქემა... ასეთი მოულოდნელი წასვლის შემდეგ ადამიანის ფიქრები თითქოს ჰაერში გამოკიდებული რჩებიან. ზუსტად ასე მოხდა და ჩემი ამოცანაც ზალიკოს ამ ჰაერში გამოკიდებული ჩანაფიქრის შესრულება გახდა. პირველი მაშველი რგოლი ზაალის ოჯახი აღმოჩნდა. მისმა ვაჟმა, გიორგიმ, აღმოაჩინა მამის კომპიუტერში კრებულის სქემა, რაც უკვე სერიოზული ნაბიჯი იყო ამ გზაზე. ძალიან დამეხმარნენ კოლეგები „სულაკაურის გამომცემლობიდან“ და „ინტელექტიდან“. უზომოდ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თინა მამულაშვილსა და ზვიად კვარაცხელიას. ეს იყო ნამდვილი კოლეგიალობა და სოლიდარობა - იმ დიდი სიყვარულის საკადრისი, რომელსაც თავად ზაალი თესავდა ყველგან. დიდი მადლობა ვანო ამირხანაშვილს, რომელმაც თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ აღმოაჩინა რამდენიმე ტექსტი ბიბლიოთეკებსა და ძველ პერიოდიკაში. ჩემს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება რამდენიმე გამოუქვეყნებელი ტექსტის ძებნის პროცესი - დიდი და მართლა დასამახსოვრებელი მოგზაურობა ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანის ფიქრებში, სოციალურ ქსელში გაბნეულ მის ჩანაწერებში.
ზაალის პროზაში თბილისი არ არის ფონი – ის ცოცხალი ორგანიზმია. კრებულში შესული მოთხრობები, როგორიცაა „ბათო“ ან „თოვლი“, გვიჩვენებს ქალაქს, სადაც წვიმა მხოლოდ ნალექი არ არის, ის პერსონაჟების სევდის მოზიარეა. სამადაშვილი საოცარი ოსტატობით აღწერს ნივთებს: ძველ სავარძლებს, მტვრიან ფოტოებს, გაცვეთილ პალტოებს. მისთვის ყოველი ნივთი მეხსიერების საცავია. ატმოსფერო გაჟღენთილია იმ „ნათელი სევდით“, რომელიც მკითხველს არ თრგუნავს, არამედ აიძულებს, უფრო მეტი სიყვარულით შეხედოს საკუთარ ყოველდღიურობას.
მისი გმირები - ხშირად მარტოსულნი, ცოტათი უცნაურნი, მაგრამ უზომოდ კეთილშობილნი არიან. ისინი არ არიან გმირები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით; ისინი არიან „პატარა ადამიანები“, რომლებიც დიდ ერთგულებასა და სიკეთეს ატარებენ გულით. მოთხრობაში „ბათო“ ჩვენ ვხედავთ პერსონაჟს, რომელიც თითქოს მთელ თბილისურ ეგზისტენციალურ სიმძიმეს თავის თავში იტევს. ავტორი ეხება მეგობრობის მნიშვნელობას, წარსულის აჩრდილებთან შერიგებას და იმ უხილავ ძაფებს, რაც ადამიანებს აკავშირებთ მაშინაც კი, როცა მათ შორის სიკვდილი დგება.
ბატონო დავით, თქვენს წინასიტყვაობაში ზაალს „თბილისის ადამიანს“ უწოდებთ. როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მეტაფორა, რაც მის მოთხრობებს ერთ დიდ, ამბად კრავს? რამდენად არის „მეზღაპრის გზა“ იმ ქალაქის პორტრეტი, რომელიც ნელ-ნელა გვეცლება ხელიდან და მხოლოდ ასეთ ფურცლებზე ცოცხლდება?
საქმე ის არის, რომ ჩემი აზრით ზაალ სამადაშვილის თბილისი ნახევრად ზღაპრული, გამოგონილი ქალაქია და სწორედ ამიტომ ის მხოლოდ მის ტექსტებში არსებობს. სწორედ ამ მხრივ იყო ის უაღრესად ორიგინალური ავტორი, რომ ერთი შეხედვით ნაცნობი ადგილების აღწერა სრულიად განსხვავებული რაკურსიდან შეეძლო დაენახა, თხრობის სტილიც თოთქოს ნატურალისტური ჰქონდა, მაგრამ ჯამში ზღაპარი გამოსდიოდა. უაღრესად თავისებური ემოციური ველის შექმნა ეხერხებოდა და ქალაქიც ისე სჩანს მის ტექსტებში, როგორც “ალი გამურულ შუშაში” ეს ზაალის ერთერთი მოთხრობის სათაური და ჩემი აზრით კარგად ახასიათებს მის სტილს.
ზაალის თბილისი არ არის ფასადების ქალაქი. ეს არის შიდა ეზოების, გაცვეთილი კიბის საფეხურებისა და იმ ადამიანების სამყარო, რომლებიც დროს ჩამორჩნენ, მაგრამ ადამიანობას - არა. მის მოთხრობებში ნივთებიც კი პერსონაჟებია: ძველი სავარძელი, რომელიც პატრონის დარდს ინახავს, ან მტვრიანი ჭიქა, რომელშიც ჩატეული სითბო მთელ უბანს ჰყოფნის. სწორედ ასეთი „პატარა ამბებისგან“ აიგო კრებული.
ქალბატონო მაია, რედაქტირებისას რა იყო თქვენთვის ემოციური „კომპასი“, გქონდათ განცდა, რომ ზაალი თავად გიკარნახებდათ წიგნის სტრუქტურას?
ვინც იცნობდა ზაალს, იცის, რომ ის ისევე წერდა, როგორც საუბრობდა - აუჩქარებლად, დაფიქრებულად, თითოეული სიტყვის წონის შეგრძნებით. სწორედ ეს შინაგანი რიტმი გახდა ჩემი ემოციური კომპასი. წიგნის სტრუქტურა თავად ზაალმა განსაზღვრა - ტექსტები ისე გადააბა ერთმანეთს, როგორც თბილისური ეზოების გადაბმული აივნები. მე უბრალოდ გამტარი ვიყავი და ჩემთვის უმთავრესი იყო, რომ მკითხველს ის მთლიანობის განცდა დაუფლებოდა, რასაც ზაალი „ერთ ამბად საკითხავს“ უწოდებდა.
კრებულში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემა მარტოობაა, მაგრამ ეს არ არის სასოწარკვეთილი მარტოობა. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი საკუთარ მოგონებებში პოულობს თავშესაფარს. ზაალი მეზღაპრესავით გვიყვება ტკივილზე, მაგრამ ისე, რომ მკითხველს ჭრილობა კი არ გაეხსნას, არამედ დაუცხრეს. მისი „მეზღაპრეობა“ ერთგვარი ფარია იმ უხეში რეალობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს გარშემოა.
ბატონო დავით, ზაალის „მეზღაპრეობა“ ხშირად რეალობიდან გაქცევად აღიქმება. თუმცა, რამდენად არის ეს პირიქით - მცდელობა, რომ ყველაზე მტკივნეული რეალობაც კი ადამიანური სითბოთი განკურნოს?
სინამდვილეში ზაალ სამადაშვილის პროზაში ძალიან ცოტა რამ არის ზღაპრული. პირიქით ის რეალისტი მწერალი იყო, ხშირ შემთხვევაში ნატურალისტიც კი,ზღაპრული მისი სტილია. წინადადებები, სიტყვების დალაგების მისეული მეთოდი, რომელიც ამ ზღაპრულობის შეგრძნებას ქმნის. სინამდვილეში ზაალი რეალობას არასდროს გაურბოდა არც როგორც მწერალი და არც როგორც მოქალაქე და თუ მე მას მაინც მეზღაპრედ მოვიხსენიებ ხოლმე. ეს მისი სტილის დახასიათებაა, თავად ამას დიდ კომლიმენტად თვლიდა. მე უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ეს სრულიად დამსახურებული კომპლიმენტი იყო.
ქალბატონო მაია, დღეს, როცა წიგნი უკვე მკითხველის ხელშია, რას იტყოდით - რამდენად არის ეს კრებული იმ კოლექტიური სიყვარულის ნაყოფი, რომელმაც ლიტერატურულ სამყაროში არსებული ყველა ბარიერი დაანგრია?
ეს წიგნი არის იმის მტკიცებულება, რომ სიკვდილზე ძლიერი ხსოვნა და მეგობრობაა. „მეზღაპრის გზა“ არ არის მხოლოდ ლიტერატურული პროდუქტი. როდესაც ამ კრებულს ვფურცლავ, მე ვხედავ არა მხოლოდ ტექსტებს, არამედ იმ ადამიანების ენერგიასაც, ვინც მისი რეალობად ქცევისთვის თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგა. ზაალმა თავისი წასვლით კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა და დაგვანახვა, რომ ჭეშმარიტი ლიტერატურა ბარიერებს არ ცნობს. ეს კრებული არის მადლიერების გამოხატვა იმ ქალაქის, იმ ადამიანებისა და იმ ურთიერთობების მიმართ, რომელთაც ზაალი ასე უფრთხილდებოდა. დღეს, როცა მკითხველი ამ წიგნს გადაშლის, ის იგრძნობს არა მხოლოდ ავტორის სითბოს, არამედ მთელი იმ სამეგობროსა და კოლეგების გულისცემას, ვინც ეს გზა მასთან ერთად ბოლომდე გაიარა.
სტატიის ბოლოს კი ისევ მეზღაპრესთან ვბრუნდებით. ზაალი თავად იყო ის კაცი, რომელიც თბილისის ქუჩებში ისე დააბიჯებდა, თითქოს საკუთარ სახლში ოთახიდან ოთახში გადიოდეს. მაღალი, ოდნავ მოხრილი, მუდამ დაფიქრებული და ამავდროულად საოცრად ყურადღებიანი დეტალებისადმი.
ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის მთავარი განცდა, რომლითაც მკითხველი „მეზღაპრის გზის“ ბოლო გვერდს დახურავს? არის ეს მხოლოდ დამშვიდობება, თუ ახალი გაცნობა იმ ავტორისა, რომელმაც თბილისი ჩვენს საერთო ზღაპრად აქცია?
არა, არანაირი დამშვიდობება. პირიქით, ზაალ სამადაშვილის პროზის გაცნობასა და მისი მნიშვნელობის გააზრებას სინამდვილეში ჩვენ ახლა ვიწყებთ, ასევე მისი მთავარი პერსონაჟის ზღაპრული ქალაქ თბილისისას. ასე რომ დამშვიდობებაზე მეტად სალმის სათქმელად უფრო ვემზადებით.
მას შეეძლო საათობით ეყურებინა, როგორ ეცემოდა შუქი ძველ სადარბაზოში და ამაში მთელი სამყაროს დრამა დაენახა.
მისი მოთხრობების პერსონაჟები მისივე ნაწილები იყვნენ - ცოტათი სევდიანები, მაგრამ არასოდეს სასოწარკვეთილნი. ზაალს სწამდა, რომ სანამ ადამიანს ამბის მოყოლა შეუძლია, არ დამარცხდება. ის თავად იყო ის მეზღაპრე, რომელმაც იცოდა, რომ სიტყვას შეუძლია გაათბოს, განკურნოს და, რაც მთავარია, დაგვაბრუნოს იქ, სადაც ჩვენი ნამდვილი სახლია.
„მეზღაპრის გზა“ - ეს არის წიგნი, რომელიც გვაიძულებს შევჩერდეთ, მიმოვიხედოთ და დავინახოთ ის სილამაზე, რომელსაც ყოველდღიურობაში ვკარგავთ. ზაალ სამადაშვილმა დაგვიტოვა თბილისი, რომელიც არასოდეს დაძველდება, რადგან ის სიყვარულით, მეგობრობითა და იმ დიდი ადამიანობითაა აშენებული, რომელმაც ეს წიგნი მზის შუქზე გამოიტანა.
მკითხველო, ამ წიგნის დახურვის შემდეგ, მიმოიხედე შენს ქუჩაზე — იქნებ შენც დაინახო ის ამბავი, რომელსაც ზაალი აუცილებლად დაწერდა.
R