დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ დადგენილება მიიღეს, რომელიც პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
გამონაკლისი ასევე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებისათვის სასმელი წყლის წარმოებასა და მიწოდებაზე.
მიღებული დადგენილების მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: პლასტმასის ნაკეთობები, მათ შორის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქცია, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. მათი დაშლის პროცესი ასეულობით წლის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც პლასტმასი გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, რაც საბოლოოდ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას.
ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41 %-ს შეადგენს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნახეთ ასევე: