საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.
"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო ინფორმაცია, რომ ერაყის რესპუბლიკის წყლების მიმდებარედ ტანკერზე 11 მარტს მოხდა ინციდენტი, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია დრონით თავდასხმასთან.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ერაყის წყლებში მყოფი მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი სინამდვილეში ბერძნულია. მასზე თავდასხმა განხორციელდა ტანკერთან, ნავებით მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებით, რომელიც სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა. Zephyros-ის ბორტზე 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქართველია გემის კაპიტანიც.
ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება: "მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: "ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით" და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე - ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები".
ერაყის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათმა სახელმწიფო ნავთობის მარკეტინგის კომპანიამ (SOMO) დაადასტურა, რომ 2013 წელს აგებული, 50 200 ტონიანი ტანკერი Zephyros-ი იყო ერთ-ერთი იმ ტანკერებიდან, რომლებიც ღამით თავდასხმის სამიზნედ იქცნენ.
მეორე გემი იყო 74000 ტონიანი ტანკერი Safesi Vishnu, რომელიც 2007 წელს აშენდა და მარშალის კუნძულების დროშით მცურავი იყო.
წაიკითხეთ ასევე: