ავსტრალიაში, სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, საუდის არაბეთიდან გამოქცეული დების, 24 წლის ასრა აბდულა ალსეჰლისა და 23 წლის ამაალ აბდულა ალსეჰლის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გამოძიება, რომელიც თითქმის ოთხი წელია გრძელდება, მივიდა დასკვნამდე, რომ ახალგაზრდა ქალებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.
"სიკვდილის სასმელი"
დების შიშველი ცხედრები 2022 წლის ივნისში, კენტერბერის რაიონში მდებარე მათსავე ბინაში იპოვეს. მას შემდეგ, რაც ოჯახმა საუდის არაბეთიდან მათთვის ფულის გადარიცხვა შეწყვიტა, გოგონები საცხოვრებელში ჩაიკეტნენ. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დებმა გამოიყენეს ე.წ. "თვითმკვლელობის სასმელი", რომლის შეძენაც ინტერნეტის საშუალებით, კერძოდ "დარქნეტშია" შესაძლებელი.
სამართალდამცველების განმარტებით, აღნიშნული ნივთიერება სისხლიდან ჟანგბადის გამოდევნას და მყისიერ სიკვდილს იწვევს. დების ცხედრები სხვადასხვა ოთახებში იპოვეს და ვარაუდობენ, რომ ისინი აღმოჩენამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე იყვნენ გარდაცვლილნი.
გაქცევა სამშობლოდან და შიში
დებმა საუდის არაბეთი 2017 წელს დატოვეს და ავსტრალიაში მხოლოდ 5000 დოლარით ჩავიდნენ. გარდაცვალების მომენტში მათ შეტანილი ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე. მიზეზი კი საკმაოდ სერიოზული იყო:
ასრა აცხადებდა, რომ ათეისტი იყო; ამაალი კი ამბობდა, რომ ლესბოსელი იყო. საუდის არაბეთში, სადაც სამართლებრივი სისტემა შარიათის კანონებს ეფუძნება, ორივე შემთხვევა მკაცრად ისჯება. გოგონები მუდმივ შიშში ცხოვრობდნენ და ოჯახთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ.
ზედმეტად რთული საქმე პოლიციისთვის
გამოძიება იმდენად კომპლექსური აღმოჩნდა, რომ საქმე პოლიციიდან სახელმწიფო პროკურატურას გადაეცა. ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა ბინაში ნატრიუმის, ნიტრატისა და ფტორიდის უჩვეულო დონე დააფიქსირა.
დები სიდნეიში ჩვეულებრივი ცხოვრებით ცდილობდნენ დამკვიდრებას - მუშაობდნენ საგზაო მოძრაობის კონტროლიორებად და ადგილობრივ კოლეჯშიც სწავლობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნების შიშმა და ფინანსურმა პრობლემებმა ისინი საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
მსგავსი ტრაგედია ნიუ-იორკში
ეს შემთხვევა საოცრად ჰგავს 2018 წელს ნიუ-იორკში მომხდარ ტრაგედიას, როდესაც მდინარე ჰუდსონთან საუდის არაბეთიდან გამოქცეული კიდევ ორი დის, 23 წლის როტანასა და 16 წლის ტალას ცხედრები იპოვეს. ისინი წელზე წებოვანი ლენტით იყვნენ გადაბმულნი. მაშინაც გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგონებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, რადგან სამშობლოში დაბრუნებას სიკვდილი არჩიეს.
ასრა და ამაალ ალსეჰლების ცხედრები საუდის არაბეთში 2022 წლის აგვისტოში გადაასვენეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიაზე შეჯერდა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის საბოლოო მოსმენის თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.