რა ვიცით საკუთარი გვარის შესახებ - ეს თემა ადამიანებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. არსებობს ფართოდ გავრცელებული ქართული გვარები და იშვიათი გვარებიც. თითოეულს თავისი დიდი თუ მცირე ისტორია აქვს. ამჯერად იშვიათ გვარებს შევეხებით და რამდენიმე მათგანს განვიხილავთ არა მკვლევრების მიერ შესწავლილი ვერსიებით, არამედ ამბებს თავად ამ გვარების წარმომადგენლების ინფორმაციებზე დაყრდნობით მოგიყვებით.
პაატა ბაირახტარი ანალიტიკოსია, მას ეკონომიკურ საკითხებზე მედიასთან ხშირად უწევს რიგ საკითხებზე საუბრები, თუმცა ამჯერად მას მისთვის უჩვეულო კითხვით მივმართეთ, - რა იცის საკუთარი გვარის შესახებ.
პაატა ბაირახტარი:
- რაც წამიკითხავს, ინფორმაცია მომიძებნია და მათ შორის, გადმოცემით რაც ვიცი, ჩემი გვარის ფესვები კახეთიდან მომდინარეობს, კერძოდ, ქიზიყიდან, სოფელ ანაგიდან. ჩემი გვარის წინაპრები იყვნენ ერეკლე II-ის მედროშეები ანუ მებაირახტრეები. ეს შტო აქედან წამოვიდა. როგორც ჩანს, ამ დაკისრებულ მოვალეობას მეტად კარგად ართმევდნენ თავს და მებაირახტრეებმა თავიანთი სტატუსი გვარად მიიღეს. ასე გახდნენ ბაირატხტრები და ეს შტოც ასე წამოვიდა.
- გამოდის ეს გვარი XVIII საუკუნეში შექმნილა...
- 1700-იან წლებში. თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ის პერიოდიდან მოდის - ყოველ შემთხვევაში - მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. მანამდე რა გვარი ჰქონდათ, არ ვიცი.
- ამ გვარის დაახლოებით რამდენი ადამიანია საქართველოში?
- ამ ეტაპზე ზუსტად ვერ გეტყვით და მაგრამ 10 წლის წინანდელი ცნობით, საქართველოში ხუთი ოჯახი იყო.
- ისიც ალბათ სულ თქვენი სანათესაო... ანაგაში სოფელი გაქვთ?
- კი, არ არის დიდი გვარი, თუმცა შეიძლება ქიზიყის სხვა სოფელშიც იყვნენ ბაირახტრები... რაც შეეხება სოფელს - პაპა 12-14 წლის იყო, ანაგიდან თბილისში რომ ჩამოვიდა. მას მერე მას იქ არაფერი ჰქონია და შესაბამისად - არც ჩვენ.

ეკონომისტი, „ილიაუნის“ სრული პროფესორი გიორგი ხიშტოვანიც ცოტა გაკვირვებული დარჩა, როდესაც შეკითხვა მისი გვარის წარმომავლობის შესახებ დავუსვი, რადგან მედიასთან ისიც ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს მიმოიხილავს და აანალიზებს.
- თქვენს გვარზე ინტერნეტში ამოვიკითხე, რომ თითქოს გურული ძირები აქვს. ასეა?
გიორგი ხიშტოვანი:
- ჩემი გვარის შესახებ სრული ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. ''გურული კვალი'' კი - ეს ინფორმაცია ნამდვილად ვიცი, რომ ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის შეცდომაში შემყვანია. როგორც ვიცი, ერთ-ერთი ჩვენი შორეული ნათესავს, გურული ცოლი მოუყვანია, გურიაში გადასულა და შესაბამისად იქ დასახლებულა. რადგან ის საცხოვრებლად იქ გადავიდა და დასახლდა, არ ნიშნავს, რომ ხიშტოვანის ძირი გურული წარმომავლობისაა. ჩვენი გვარის წარმოშობა ზემო იმერეთის სოფელ სოჩხეთიდანაა (ტყიბულის რაიონი). იქიდან იყო დიდი ბაბუის მამა. შემდეგ უკვე თაობიდან თაობამდე ჩემი ნათესავები დაბლა, სამხრეთით ჩამოდიოდნენ. ჯერ ტყიბულში, შემდეგ ქუთაისში, მაგალითად, ბაბუაჩემი ქუთაისში ცხოვრობდა და საქმიანობდა. მამაჩემი თბილისში ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოვიდა, დედაჩემი მოიყვანა და მე უკვე თბილისში დავიბადე. თუ ისტორიაში უფრო ღრმად წავალთ და ლეგენდის ნაწილს გავყვებით - თითქოს ზემო იმერეთში ქვემო სვანეთიდან გამოსახლებულა თავის დროზე ოჯახი. მოკლედ, რადგან ამ ვერსიას ლეგენდის სახე აქვს, ამიტომ არ ვიცი, სიმართლეს რამდენად შეესაბამება... როდესაც გვარზე მეკითხებიან, ძირითადად გვარის სათავედ ზემო იმერეთს ვასახელებ, რადგან ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი წინაპრები ზემო იმერეთიდან მოდიან. რაც ყველაზე მეტად ჩემს გვარს მიესადაგება, ისაა, რომ იმერული გვარია.
- ე.ი. ისტორია ზემო იმერეთიდან მოდის, სოფელ სოჩხეთიდან...
- კი და შემდეგ ბაბუაჩემის ძმა, ტყიბულში გადმოსულა, ბაბუაჩემი - ქუთაისში... ლოკალურ დონეზე ურბანიზაციას ჰქონდა ადგილი. დღეს ხიშტოვანები ვინც ვართ, როგორც წესი, ყველანი ნათესავები ვართ... მხოლოდ ის ერთი ნათესავი გადასახლდა გურიაში, როგორც აღვნიშნე, იქ გამრავლდა და დარჩა კიდეც გურიაში. ისე, დაბეჯითებით 100%-ით რამის თქმაც, როცა ინფორმაცია მწირია, ცოტა ძნელია. უბრალოდ ისაა, რომ ეს ინფორმაცია ასეა გადმოცემით ჩემამდე მოსული.
- თვითონ რას ფიქრობთ, შესაძლებელია ხიშტოვანი მაგალითად, სვანური გვარი იყოს?
- ჩემი აზრით, რაღაც კავშირში შესაძლოა იყოს. ლეჩხუმი ზემო იმერეთთან ძალიან ახლოსაა. წარსულში ხდებოდა ხოლმე, რომ რაღაც კონფლიქტის შემდეგ ადამიანები იქიდან აქეთ სხვადასხვა ისტორიის შედეგად, უკვე მოფიქრებული გვარით მოდიოდნენ და ახალ ცხოვრებას იწყებდნენ. ვინაიდან ეს გვარი სვანეთში არ გვხდება, სავარაუდოდ, შეიძლება ასეთი მხოლოდ ერთი ადამიანი ყოფილიყო... არსებობს კიდევ კიტოვანი, რომელიც ასევე გავრცელებული აზრის თანახმად, შესაძლოა ხიშტოვანთან იყოს კავშირში... თავისთავად ჩვენი გვარი ძალიან პატარაა, უბრალოდ შემოისაზღვრება იმით, ვისაც ახლოს, თუ შორიახლოს ვიცნობ. ესაა ბაბუის, ბაბუის ძმის და მისი შთამომავლების შტო, ანუ მისი მხრიდან ოჯახი, რომელსაც ვიცნობ. ერთ-ერთი წიგნი იყო გვარების შესახებ, სადაც ამოვიკითხე, რომ საქართველოში სულ 20 ხიშტოვანია. ამ რაოდენობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.

ლაშა დარდაგანი, პროფესიით რეჟისორია და ბევრი რამ აქვს საკუთარი გვარის შესახებ გამოკვლეული:
- ჩემი უახლოესი წინაპრები ბორჯომის ხეობიდან იყვნენ, მაგრამ ჩემი გვარის წარმომავლობაზე ბევრი სხვადასხვა ლეგენდა არსებობს: ერთი ვერსიით, იმერეთიდან იყვნენ და „დარდგანიძე“ იყო გვარი. გადასახლდნენ მესხეთში და დროთა განმავლობაში „ყაუხჩიშვილები“ გახდნენ. ბაბუაჩემის ბაბუის მამამ, გიორგიმ „ყაუხჩიშვილი“ ძველი გვარით ჩაანაცვლა (რადგან „ყაუხჩი" თურქულად „ქუდს“ ნიშნავდა და სავარაუდოდ, „ყაუხჩიშვილებს“ წარჩინებულ ადამიანებს უწოდებდნენ თურქები, ანუ ვინც ქუდით დადიოდა) და „ძე“ ჩამოაცილა - ასე გახდა „დარდგანიძე“ „დარდაგანი" (ბორჯომის ხეობაში დღესაც არის პატარა დასახლება - არდაგანი და რამდენადაც ვიცი, 1921 წლამდე გიორგი დარდაგანს ეკუთვნოდა).

საერთოდ „დარდაგანი“ ბერძნული წარმოშობის ქართული გვარია (გავიკითხე და გავიგე, რომ საბერძნეთში მართლაც არიან დარდაგანები). ამ ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ გიორგი დარდაგანის ვაჟზე - ილია დარდაგანზე საბჭოთა უშიშროებას 1924 წელს საქმე ჰქონდა აღძრული მეტსახელით „გრეკ“, რადგან ის აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა და აჯანყებულებს იარაღით ამარაგებდა. აჯანყება ჩაახშეს, ილიას ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა, ამასთან, ცოლისა და 5 შვილის დატოვება (ერთი ვერსიით, ის მთებში მოკლა რუსმა ოფიცერმა, მეორე ვერსიით, ცოცხალი გადარჩა და თეირანში გაიქცა).
მოკლედ, ან იმერელი წინაპრები მყავს ან ბერძენი...მთელი ცხოვრება ყველა იმას მეკითხება, ვა, სადაური გვარია? ვიცი, რომ იმერეთში, კერძოდ, წყალტუბოსა და ზესტაფონში დღესაც ცხოვრობენ დარდაგანიძეები (ერთს ვიცნობ კიდეც) და ისინი სავარაუდოდ, ჩვენი ნათესავები არიან,სამწუხაროდ, ლაშამ ნახსენები ოთხი-ხუთი თაობის იქით, ანუ ბაბუის ბაბუის მამის იქით აღარაფერი იცის, ინფორმაციას ვერ ფლობს, არადა, მართლა ძალიან დიდი ინტერესი აქვს...
ვეცდებით, სხვადასხვა ფორმით, შემდგომაც მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაციები ქართული გვარების შესახებ.
წაიკითხეთ ასევე: