ავტორი:

"მშობიარობის შემდეგ სიცხეები ჰქონდა... ექიმს უთქვამს ბრონქების ანთებააო, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით" - რას ჰყვებიან გარდაცვლილ ქალზე

"მშობიარობის შემდეგ სიცხეები ჰქონდა... ექიმს უთქვამს ბრონქების ანთებააო, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით" - რას ჰყვებიან გარდაცვლილ ქალზე

წუხელ ქუთაისში, ბომონდის კლინიკაში 21 წლის ახალნამშობიარევი გოგონა ლიკა ტალახაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჯერჯერობით ახლობლები ვერ ამბობენ, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი და მომხდარით შეძრულები არიან.

"ორი კვირის წინ გაიკეთა საკეისრო კვეთა სამეგრელოში, კლინიკის სახელი არ მახსოვს, შეეძინა პატარა, ბიჭი დაიბადა, იოანე. გაწერეს კლინიკიდან და სახლში იყო. სენაკში იყო გათხოვილი. სამი დღის წინ შეუძლოდ გახდა და ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. წუხელ გვიან დამძიმდა და ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მეტი ჩვენც ჯერჯერობით არაფერი ვიცით, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ის ვიცით, რომ რომ იმშობიარა და კლინიკიდან გაწერის შემდეგ სიცხეები ჰქონდა და ბოლო შეუძლოდ გახდა.

არაფერი ვიცით ჯერ, რატომ ვერ გადაარჩინეს. რომ შეიყვანეს კლინიკაში ექიმს უთქვამს ბრონქების ანთებააო. სხვა ჯერ არაფერი ვიცით. გაგვანადგურა ამ ამბავმა. არაჩვეულებრივი გოგონა იყო ჩვენი ლიკუნა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე. საოცარი გოგონა, უკეთილესი. სულ იღიმოდა, სულ ბედნიერებას ასხივებდა, დედამიწაზე არ მეგულება ლიკუნასნაირი გოგო. მართლა გამორჩეული იყო. არ არსებობს ადამიანი, ვინც გაიცნობდა და მისი ღიმილი არ გააბედნიერებდა. კისკისა, მხირული, ძალიან ლაღი იყო ჩვენი ლიკუნა. საოცარ ოჯახში გაზრდილი. ორი წელია რაც გათხოვდა. როგორი ბედნიერი იყო შვილის დაბადებით და ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ ახლა. მის გვარში და საბიძაშვილოში ერთადერთი პრინცესა ჰყავდათ ჩვენი ლიკუნა და პრინცესასავით გაზრდილი გოგო აღარ გვყავს. მშობლები არ ვიცი თუ გადაიტანენ ამ ყველაფერს" - ამბობს ჩვენთან საუბარში გოგონას ნათესავი.

წაიკითხეთ ასევე: