ავტორი:

"მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები, სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება" - მეწყერი ტყიბულში: რას წერს ადგილობრივი

"მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები, სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება" - მეწყერი ტყიბულში: რას წერს ადგილობრივი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.

"ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა.

ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება, რის საფუძველზეც შესაბამის უწყებებს ოპერატიულად მიეწოდებათ გეოლოგიური დასკვნები.პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ.მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.

ბოლო წლების განმავლობაში სოფ. კურსებში სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია 25 ოჯახი და 2 გზის მონაკვეთი, აქედან 5 ოჯახი გასახლებულია.სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას წერს ადგილობრივი მარიამ ბეროძე ამ დროისთვის სოფელ კურსებში არსებულ ვითარებაზე:

"მედიებს გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ მეწყერს კურსებში. გუშინ რაც გამოცხადდა დილიდან, დანგრეული 5 სახლია. სინამდვილეში, ეგ 5 სახლი მაშინვე გაქრა, აღარ არსებობს. დანარჩენი სახლები გუშინ განაგრძობდა ნგრევას მთელი დღე (მაგ ხმამ არ დამაძინა, ისე ჩამყვა ფიქრში).

ძალიან ყოჩაღად დაორგანიზდა ხალხის გამოყვანა სოფლიდან. იმან გადაგვარჩინა, რომ მეწყერი უცებ არ მოწყდა და ნელ-ნელა წამოვიდა, შესაბამისად მსხვერპლი არ ყოფილა. სასტუმროებშია დანაწილებული 45 ოჯახი. ჯერჯერობით, გულწრფელად, ყურადღებას გვაქცევენ.

მიწა არ ჩერდება, მოდის და მოდის და მოაქვს ეზოები. სამანქანო გზის ნაწილი აყრილია, ჯოჯოხეთი ხდება. ძალიან დიდ უბანზეა საუბარი და მთავარი იწყება აწი: ამ ხალხმა სად უნდა იცხოვროს, როდემდე იქნებიან სასტუმროებში და ზარალის ანაზღაურება მოხდება თუ არა.პ.ს. ასაკოვანი ადამიანები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან ბევრნი".

წაიკითხეთ ასევე: