ავტორი:

"ლევან ხაბეიშვილზე მინდა აღვნიშნო, რომ გაგებით მოეკიდა ყველაფერს, პიროვნულად კარგი შეფასება მინდა მივცე მას" - სუს-ის ოპერატიული მუშაკი

"ლევან ხაბეიშვილზე მინდა აღვნიშნო, რომ გაგებით მოეკიდა ყველაფერს, პიროვნულად კარგი შეფასება მინდა მივცე მას" - სუს-ის ოპერატიული მუშაკი

სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილზე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგებით მოეკიდა ყველაფერს, პიროვნულად კარგი შეფასება მინდა მივცე მას. მურთაზ ზოდელავა რომ არ ყოფილიყო, მისი დაკავება მშვიდ ვითარებაში მოხდებოდა, - ამის შესახებ სუს-ის ოპერატიულმა მუშაკმა ბესიკ ჭიკაიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მან ჩვენება დაკავებული პოლიტიკოსების, ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე ჩვენება მისცა.

  • მისი განმარტებით, ის გამომძიებლებთან ერთად ვაჟა-ფშაველას 45-ში იმყოფებოდა, სადაც ხაბეიშვილი ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრად იყო. ჭიკაიძემ ზოდელავასა და ხაბეიშვილის დაკავების პროცესზე ისაუბრა.

„ლევან ხაბეიშვილმა მურთაზ ზოდელავას გადასცა ტელეფონი, თითქოს, მის კუთვნილ ტელეფონს უბრუნებდა. მურთაზ ზოდელავა მთელი ძალის გამოყენებით ცდილობდა მისთვის ტელეფონი არ გამოერთმიათ. ვიდეოგადაღება შევწყვიტე და მოვლენებს ვაკვირდებოდი, თუ საჭირო გახდებოდა, მეც ჩავერთვებოდი. მურთაზ ზოდელავამ საგამოძიებო მოქმედებას ხელი შეუშალა, არაჯანსაღი სიტუაცია შეიქმნა. გამომძიებელმა გადაწყვეტილება მიიღო, ლევან ხაბეიშვილი სუს-ის შენობაში გადაყვანის და დაკავების ოქმის იქ გაფორმება.

სხვათა შორის, ლევან ხაბეიშვილზე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაგებით მოეკიდა ყველაფერს, პიროვნულად კარგი შეფასება მინდა მივცე მას. მურთაზ ზოდელავა რომ არ ყოფილიყო, მისი დაკავება მშვიდ ვითარებაში მოხდებოდა“, - განაცხადა ჭიკაიძემ.

სასამართლოში ჩვენება მისცა სუს-ის კიდევ ერთმა ოპერატიულმა მუშაკმა ლაშა ნონიაშვილმა.

როგორც მან განმარტა, გამოძიება ხაბეიშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე მიმდინარეობდა.

„ლევან ხაბეიშვილი დაახლოებით, 16:00 საათზე ტელევიზიიდან გამოვიდა, ის ჩვენს მიერ შეჩერებული იქნა და გამომძიებელმა აუხსნა, რომ მოსამართლის განჩინება არსებობდა, რის გამოც მისი ჩხრეკა და დაკავება უნდა მომხდარიყო. ამ დროს ბატონი მურთაზ ზოდელავა ლევან ხაბეიშვილის გვერდით იმყოფებოდა. როდესაც ლევანის დაკავება უნდა მომხდარიყო, მან მობილური ტელეფონი ამოიღო და მურთაზ ზოდელავას მიაწოდა, რის შემდეგაც ზოდელავამ ტერიტორიის დატოვება სცადა... ლევან ხაბეიშვილი იქით აწყნარებდა ზოდელავას, რომ დამშვიდებულიყო და მუშაობაში ხელი არ შეეშალა. თანამშრომლებმა ზოდელავას მოუწოდეს მობილური ტელეფონი მიეცათ, რასაც ის წინააღმდეგობას უწევდა და ხელს უშლიდა გამომძიებლებს. ტელეფონის გამორთმევის შემდეგ ზოდელავა წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებდა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.