Artemis II-ის გაშვებას NASA აპრილის დასაწყისში გეგმავს. ეს არის ადამიანის მონაწილეობით დაგეგმილი კოსმოსური მისია, რომელიც მთვარის გარშემო ფრენას ითვალისწინებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა 1972 წლის შემდეგ, როდესაც ადამიანები მთვარესთან ასე ახლოს მივლენ.
თავდაპირველად რაკეტის გაშვება მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო, გეგმები შეიცვალა. სპეციალისტებმა ჰელიუმის გაჟონვა აღმოაჩინეს, რის გამოც რაკეტა შესაკეთებლად ფლორიდაში, კეიპ კანავერალში მდებარე ასამბლეის შენობაში დააბრუნეს.
NASA-ს განცხადებით, ტექნიკური პრობლემა უკვე მოგვარებულია. რაკეტის პლატფორმაზე დაბრუნება 19 მარტს იგეგმება, ხოლო მისიის გაშვების ყველაზე ადრეულ თარიღად 1-ელი აპრილია განსაზღვრული.
პრესკონფერენციაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მისია ტექნიკურად რთულია და გარკვეულ რისკებსაც მოიცავს. მიუხედავად ამისა, მათი თქმით, გუნდი სრულად მზად არის ფრენის უსაფრთხოდ განსახორციელებლად და პროექტზე მუშაობა ინტენსიურად გრძელდება.
მისიაში მონაწილეობას ოთხი ასტრონავტი მიიღებს: რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.

მისია დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში ასტრონავტები მთვარის გარშემო იფრენენ და შემოუვლიან მის მოპირდაპირე მხარეს - იმ ნაწილს, რომელსაც დედამიწიდან ვერასდროს ვხედავთ, რის შემდეგაც დედამიწაზე დაბრუნდებიან.
მისიის ხელმძღვანელების განცხადებით, ფრენის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებას ეთმობა.
"ყველა შესაძლო რისკი შეფასებულია და განხილულია, რათა წარმატებისთვის საუკეთესო პირობები შევქმნათ", - განაცხადა "არტემის II“-ის მისიის მართვის გუნდის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ახალი რაკეტების გამოყენება ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. "თუ ისტორიას გადავხედავთ, ახალი რაკეტების გაშვების წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ს შეადგენს. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ბევრად უკეთეს პოზიციაში ვართ".