წუხელ ქუთაისში, ბომონდის კლინიკაში 21 წლის ახალნამშობიარევი გოგონა ლიკა ტალახაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალმა ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“ლიკა მარტვილში იყო გათხოვილი და საკეისრო გაიკეთა “სენამედში“.
4 დღის წინ ტემპერატურა და უჰაერობა დაეწყო, სასწრაფო გამოიძახეს და გადაიყვანეს კლინიკა „ბომონდში“. 3 დღე იწვა იქ, ახლობლებს ეხმიანებოდა ჩვეულებრივ. გუშინ უნდა გამოეწერათ კლინიკიდან და მოხდა ეს ტრაგედია. საღამოს შვიდი საათისთვის ოჯახის წევრები და ახლობლები მივედი კლინიკასთან. იქ ისეთი ამბავი ტრიალებდა, ძნელია გადმოსაცემად. პოლიციის კორდონი იყო კლინიკის წინ, ვინმე რომ არ შევარდნილიყო. პირველად დავინახე პოლიციელის თვალზე ცრემლი. არავინ გამოსულა გარეთ. იქვე გვითხრეს, ექიმი დაკითხვაზე ჰყავთ წაყვანილიო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი ტრაგედია ხდება. პასუხი უნდა აგოს როგორც “სენამედის“ სამშობიარო სახლმა, სადაც რამდენად სრულყოფილად ჩაუტარეს ოპერაცია ბავშვს, დასადგენია. ასევე საკითხავია, რა გაუკეთეს „ბომონდში“ ბავშვს ისეთი, რომ მოკლეს“ - ამბობს, ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ოჯახის ნათესავი.
კლინიკის ცნობით, პაციენტს კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა „ბომონდში“, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.
ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
"პაციენტი ჩვენთან იყო აღრიცხვაზე. 20 თებერვალს შემოვიდა სამშობიაროდ, 21-ში ჩაუტარდა შესაბამისი ჩვენებით საკეისრო კვეთა. ნაყოფი ნორმალურ მდგომარეობაში დაიბადა და პაციენტს არანაირი გართულება არ ჰქონდა. 1 კვირის შემდეგ, ნაკერის მოსახსნელად მოვიდა, მშვენივრად იყო. არანაირი ჩივილი არ გამოუხატავს.
რატომ აცხადებს "ბომონდი", რომ ოპერაციული პათოლოგიით გარდაიცვალა, არ ვიცი
ამას ალბათ სასამართლო ექსპერტიზა გადაწყვეტს. " - განუცხადეს ambebi.ge -ს "სენამედში".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
იხილეთ ასევე: