ავტორი:

ჩვევები, რომელიც ჩვენს დაბერებას აჩქარებს - 6 ნაბიჯი, ახალგაზრდობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად

ჩვევები, რომელიც ჩვენს დაბერებას აჩქარებს - 6 ნაბიჯი, ახალგაზრდობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად

ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებულმა ჩვევებმა შესაძლოა ბიოლოგიური დაბერების პროცესი დააჩქაროს. სპეციალისტების თქმით, ზოგიერთი ჩვევა დამატებით სტრესს აყენებს ორგანიზმს, რაც დროთა განმავლობაში სხეულს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვადასხვა დაავადების მიმართ.

ექსპერტები ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრების წესში მცირე ცვლილებებს შევიტანთ.

  • PUR-FORM- ის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი ჯოზეფ პურიტა ამბობს, რომ ბევრი მავნე ჩვევის შეცვლა შედარებით მარტივი ნაბიჯებითაც შეიძლება. მისი თქმით, სწორი მიდგომა და ყოველდღიური მცირე ცვლილებები ორგანიზმს ეხმარება უკეთესად გაუმკლავდეს სტრესს და შეანელოს დაბერების პროცესიც.

როგორც პურიტა New York Post-თან საუბარში განმარტავს, ყველაზე გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე მავნე შედეგებია ქრონიკული ანთება, სტრესი, ჰორმონალური დარღვევები, მიტოქონდრიის ფუნქციის დარღვევა და ეპიგენეტიკური ცვლილებები.

მისი თქმით, ეპიგენეტიკური ცვლილებები გავლენას ახდენს დაბერების პროცესზე. სწორედ ამიტომ, ასეთი ჩვევები დროთა განმავლობაში შეიძლება ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახოს.

  • არაჯანსაღი კვება

“ულტრაგადამუშავებული საკვებითა და დამატებული შაქრით მდიდარი საკვების მიღება იწვევს ანთებას, ინსულინრეზისტენტობას და ნაწლავის მიკრობიომის დისბალანსს. ეს ყველაფერი დაბერების დაჩქარებასთან არის დაკავშირებული“, - ამბობს პურიტა.

ის გვირჩევს, რომ კვების დროს “პლუს ერთი, მინუს ერთი“ წესი გამოვიყენოთ.

“დაამატეთ ერთი მცენარეული საკვები (ხილი, ბოსტნეული, ლობიო, თხილი) და ამოიღეთ ერთი გადამუშავებული პროდუქტი“.

  • ფიზიკური უმოქმედობა

უმოძრაობა ბიოლოგიური დაბერების დაჩქარების კიდევ ერთი წამყვანი მიზეზია, რადგან ის ზრდის გულ-სისხლძარღვთა რისკს, პროვოცირებს კუნთების განლევას და მეტაბოლურ დისფუნქციას.

გამოსავალი: დროა, იმოძრაოთ. პურიტა გვირჩევს, დავიწყოთ ყოველ საათში 3-5 წუთიანი სიარულით ან მსუბუქი აქტივობით.

  • ცუდი ძილი

“ქრონიკული ძილის უკმარისობა არღვევს ჰორმონალურ ბალანსს, ზრდის ანთებას და აქვეითებს ორგანიზმის დნმ-ის აღდგენის უნარს“.

გამოსავალი: მთავარია ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს გაღვიძება.

  • ქრონიკული სტრესი

სტრესის მაღალი დონე ზრდის კორტიზოლს, ასუსტებს იმუნურ ფუნქციას და ხელს უწყობს ანთებას, რაც აჩქარებს დაბერებას.

გამოსავალი: დღეში მხოლოდ ხუთი წუთით დასვენებამ - იქნება ეს ნელი სუნთქვა, მედიტაცია თუ მოკლე გასეირნება, შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს სტრესის დონეზე.

  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება არა მხოლოდ ღვიძლის დაავადების, კიბოს რისკისა და ნეიროდეგენერაციის გამომწვევი მიზეზია, არამედ დიდ გავლენას ახდენს დაბერების პროცესზეც.

გამოსავალი: პურიტა გირჩევთ, სამუშაო დღეებში უალკოჰოლო სასმელები ან ალკოჰოლური სასმელები წყალთან ერთად მიირთვათ.

  • სოციალური იზოლაცია

“მარტოობა დაკავშირებულია სიკვდილიანობის მაღალ რისკთან და ბიოლოგიური დაბერების დაჩქარებასთან, ნაწილობრივ სტრესის მომატების, აქტივობის შემცირებისა და დეპრესიის განვითარების მაღალი რისკის გამო“, - ამბობს ის.

გამოსავალი: თქვენს ცხოვრებაში ცოტაოდენი დამატებითი სოციალური ინტერაქციის ჩართვა მარტივია. “დაგეგმეთ ერთი ყოველკვირეული სოციალური აქტივობა."

წყარო