ეკონომიკის მინისტრის ყოფილის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტყუილია, რომ მეუღლეს ძვირადღირებული ცხენი უყიდა, ასევე ტყუილია, თითქოს უცხოეთიდან ჩამოიყვანა იახტა და არც დაბადების დღეები დაჯდა კოლოსალური თანხა. ამის შესახებ მიქაუტაძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიქაუტაძე ბრალში აღწერილ დეტალებს უარყოფს.
„2025 წლის 14-15 ივნისს მირეკავს სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელის მოადგილე და მეუბნება, იქნებ მოხვიდე, რაღაც საკითხებია, კითხვები მაქვს და უნდა გავიაროთო. მივედი დათქმულ დროს. ჩემდა გასაკვირად, ადამიანმა, რომელმაც დამიბარა საკითხების დასაზუსტებლად, მეუბნება, გისმენო. ვუთხარი, თქვენ რა კითხვები გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ - მეთქი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, ჩემი თანამდებობაზე ყოფნის დროს ძალიან ბევრი კარგი რამ გავაკეთე. დასამალი არაფერი მქონია, არც არაფერი მიმითვისებია, მომიპარია, გამიფლანგია ან თაღლითურად დავუფლებივარ. ვატარებდი სახელმწიფო ინტერესს, ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავად ვუპასუხებდი.
მიუხედავად ჩემი მხრიდან გამოთქმული მზაობისა, არავითარი კითხვები არ მაქვსო. თავისთავად, გაუგონარი იყო ეს საქციელი, მით უფრო, ალოგიკური ტელეფონზე ჩვენი საუბრიდან გამომდინარე. ვისარგებლე შემთხვევით და განვლილი ორი წლის საქმიანობის შესახებ მოვუყევი, რამდენი ასეულობით მილიონი ლარი შევიდა ჩემი და ჩემი გუნდის ძალისხმევით ქვეყანაში, ისეთი შემოსავლები, რომლებიც არც მანამდე და არც ჩემი წამოსვლის შემდეგ შესულა კომპანიებში.
ასევე ისტორიული ტრანზიტი და ექსპორტი გავაკეთეთ, რამაც დამატებით 300 მილიონი ლარი მოუტანა ქვეყანას. სწორედ ეს ოდიოზური ფიგურები, ეს კაცმაცუნები ხელოვნურად აჯანჯლებდნენ იმ პროექტს, რომელმაც ამდენი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას.
ასეთმა ბევრმა ქმედებამ და სხვადასხვა ფაქტორმა შექმნა საფუძველი, რომ სწორი დარგის მართვამ, დაგეგმვამ, კონკრეტულმა ქმედებებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიას მისცა საშუალება, მოსახლეობისათვის სამომხმარებლო ტარიფის 3 თეთრით შემცირება 2025 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.
როდესაც ვნახე ბრალის დადგენილება, აღმოვაჩინე, რომ საქმე უკვე აღძრული იყო 2025 წლის 13 ივნისს ანუ ჩემი სუს-ში ამ ადამიანთან ყოფნის დროს უკვე კითხვებიც ჰქონდათ, როგორც აღმოჩნდა, ბევრი დაუზუსტებელი ე.წ. გონივრული ეჭვი.
ასეთივე ტყუილია, თითქოს უცხოეთიდან ჩამოვიყვანე იახტა. იახტაზე გადავიხადეთ ნიშნობა, რამდენიმე დღიანი გართობა, რაც დაჯდა კოლოსალური თანხა. რეალობა კი შემდეგია - 700-800 ლარად ვიქირავეთ გემი, რომელზეც ალბათ თქვენც და მთელი საქართველოს ნამყოფია ბათუმში. ჩემმა გემოვნებიანმა ოჯახმა არასახარბიელო ვიზუალის გამო შეფუთა ნაჭრებით, 2 საათი დავყავით, გადავიღეთ ფოტოები და აღნიშვნა მოხდა რესტორანში.
ჩემი მძახლის ოჯახი არის ბათუმიდან, მათ გადაიხადეს 30-კაციანი ნიშნობის თანხა და მადლობა მათ ამისთვის. რაც შეეხება ოჯახის სასტუმროს ხარჯებს - ვიქირავეთ რესტორანთან ახლოს, რამდენიმე ნომერი, ჯამში, დაახლოებით, ათასი დოლარი გადავიხადეთ. ესეც ნიშნობა კოლოსალური თანხებით და ჩამოყვანილი იახტა.
ასევე ჩემი მეუღლის დაბადების დღე, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტში მოექცა, თითქოს და 100 ათასი ლარი დაჯდა და ასევე კოლოსალური თანხა იტალიიდან მუსიკოსების ჩამოყვანაში გადავიხადე. რეალობა კი შემდეგია - აღვნიშნეთ „გარდენიაში“, რომელიც დაახლოებით 20 ათასი ლარი დაჯდა ოფიციალურად, ყველას შეუძლია ნახოს, ხოლო მუსიკოსები იტალიიდან სულ 2 ათასი ევრო სამი ადამიანი, თავისი ტრანსპორტირებით, რომლებიც ჩამოვიყვანეთ „ვიზეარით“ ქუთაისში, განვათავსეთ ჩემი მეუღლის სასტუმროში და ტორტი, რომლის ფასიც ასევე ყველამ იცის, ასკაციანი სუფრისთვის - 1500 ლარი. უბრალოდ, როგორც ყველაფერი, ეს დაბადების დღეც ჩემმა მეუღლემ გემოვნებიანად გააკეთა. მაგარი ხარ ნინო, მადლობა ცხოვრებას, რომ შენ შეგხვდი.
ასევე ჩემი დაბადების დღე, სადაც თითქოს ჩემი ხარჯებით წავიყვანე ხალხი მადრიდში, დავაფინანსე მათი ვოიაჟი, რაც ასევე კოლოსალური თანხა დაჯდა. რეალობა აქაც სულ სხვაა - ყველა ვინც იმყოფებოდა, დაახლოებით ოცი ადამიანი, ზოგი ამ დარბაზშიც არის, თავისი ხარჯებით იყო. მე გადავიხადე დაბადების დღის სუფრა, რაც დაახლოებით 3 ათასი ევრო დამიჯდა, კოლოსალური თანხის ნაცვლად. არც მგზავრობა, არც სასტუმრო, არც სხვა ხარჯი მე არ გამიწევია. შეგეძლოთ, ამ ადამიანებთან გადაგემოწმებინათ, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო გამოძიების ინტერესში“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე.