ავტორი:

"შვიდი შვილი 1-წლიანი შუალედებით, ბუნებრივი გზით გავაჩინე, დანარჩენები - 2-წლიანი შუალედებით" - 10 შვილის დედა, მრავალმხრივი პროფესიებით: ქეთი ტაბატაძის ისტორია

"შვიდი შვილი 1-წლიანი შუალედებით, ბუნებრივი გზით გავაჩინე, დანარჩენები - 2-წლიანი შუალედებით"  - 10 შვილის დედა, მრავალმხრივი პროფესიებით: ქეთი ტაბატაძის ისტორია

მრავალშვილიანი დედა ყოველთვის პატივისცემას და დაფასებას იმსახურებს, მაგრამ ქეთი ტაბატაძე მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი რამით გამორჩეული ქალბატონია. ყოჩაღი, აქტიური და პროფესიულადაც რეალიზებული 10 შვილის დედაა. არტთერაპევტია, პირველადი პროფესიით გეოგრაფი და ასევე ინგლისური ენის სპეციალისტი. შესაბამისად მუშაობს როგორც არტთერაპევტი, აქვს სესიები და როგორც ინგლისური ენის სპეციალისტი ინგლისური ენის გაკვეთილებს ატარებს.

"განსხვავებული მიდგომებით ვმუშაობ, მოსწავლეები მონოტიპიებს ქმნიან, კოლაჟებს, არტთერაპიას, ქვიშათერაპიას ვიყენებ, ოღონდ, არათერაპიული მიზნით, არამედ ინგლისურ ენას ხელოვნებით ვასწავლი. ეს განსაკუთრებული მიდგომაა და ვფიქრობ, რომ ჩემი ძალიან დიდი აღმოჩენაა" - გვეუბნება ქეთი ტაბატაძე, რომელიც სხვისი შვილების განათლებასა და აღზრდაში ისეთივე აქტიურად არის ჩართული, როგორც საკუთარი შვილების შემთხვევაში.

"ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ცენტრი მქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სურვილს ფრთები ვერ შევასხი, თუმცა ყველაფერი ღვთის ნებაა. იმის გამო, რომ დიდი ოჯახი მყავს, ამიტომ კომფორტი საკუთარ სახლში მოვიწყე. დრო ისე გადავანაწილე, რომ ჩემი შვილები გაკვეთილების ჩატარებაში ხელს არ მიშლიან. მოსწავლეებთან მაქვს როგორც ცოცხალი შეხვედრები, ასევე ონლაინ-გაკვეთილებიც მსურველთათვის. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მიკავშირდებიან და ვატარებ გაკვეთილებს. ძირითადად ის ქართველები არიან, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და ინგლისური ენის შესწავლა უნდათ".

- ეს რაც შეეხება თქვენს საქმიანობას... ახლა იმაზე მოგვიყევით, როგორ შექმენით ოჯახი.

- ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან მუდმივად იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი საზრისი ოჯახი იყო. როგორც ჩანს, ეს ჩემს ბუნებაში სულ გაუცნობიერებლად იდო. როდესაც ჩემი ჯგუფელები ოცნებობდნენ, როდის დაამთავრებდნენ უნივერსიტეტს, რომ კარიერაზე ეზრუნათ, მუშაობა დაეწყოთ, მე ერთი სული მქონდა, ოჯახი შემექმნა. ოღონდ, ამას გულში ვფიქრობდი, ხმამაღლა არ ვაჟღერებდი, - კარიერაზე არ ვფიქრობდი. ერთხელ მეტეხის ტაძრიდან ახალგაზრდები შიო მღვიმის მონასტერში ექსკურსიაზე წავედით. 22 წლის ვიყავი და შიო მღვიმელის საფლავთან ვლოცულობდი, ჩემი მეორე ნახევარი გამოაჩინე-თქო. თურმე იმ დროს ჩემი მომავალი მეუღლე გვერდით მედგა, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. იმ ექსკურსიაზე იმ ახალგაზრდებს შორის ისიც იყო. წარმოიდგინეთ, ჩვენი ურთიერთობა იმ საღამოსვე დაიწყო. როგორც ჩანს, ჩემს მომავალ მეუღლეს სიყვარულის ნაპერწკალი გაუჩნდა და მესიჯად ერთი ფრაზა მომწერა. შემდეგ დღეებშიც რაღაც ძალიან გულში ჩამწვდომი სმს-ები გამომიგზავნა და მისი პიროვნებით დავინტერესდი. მოგვიანებით ამ ურთიერთობას ანალიზი გავუკეთე, მივხვდი, აქცენტი რაზე გავაკეთე, როგორ შევარჩიე მომავალი მეუღლე - მისმა ინტელექტმა მიმიზიდა, ლექსებსაც მიძღვნიდა და რაღაც ამ მხარემ გადაწონა.

- პროფესიით ვინაა?

- იურისტია და ასევე რელიგიათმცოდნე. ერთი პერიოდი როგორც რელიგიათმცოდნე დასაქმებული იყო, მაგრამ იურისტად არასდროს უმუშავია. სკოლაში რელიგიის მასწავლებლად მუშაობდა. ამხელა ოჯახია და უმოქმედოდ ნამდვილად ვერ იქნება და არც ყოფილა. ამჯერად ვაჭრობის კუთხით საქმიანობს.

- დამეგობრების შემდეგ მალე დაქორწინდით?

- ორ თვეში. ამაზე ჩემს შვილებს ეღიმებათ ხოლმე, წარმოუდგენელი ჰგონიათ. ისე მართლაც, სხვისი თვალით რომ შევხედოთ, წარმოუდგენელი ამბავი მოხადა, - ორ თვეში დავქორწინდით, სიმართლე გითხრათ, გავიპარეთ. ოღონდ, ღვთის წინაშე არ ვიყავით გაპარულები, მოძღვარს ვუთხარით, რომელმაც დაგვლოცა და ასე გავიქეცით.

მეუღლესთან ერთად

- პირველი შვილი რამდენი წლის არის?

- ერთ წელიწადში შვილი უკვე გვყავდა, ელენე ახლა 19 წლის არის. სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე სწავლობს, წარმატებული სტუდენტია, სადაც 100%-იანი გრანტით ჩააბარა. ელენე საკეისრო კვეთით გავაჩინე. ამაზე ძალიან ვინერვიულე, რომ ბავშვი ბუნებრივად არ გაჩნდა. საკეისრო დაგეგმილი არ ყოფილა, მოულოდნელად დამჭირდა... შემდეგ უკვე ისეთ ექიმს ვეძებდი, ექიმიდან ექიმთან დავდიოდი, რომ ვინმეს იმის გარანტია მოეცა, მომდევნო შვილები რომ ბუნებრივად დაბადებულიყვნენ. კურთხევა ამაზე ჩემმა მოძღვარმა - აკაკი მელიქიძემ მომცა. მოგვიანებით გაირკვა თუ რატომ მომცა მოძღვარმა ამაზე კურთხევა - „შენში ანდამატივით მტკიცე რწმენა და სურვილი დავინახე, თუ როგორ გინდოდა შვილების ბუნებრივი გზით გაგეჩინა და კურთხევა ამიტომ მოგეცი, რომ იმ ექიმის ძიება დაგეწყო, ვინც ამ სურვილს აგისრულებდა. თორემ რა უფლება მქონდა, შენთვის ასე მეთქვაო“... ეს ექიმი დავით გაგუა აღმოჩნდა. ამ საქმეში მას დიდი წვლილი მიუძღვის. ელენეს შემდეგ ანტონი, ილია, ანდრია, იოანე, ელისაბედი, ენუქი ერთწლიანი შუალედებით გაჩნდნენ. შემდეგ უკვე ორწლიანი შუალედებით დაიბადნენ, ელისე, აბრაამი და ბოლოს ანა...

- ვისთვისაც ბუნებრივი მშობიარობა დაუშვებელია, თქვენს შემთხვევაში რანაირად მოხდა, რომ ამდენი შვილი ბუნებრივი გზით გააჩინეთ. მართლა ამოუხსნელია...

- გაგუას კლინიკაში მითხრეს, ექიმები კლინიკიდან გერმანიაში ერთ-ერთ კონფერენციაზე ყოფილან და მათ ჩემ შესახებ იქ უთქვამთ - პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა გვაქვს, ქალმა პირველი საკეისრო კვეთის შემდეგ ბევრი შვილი გააჩინაო. ამ ქალბატონზე მოხსენება უნდა გააკეთოთ, რადგან მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევაა, როცა ამდენი ბუნებრივი მშობიარობაა პირველი საკეისროს შემდეგო... ბოლოს ანაზე მითხრეს, ბუნებრივი მშობიარობისგან თავი შეიკავე, შენი სიცოცხლისთვის საშიშროება არსებობსო. მერე მილების გადაკეტვაზე ცალკე უნდა მივსულიყავი, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, საკეისრო კვეთა იმ მიზნით გაკეთებულიყო, რომ მილებიც გადაეკეტათ. ამიტომ მეათე შვილი ანა უკვე საკეისრო კვეთით გაჩნდა.

- შვილების სახელები ზოგჯერ ხომ არ გერევათ?

- სახელები არა, უფრო წლები მერევა. ჩემს მეუღლეს მათი ასაკი ერევა. მე მაგალითად, ენუქს რომ ვეძახი, თავისთავად ხდება ასე, ყველა სახელს ჩამოვთვლი ხოლმე, თითქოს თვითონ მოაქვს ენას, კი ვიცი, რომ ენუქია, მაგრამ ასე ხდება... შვიდი ბიჭია და სამი გოგო. შვიდიც ხომ სიმბოლური რიცხვია, სამიც და ოჯახშიც 12-ნი ვართ. 12-იც ასეთივე რიცხვი გახლავთ. შემთხვევითობის არ მჯერა...

- ადრეული ასაკიდან ოჯახის შექმნაზე ვფიქრობდიო, ალბათ მრავალშვილიან დედობაზეც, ხომ?

- მე თვითონ დედისერთა ვარ. დედის გარეშე გავიზარდე. მშობლები გაშორებულები იყვნენ. შინაგანად სულ მქონდა სურვილი, დედა გვერდით მყოლოდა. დედაჩემის და მამაჩემის ურთიერთობაში არ ვერევი და მათ შორის რა მოხდა, არაფერს ვქექავ, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ, რომ მე მამასთან დავრჩი. ეს იყო დედის გადაწყვეტილება - ასე ჩათვალა საჭიროდ... ის ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს და მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ღმერთმა მომცა იმის უნარი, შემძლებოდა მასთან ურთიერთობა აღმედგინა... ბავშვობაში ძალიან ბევრი და დიდი ტკივილები გადავიტანე... ამიტომ სურვილი მქონდა, თავად გამხდარიყავი ისეთი დედა, რომელიც შვილებთან იქნებოდა.

- რა აღზრდის მეთოდები გაქვთ, შვილებთან ურთიერთობის რა ფორმა გაქვთ არჩეული?

- პირველი გოგონას გაჩენიდანვე პერფექციონიზმი მქონდა - მეშინოდა, არაფერი შემშლოდა. შვილი გზას არ ასცდეს, არასწორად არ გავზარდო-მეთქი... ღმერთს ვთხოვდი, ამისგან დავეცავი... სად დავუშვი შეცდომა და სად არა, ეს ღმერთმა იცის, მაგრამ თვითონ რასაც სინდისი მკარნახობს, ისაა, რომ თავდაპირველად უფრო მკაცრი დედიკო ვიყავი, თუმცა ასევე ძალიან თბილიც, რადგან მინდოდა, კარგი დედა ვყოფილიყავი, ჩემს წარმოსახვაში კარგი დედობა თბილი და მოსიყვარულე მშობელი იყო. მერე ელენე თინეიჯერი რომ გახდა, ანტონიც წამოიზარდა და დანარჩენ შვილებსაც რომ შევხედე, რაღაცები შევცვალე ანუ უფრო მეტად დავთბი. მივხვდი, რომ შიში არ იყო სწორი და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა დავიწყე... არ არის საჭირო იდეალური იყო, ადამიანი ხარ და ყოველთვის რაღაც შეგეშლება, ამიტომ დავმშვიდდი და შიში სიმშვიდით ჩავანაცვლე. აღზრდაში რაღაცები შევცვალე...

- ალბათ სხვადასხვა წრეზეც დაგყავთ შვილები?

- ბავშვების აღზრდისას იმასაც ვუკვირდებოდი, რომელიმეს რაიმე მონაცემი, ნიჭი არ გამომპაროდა. ელისაბედი, იოანე, ილია ხალხურ სიმღერაზე და გალობაზეც დადიან - ორივე ერთად ისწავლება. ხატვა ელისაბედს, ელენეს ეხერხებათ, ახლა ხატვაზე ელისე და ენუქიც დადიან, იოანეც ხატავდა. საუკეთესო მასწავლებლებთან იარეს. ანდრია და იოანე სპორტით არიან დაკავებულები, კერძოდ, კალათბურთით. მშობლების უმეტესობას ბავშვები ცეკვაზე დაჰყავთ. მე სპორტი იმიტომ ავირჩიე, რომ ფიზიკურადაც ძლიერები, ჯანმრთელები რომ ყოფილიყვნენ. ბიჭები ამ ხაზით ამიტომ წავიყვანე. ქართულ ცეკვაზე თუ არ შევიყვანე, ეს სიმღერით, ქართული ფოლკლორით ჩავანაცვლე. გალობენ კიდეც და ამით ღმერთთანაც ახლოს არიან. ეს ყველაფერი რაღაცნაირად თითქოს მეც მიქმნის სიმშვიდის საფუძველს, მეძლევა მიზეზი, რომ მშვიდად ვიყო, რომ არ დაიკარგებიან, აუცილებლად ღმერთთან იქნებიან. ყველა მორწმუნე ადამიანის მიზანი ხომ ისაა, რომ ცხონდეს და ჩვენ ასეთი მიზანი გვაქვს. ჰო, კიდევ ჩვენი ოჯახის ზრუნვის საგანი კატა ქოთნის ყვავილებიცაა.

- ამ ყველაფრის პარალელურად, ხართ პროფესიულად რეალიზებული და სხვა ბავშვებზეც ზრუნავთ, სითბოს სხვა პატარებსაც უნაწილებთ... ამდენს როგორ ახერხებთ?

- მგონი, აქაც ჩემი მთავარი მამოტივირებელი ოჯახზე ფიქრი და ზრუნვაა. მე რომ არ ვიმუშაო, სხვანაირად არ გამოვა. 10 შვილი ეს იმხელა ჯაფაა, ვერ წარმოიდგენთ. იმხელა შემოსავალი გჭირდება, რომ თითოეული გზაზე დააყენო. ასე რომ, სხვა გამოსავალი რომ არაა, ეს მომენტიც არის. თუმცა ამის კეთების შინაგანი მოთხოვნილებაც მაქვს... არსებობს ასეთი „მოთრეული“ ფრაზები – „ეს არ შეგიძლია“, „რაღაცაში არ ვარგიხარ“, მოკლედ, სტერეოტიპები, რომლის მსხვერპლიც ვხდებით ხოლმე. მაგალითად, იყო ასეთი მიდგომა, რომ საზოგადოებაში ჩუმად უნდა ყოფილიყავი, ხმა არ უნდა ამოგეღო, გაჩუმებდნენ. მერე მქონდა მომენტი - რატომ არ უნდა ამოვიღო ხმა?! სულ მესმოდა, რომ ხატვაში არ ვვარგივარ? რატომ? იქნება და შემიძლია.

მოსწავლეებთან ერთად

დავფიქრდი და ვთქვი, მოდი, ვცადო, იქნებ ვხატავ?! ბუნებით მებრძოლი ვარ და ამ პრობლემასთან ბრძოლა ასე დავიწყე, მოსწავლეებთან გაკვეთილებში ხატვის მეთოდები შევიტანე. მასალას რომ ვხსნიდი, დავიწყე ბავშვების გახალისება. გაკვეთილზე რომ მოდიოდნენ, მეუბნებოდნენ, დღეს რას ვხატავთ? მერე ფერების აღქმა დავიწყე ანუ ამით, ჩემს თავსაც ვეხმარებოდი. რაც მე ვერ გავაკეთე და თუ ხატვა მე არ შემიძლია, მოდი, სხვამ სინჯოს და დახატოს... თერაპიითაც დავინტერესდი ანუ არტთერაპიის კურსი გავიარე. იქ ახალი ტექნიკები ვისწავლე და მადლობა ღმერთს, მომეცა ეს შემოქმედების უნარი და მოდიფიკაციები გავაკეთე, ამ ყველაფერს პედაგოგიური სტილი მივეცი. როცა ვნახე, გამომივიდა და კარგი შედეგები დაიდო, ამან უკან დამიბრუნა ის გაცემული ენერგია. მოკლედ, ისე ძლიერად ვიმუხტები, რომ არც ფიქრი მეზარება და ღამეებიც მითენებია.

- თქვენს ოჯახში მუდმივად დიდი ჟრიამული იქნება?

- ზედმეტად. ტელევიზიები რომ მოდიან, აღნიშნავენ ხოლმე, რომ ასეთი სილაღე ოჯახებში არ გვხვდება. ბავშვები ძალიან ლაღები არიანო. როგორც ჩანს, უცხო თვალისთვის ეს შესამჩნევია.

- თურმე "ფეისბუკზე" ჯგუფის - "მრავალშვილიანი დედები სიძლიერეა" მოდერატორიც ხართ...

- კი, ასეა, სადაც 28.000-მდე დედა ვართ გაერთიანებული. მრავალშვილიანი დედები არია, რომლებსაც 4-ზე მეტი შვილი ჰყავთ. თუმცა ბოლო დროს ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათო ფიფიამ სამშვილიანი დედებიც გააწევრიანა. ამან ზოგიერთ კიდევ მეტი შვილის გაჩენის სტიმული მისცა.

- კონკრეტულად არ ვიცი ვისთვის, მაგრამ თქვენი მაგალითი ალბათ ბევრი ქალბატონისთვის იქნება მაგალითის მიმცემი.