ავტორი:

"მასალებში არის ერთი ბომბი! გაბაშვილი რომ დაიჭირეს, სავარაუდოდ 1 საათში, ჩვენთან კლინიკაში მოვიდა მათი ახლობელი" - რას წერს ეკა კუპატაძე

"მასალებში არის ერთი ბომბი! გაბაშვილი რომ დაიჭირეს, სავარაუდოდ 1 საათში, ჩვენთან კლინიკაში მოვიდა მათი ახლობელი" - რას წერს ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო სასამართლო სხდომის შესახებ წერს, ასევე საუბრობს ახალ დეტალებზე:

"არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5 ტომი არ მაქვს და მათზე დღეს ვერ ვისაუბრებ! მაგრამ, ყველაფერი არაფერია ჩემთვის მანამ, სანამ ნია იმნაძე და გიორგი მალანია გარეთ არის! 12 მარტის პროცესზე მოკლედ ვიტყვი. პროკურატურის გავრცელებული საშინელი კადრები ყველას გახსოვთ ალბათ და იმ დღეს წაყენებული ბრალების წინა სასამართლო პროცესი იყო 12-ში. პროცესზე ბევრი იფართხალეს მკვლელების ადვოკატებმა.

რა თქმა უნდა, დანაშაულის ნამდვილობას ვერ გაექცევიან, ამიტომ ადვოკატებმა სხვა ხერხს მიმართეს.... უსახური შუამდგომლობები წამოაყენეს, რაც რა თქმა უნდა, არ დაუკმაყოფილდათ (არც ერთი!). ყვეეეელაფერი გახადეს სადავო!! (ეს ემსახურება მხოლოდ დროის გაწელვას, რადგან სხვა თუ არაფერი, მგონი 350-ზე მეტი, მარტო მოწმე არის დაკითხული.) საქმე გადავიდა არსებით განხილვაზე.

რიკაძის ადვოკატი, თითიდან სიმწრით გამოწოვილ უაზრობებს იგონებს. გააპროტესტა ოქტომბერში რიკაძის ტელეფონის ამოღების პროცესის კანონიერება. მეც წაგეშველებით, ბატონო დავით!(ხალხმა იცის ეს კითხვები, თქვენთვის ვწერ!) იკითხეთ ერთი, გიგას ტანსაცმელი 37 დღის განმავლობაში რატომ არ გადააგზავნეს ექსპერტიზაზე-თქო? ან ქვა, რომელიც ეკა კუპატაძემ იპოვა 33 დღის შემდეგ, რატომ შეინახეს 4 დღე-თქო? ან/და რატომ არ უზრუნველყო პოლიციის უფროსმა დანაშაულის იარაღის (ქვის) დაცვა-თქო? ან იქნებ, მაგ, რიკაძის ტელეფონიდან რამე ხომ არ წაშალეს-თქო??? ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რატომ არ გაჩხრიკეთ, ეგ სად გაგონილა-თქო??? პოლიციის უფროსმა გიგას ოპერაციამდე სურათი რომ გადაუღო, რატომ არ ჩადო საქმეში, ვიდრე ეკამ არ იყვირა-თქო? კიდევ რამდენი კითხვაა იცით???

მე ვიცი კარგად, მე ჩამოგიწერთ!... თქვენ, რამდენიმე დღის წინ აიღეთ ეგ საქმეები ხელში, მკვლელის დასაცავად, ფულის სანაცვლოდ! მე 2 თვეა მაქვს, შვილის ღირსების დასაცავად, მისი სიკვდილ/სიცოცხლის სანაცვლოდ!(აქ, ღირსებაც, სიკვდილიც და სიცოცხლეც ჩვენია და რა, როგორ, რის სანაცვლოდ, მთლად მაგდენს შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რადგან თქვენში ყველაფერი ფულით ფასობს!!!) ისე, რიკაძე-გაბაშვილ-ჩიქოვან-ნასყიდაშვილებსაც ჰკითხეთ ერთი, რატომ მანამდე არ ყვიროდით იაგო ტალახაძის და ლუკა გამყრელიძის დარღვევებზე, ეკა რომ გაჰკიოდა ქუჩაში-თქო????თუ გინდათ, მაგათ ნაცვლად მე გაგცემთ პასუხს - მაშინ ეგ პოლიციის უფროსი და რაიონის მთავარი პროკურორი, გაბაშვილების და იმნაძეების სცენარით მოქმედებდნენ და ეგ ყველაფერი, შეთანხმებულად ხდებოდა.

ბატონო დავით, საქმის მასალები არ გინახავთ ალბათ კარგად, თორემ მაგ აბსურდს არ იკითხავდით პროცესზე, რადგან მასალებში არის ერთი ბომბი!!! გაბაშვილი რომ დაიჭირეს, სავარაუდოდ 1 საათში, ჩვენთან კლინიკაში მოვიდა მათი ახლობელი.ალბათ, ეგონათ შვილს გავყიდდი! მე გამოვიძახე პატრული.როგორც ამ კაცს ჩვენებაში უწერია, მას დაურეკა ალექსანდრე გაბაშვილმა, "პოლიციიდან შემატყობინეს, პატრულია გამოძახებული და ახლავე წამოდი მაქედან!-ო. ახლა, როცა უკან აღარ იხევს პროკურატურა და გააფთრებული იბრძვის, სხვა გზა აღარ დაგრჩათ, ისევ გამყალბებლებს დაერიეთ!!! ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!! ისე, ყველა ადვოკატს, ერთად, მე მოგცემთ ჯიგრულ რჩევას! აუხსენით მაგ აღვირახსნილ მშობლებს, რომ ციხე სანატორიუმია მათი პირსისხლიანი შვილებისთვის და ურჩიეთ, სწორად ბრძოლის უფლება მოგცენ!!! სახალხოდ ვაფრთხილებ მკვლელების მშობლებს!!!

არც გაბედოთ, თაღლითურად, სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაწელვა!!!მე ყველაფერს ვაკონტროლებ! გააცნობიერეთ, თქვენ მოკალით უდანაშაულო, პატიოსანი, ჯანმრთელი, გენიოსი ახალგაზრდა და მე ვარ მისი დედა!!!' - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძის, დემეტრე ჩიქოვანისა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.