ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებები მსოფლიოს ისეთ კრიზისს უქადის, რომელიც მას კოვიდპანდემიისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არ უნახავს. გაერო და ეკონომისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ნავთობისა და გაზის კვალდაკვალ გაძვირდება თითქმის ყველაფერი: საკვები, შვებულება, ტაქსი, იპოთეკა, ტელეფონები, ავტომობილები, ელექტროენერგია და გათბობა.
ყველაზე მეტად განვითარებადი და შედარებით ღარიბი ქვეყნები დაზარალდებიან, რომლებიც ენერგომატარებლების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის გამო არც მდიდარ ამერიკელებსა და ევროპელებს დაადგებათ კარგი დღე, რაც წინა ორი კრიზისის გამოცდილებამაც აჩვენა.
რა ხდება რეალურად?
"ახლო აღმოსავლეთში ომმა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია“, - აცხადებს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA). მათი პროგნოზით, სანამ ნაოსნობა არ აღდგება, დანაკარგები მხოლოდ გაიზრდება.
ომის გამო შეწყვეტილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მსოფლიო მიწოდების თითქმის 15%, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე გადიოდა. ასევე, შეჩერებულია ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების ნახევარი სპარსეთის ყურის საკვანძო რეგიონში.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტია ნავთობის ინფრასტრუქტურის - ნავთობსადენების, პორტებისა და ქარხნების - განადგურების შანსი. თუ ნაოსნობის აღდგენა ერთი დღის საქმეა, გაჩერებული საბადოების ამუშავებას კვირები დასჭირდება, ხოლო დანგრეულის აღდგენას - თვეები და წლები.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ნავთობის ფასები ომამდელ ნიშნულს სრუტეს გახსნიდან კიდევ კარგა ხანს ვერ დაუბრუნდება. ირანის ახალი უზენაესი ლიდერის განცხადებით, სრუტე დაკეტილი დარჩება და მაშინაც კი, თუ ტრამპი ბომბვაზე უარს იტყვის, ირანი არ დაწყნარდება, სანამ ამერიკა კომპენსაციას არ გადაიხდის და ბაზებს არ გაიტანს რეგიონიდან.
რა გაძვირდა უკვე?
ნავთობის კვალდაკვალ ფასები მისგან მიღებულ პროდუქტებზეც გაიზარდა:
დიზელი: შეუცვლელია სოფლის მეურნეობასა და სატვირთო გადაზიდვებში.
საავიაციო ნავთი: მსოფლიო ბაზრის 20%-ს სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნები აწვდიდნენ. მარტის დასაწყისისთვის მისი ფასი სინგაპურში გასამმაგდა, ხოლო ევროპაში 2.5-ჯერ გაიზარდა.

ავიაკომპანიებისა და მგზავრებისთვის ზიანი მხოლოდ საწვავით არ შემოიფარგლება. ახლო აღმოსავლეთი აზიიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე მთავარი ჰაბი იყო - ყოველი მესამე მგზავრი ამ მარშრუტით დაფრინავდა. ახლა ცა დაკეტილია და თვითმფრინავებს შემოვლითი, უფრო გრძელი გზით უწევთ ფრენა.
ბილეთების დეფიციტმა ალტერნატიულ მარშრუტებზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია: სიდნეიდან ლონდონში ფრენა თითქმის გაორმაგდა, ხოლო სინგაპურიდან ლონდონში - გასამმაგდა. ექსპერტების თქმით, მსგავსი უფსკრული მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არც 11 სექტემბრის და არც ისლანდიის ვულკანის ამოფრქვევის დროს არ ყოფილა.
აშშ-ში ბენზინი ომის პირველ 11 დღეში 20%-ით გაძვირდა. ეს იმ ფონზე, როცა დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში სწორედ ფასების (მათ შორის ბენზინის) შემცირებისა და ახალი ომების თავიდან აცილების დაპირებით მოვიდა.
კიდევ რა გაძვირდება?
გაერო მსოფლიოს სასურსათო კრიზისითაც აფრთხილებს:
საკვები: ნავთობის ფასის ზრდას ტრადიციულად მოჰყვება საკვების გაძვირება.
სასუქები: გაზის გაძვირება პირდაპირ აისახება სასუქებზე. ომამდე მსოფლიო ბაზარზე სასუქების მესამედს სწორედ სპარსეთის ყურის ქვეყნები აწვდიდნენ. ჰორმუზის სრუტის ბლოკადით ყველაზე მეტად სუდანი, შრი-ლანკა, ტანზანია, პაკისტანი და კენია დაზარალდებიან. ღარიბ ქვეყნებში (სუდანი, შრი-ლანკა) შეიძლება ფიზიკურად გაქრეს გარკვეული საკვები პროდუქტები, რადგან მათ იმპორტის საშუალება აღარ ექნებათ.
მეორადი ეკონომიკური ეფექტი
ენერგიის გაძვირება იწვევს ინფლაციას, რაც ცენტრალურ ბანკებს აიძულებს გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე. ეს კი ნიშნავს:
იპოთეკის გაძვირებას და უძრავი ქონების ბაზრის ვარდნას. სამომხმარებლო კრედიტების გაძვირებას, რაც ამცირებს მოთხოვნას ავტომობილებზე, ტექნიკასა და გართობაზე.

ორმაგ დარტყმას ინდუსტრიაზე: იზრდება ნედლეულისა და ტრანსპორტირების ხარჯი, ხოლო მოთხოვნა პროდუქციაზე კლებულობს.
მომსახურების სფეროს კრიზისს: შემოსავლების შემცირების გამო ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ რესტორნებზე, ტაქსებზე, სასტუმროებსა და იურისტებზე.
ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის?
ახლო აღმოსავლური ნავთობისა და გაზის ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია. მიწოდების გაზრდა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, თუმცა ამისთვის დასავლეთმა მას უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები უნდა მოუხსნას. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი მხოლოდ აშშ-მა გადადგა და ისიც ნაწილობრივ.
გაერო აფრთხილებს, რომ ეკონომიკური ზიანი დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსი ჯონ კემპი აღნიშნავს, რომ „ნავთობშოკზე“ საუბარი ჯერ ადრეა, რადგან წინა კრიზისების დროს ფასები გაცილებით მაღალი იყო, ხოლო წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა ნავთობზე უფრო მეტად იყო დამოკიდებული, ვიდრე დღეს. მისი თქმით, რეალური რეცესიისთვის ფასები კიდევ 40-50 დოლარით უნდა გაიზარდოს.
წაიკითხეთ ასევე: