ავტორი:

სკანდალი ქართულ სპორტში: WADA-ს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შემდეგ ქართველი მორაგბეები ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დასანქცირდნენ - რას წერს BBC

სკანდალი ქართულ სპორტში: WADA-ს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შემდეგ ქართველი მორაგბეები ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დასანქცირდნენ - რას წერს BBC

საქართველოს ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის ერთი ოფიციალური პირი დასანქცირდა ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის, რაც მსოფლიო რაგბიმ (World Rugby) შეაფასა, როგორც "ორკესტრირებული სქემა". ამის შესახებ წერს BBC.

მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა სქემა, რომელიც მოიცავდა ნიმუშების სავარაუდო ჩანაცვლებას და ნარკოტესტების შესახებ წინასწარ გაფრთხილებებს.

  • გამოძიება, სახელწოდებით „ოპერაცია ობსიდიანი“ (Operation Obsidian), 2023 წელს დაიწყო და გამოავლინა ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეებმა, სავარაუდოდ, შარდის ნიმუშები შეცვალეს ტესტირებაზე დარღვევის გამოვლენის თავიდან ასაცილებლად.

WADA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) თანამშრომლები ასევე აწვდიდნენ მოთამაშეებს კონფიდენციალურ ინფორმაციას მომავალი ტესტირებების შესახებ. გარდა ამისა, დოპინგ-კონტროლის ოფიცრები ვერ ახერხებდნენ სპორტსმენებზე სათანადო დაკვირვებას ტესტირებისას და არ ესწრებოდნენ ნიმუშების აღების პროცესს.

მსოფლიო რაგბის განცხადებაში აღნიშნული შემთხვევა აღწერილია, როგორც „ორკესტრირებული სქემა, რომელიც მოიცავდა რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და ნიმუშების ჩანაცვლებას“. ორგანიზაციის ცნობით, ამ ეტაპზე შვიდ პირს წარედგინა ბრალი და დაეკისრა სანქციები.

ჩართული პირების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. მსოფლიო რაგბიმ განაცხადა, რომ "ვერ შეძლებს დამატებითი კომენტარის გაკეთებას მანამ, სანამ სრული დისციპლინური პროცესი არ დასრულდება და სანქციების საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება".

ორგანიზაციამ დაამატა, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიო რაგბის სპორტსმენთა პასპორტების მართვის პროგრამამ შარდის ნიმუშებში დარღვევები აღმოაჩინა. ეს დარღვევები მოიცავდა ხანგრძლივ პერიოდს, 2023 წლის ვაჟთა რაგბის მსოფლიო თასამდე.

საქართველომ საფრანგეთში გამართულ ტურნირზე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ოთხივე შეხვედრა წააგო.

WADA-მ დაამატა, რომ ამჟამად განიხილავს სხვა ქართველი სპორტსმენების ნიმუშებსაც, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობას წარმოადგენენ.

"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი და ეს შოკისმომგვრელი იქნება როგორც ქართული სპორტისა და მთავრობისთვის, ასევე რაგბის გლობალური სამყაროსთვის,“ - განაცხადა WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ.

ბანკამ ასევე აღნიშნა: "ეს არ არის ამბის დასასრული, რადგან დამატებითი გამოძიება ახლა უფრო ღრმად მიმდინარეობს ქართულ სპორტში. WADA-მ დაკარგა ნდობა GADA-ს ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და შესაბამისი ორგანოების მიერ ფართომასშტაბიანი ცვლილებები უნდა გატარდეს".წყარო