აშშ-მა ირანთან ომის შეწყვეტისთვის შუამდგომლობის ინიციატივები უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ ომანმა, რომელიც აქამდეც ასრულებდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონტაქტებში შუამდგომლის როლს, არაერთხელ სცადა დიალოგის ინიცირება, თუმცა თეთრ სახლში თქვეს, რომ ამ მომენტში ასეთ მოლაპარაკებებში დაინტერესებულნი არ არიან.
სააგენტოსთან საუბარში თეთრი სახლის მაღალი დონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ტრამპმა ასეთი ინიციატივები უარყო და სამხედრო ოპერაციის გაგრძელებაზეა ფოკუსირებული, რათა კიდევ უფრო დაასუსტოს თეირანის სამხედრო პოტენციალი.
"ის ახლა ამით დაინტერესებული არ არის, და მისიას ცვლილებების გარეშე გავაგრძელებთ. შესაძლოა დადგება დღე, მაგრამ ახლა არა,” - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
ორი ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, რომლებსაც Reuters ეყრდნობა, თეირანი უარს ამბობს დაზავების თაობაზე შეთანხმებებზე მანამ, სანამ მისი პირობები არ შესრულდება, კერძოდ კი თავდასხმების შეწყვეტა და კომპენსაცია.