ირანის ქალთა ფეხბურთის დელეგაციის რამდენიმე წევრი უარს ამბობს ავსტრალიაში თევშესაფარზე და სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. საუბარია საერთო ჯამში შვიდ ქალზე.
ირანის გუნდთან დაკავშირებით შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2 მარტს სამხრეთ კორეასთან აზიის თასის გახსნით მატჩშითავიანთი ქვეყნის ჰიმნის დროს ისინი დუმდნენ, ამის გამო კი ირანში "ომის მოღალატეებად" გამოაცხადეს.
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამ ქალებისთვის ქვეყანაში უსაფრთხო მომავლის შანსი მიეცა.
საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაკრების წევრები კუალა-ლუმპურში (მალაიზია) გაემგზავრნენ, რათა გუნდის დანარჩენ წევრებს შეერთებოდნენ და "სამშობლოში, ოჯახების თბილ გარემოცვაში დაბრუნებულიყვნენ“.
ირანის ქალთა ნაკრები ავსტრალიაში ომის დაწყებამდე გაემგზავრა, პირველი მატჩი სამხრეთ კორეასთან 2 მარტს გაიმართა, როცა კონფლიქტი უკვე მიმდინარეობდა.
ეროვნული ჰიმნის შესრულებისას ირანელი ფეხბურთელები ჩუმად იდგნენ. მომხდარის ვიდეო სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა და გუნდის ქცევა ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ჟესტად აღიქვეს.
ქვეყნის ოფიციალური მედიის რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იყო: ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა ნაკრების ქმედებას "ომის პირობებში უპატივცემულობისა და პატრიოტიზმის არარსებობის მწვერვალი“ უწოდა. მან ასევე მოითხოვა, რომ მათ ისე მოეპყრონ, როგორც "ომისდროინდელ მოღალატეებს“.

ამ მოვლენების შემდეგ გაჩნდა ონლაინ-პეტიცია, რომელიც ავსტრალიის მთავრობას მოუწოდებდა, ირანის ნაკრების წევრებისთვის თავშესაფრის მიცემის პროცედურა გაემარტივებინა.
წყარო ამტკიცებდა, რომ ავსტრალიასთან მეორე მატჩის წინ მოთამაშეებზე ზეწოლა ხორციელდებოდა - მათ ოჯახებს ემუქრებოდნენ. ამიტომ, ისინი იძულებულნი გახდნენ ხელისუფლების მხარდაჭერა დემონსტრაციულად ეჩვენებინათ.
შემდეგი მატჩების წინ, ავსტრალიასა და ფილიპინებთან, ქალები არა მხოლოდ მღეროდნენ ჰიმნს, არამედ სამხედრო სალამსაც აძლევდნენ.

9 მარტს ხუთმა ირანელმა ფეხბურთელმა სასტუმრო დატოვა და ავსტრალიის ხელისუფლების მიერ გამოყოფილ უსაფრთხო ადგილას გადავიდა. მომდევნო დღეს თავშესაფარი ირანის სპორტული დელეგაციის კიდევ ორმა ქალმა ითხოვა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე საათში გადაიფიქრა და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.